რამდენიმე დღის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას უკან მიჰყვებოდა სუსის სამი მანქანა.
პროკურატურა მაინც დუმდა.
სუსი დუმდა.
გუშინ, ნიკა გვარამიამ (“მთავარის” დირექტორი) გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ბაჩალიაშვილის მოთვალთვალე ერთ-ერთი მანქანით, რომლის ნომერიცაა WW-558-VV, “შავნაბადას” სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება” გადაადგილდებოდა.”
გუშინ მთელი დღე და დღეს შუადღემდე პროკურატურა დუმდა.
სუსი დუმდა.
დღეს, ნაშუადღევს პროკურატურამ განცხადება გააკეთა, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გეტყვითო, კიო, მიჰყვებოდა თამარის მანქანას უკან სუსის სამი მანქანაო, მაგრამო…. აი, შემთხვევითო, სულ შემთხვევითო, ისინი სულ სხვაგან მიდიოდნენ და უბრალოდ, რაღაც მონაკვეთზე შემთხვევით თამარის მანქანის უკან მოექცნენო!
ნაციონალური მოძრაობის წევრები და საზოგადოების ნაწილი, ხარაზიშვილს აფგან მუხთარლის გატაცებაში, თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებითაც აქვს ხარაზიშვილთან კითხვები.
ხელისუფლება კი ამასობაში ნაცებს ამთავრებს და ხარაზიშვილიც ამიტომ ჰყავს ალბათ დაწინაურებული.
აი, რას უყვებოდა “ალიას” ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნება” მოვიდა და გააგრძელა იმ კადრების დაწინაურება, რომლებზეც, საქმეები უნდა აღეძრა:
-მინდა გესაუბრებით ადამიანებზე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მთელი 9-წლიანი მმართველობის პერიოდში მთელი შეგნებით ემსახურებოდნენ წინა ხელისუფლებას, იქცნენ ჯალათებად და დღესაც ძალოვან უწყებებში მნიშვნელოვან თანამდებობებს იკავებენ.
მაქვს არაერთი მტკიცებულება, რითაც შემიძლია დავადასტურო, რომ პირებს, რომლებსაც დავასახელებ, შესაძლებელია, კონკრეტულ დანაშაულებში ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული.
მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ 2008 წლის სექტემბერში სოფელ დისევიდან გაიტაცეს ოსი ეროვნების ორი მოქალაქე და “მოდულის” შენობაში დასაკითხად წაიყვანეს. ისინი ერეკლე კოდუას ცემაში შემოაკვდნენ, რის შემდეგაც, ერეკლე კოდუას დავალებით, სოდ-ის სპეცღონისძიების სამმართველოს უფროსმა, ზვიად ხარაზიშვილმა, ჯიქიას ქუჩაზე მდებარე ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, დამარხა ამ ოსების გვამები.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფლობს ამ ბაზის თანამშრომელი გოჩა შარიქაძე. ამავე წლის სექტემბრის შუა რიცხვებში ოსი ეროვნების კიდევ ორი მოქალაქე აიყვანეს, სავარაუდოდ, ლენინგორის მაცხოვრებლები, როლებიც ასევე, დაიკითხნენ “მოდულის” შენობაში, შემდეგ აიყვანეს ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სოდ-ის ბაზაზე, ჩასვეს სამიზნედ განკუთვნილ “ბეტეერში”. ამ ადამიანების მიმართ გასროლა განახორციელა მებრძოლმა დავით ფიცხელაურმა, რომელიც მოგვიანებით ერთ-ერთი განყოფილების უფროსად დაინიშნა. გასროლის შედეგად, ვერ მოხერხდა აღნიშნული ორი მოქალაქის ლიკვიდაცია, რის შემდეგაც ეს პიროვნებები შეეცადნენ გაქცევას, თუმცა, მათი ლიკვიდაცია სოდ-ის სპეცჯგუფის მიერ მოხდა დანაყოფის მეთაურ ხარაზიშვილის ბრძანებით.
გვამები ჩამარხეს ამ “ბეტეერიდან” 20-30 მეტრში – ხელმარცხნივ.
2009 წელს აღნიშნულების გვამები ამოთხარეს ძაღლებმა. ხარაზიშვილის დავალებით, ჯანყარაშვილმა გვამები დაწვა და ნარჩენები იქვე დამარხა. ეს ჯანყარაშვილი ამის მერე დაინიშნა სამმართველოს შეიარაღების უფროსად. ამ საქმეებში ასევე მონაწილეობდნენ გოჩა შარიქაძე, მილერ ლაგაზური, სოსო წიკლაური, გულიჯან ლუბიანური, იაგო ახალკაცი. ესენი ჩვეულებრივი, რიგითი პოლიციელები იყვნენ.
– რატომ აიყვანეს ეს ადამიანები, რა ინფორმაციას ფლობთ?
– ვფიქრობთ, ეს ადამიანები აგვისტოს ომთან დაკავშირებული საკითხების თვითმხილველები არიან.
– რა თანამდებობაზეა დანიშნული ამ დროისთვის ზვიად ხარაზიშვილი?
ეს ადამიანი ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში დაინიშნა შს სამინისტროს სპეცდანიშნულების სამმართველოს უფროსად, გორში. ყველაფერი, რაც მე გითხარით, იმ დონის ინფორმაციაა, რომლის საფუძველზეც, მინიმუმ, გამოძიება უნდა დაიწყოს. ეს ადამიანები, პირველ ეტაპზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში თუ არ მიეცემიან, მინიმუმ, საქმეების გამოძიებამდე მაინც უნდა ჩამოშორდნენ თანამდებობებს. არ გამოვრიცხავ, ესენი და მათი მსგავსი ადამიანები, რომლებიც მთელი შეგნებით ემსახურებოდნენ დამნაშავე რეჟიმს, როგორც კი ხელისუფლებაში მობრუნებას დააპირებენ, ყველანაირ პირობებს შეუქმნიან. ამიტომაც მოვუწოდეს შს მინისტრს, რომელიც, ასე თუ ისე, ახალია, ყურადღება მიაქციოს ჩვენს ამ ინფორმაციას და გადაამოწმოს. მე კი ვადასტურებ, რომ ჩვენ მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ნამდვილი.
მას შემდეგ, ხარაზიშვილი კიდევ არაერთხელ დააწინაურეს! ასე მთავრდება “ნაციონალური მოძრაობა”, მოგყავს მისი ყველაზე ცუდი წევრები და აწინაურებ და აწინაურებ, რაც მეტად აწინაურებ, უფრო მალე მთავრდება.
ამა წლის 18 ივლისს კი, ხარაზიშვილის ავტომანქანა შემთხვევით, სულ შემთხვევით აღმოჩნდა, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის უკან სუსის კიდევ ორ მანქანასთან ერთად.
სულ რამდენი თანამშრომელი ისხდა ამ სამ მანქანაში, ამაზე კომენტარი პროკურატურას არ გაუკეთებია!
ალია
კომენტარები