საბიძინოს ამბები
მას შემდეგ, რაც „ალიამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქის მერიამ მომწამვლელი მცენარე, მსოფლიოს შხამიან მცენარეთა ათეულში შემავალი ოლეანდრა რუსთაველზე დარგო, „ოცნების“ მხარდამჭერები პოსტებს პოსტებზე წერენ – „არ ჭამოთ, ნუ მოძოვთ და არ დაიწამლებითო…“
ჩვენ რა გვეტყობა ნაძოვების, ბატონებო და ქალბატონებო, ნაძოვების იმათ ეტყობათ, ვინც იცოხნება.
საქონელი მას შემდეგ იცოხნება, რაც კვებას მორჩება, წევს და იცოხნება, რომ უკვე ნაკვები მარტივად მოინელოს, ასეა მიწოლილი ოთხ წელზე მეტია თითქმის მთელი პარლამენტი და იცოხნის… იცოხნის და იმდენი აქვთ ნაჭამი, ვერა და ვერ მოინელეს მაინც…
ასეა გადაწოლილი შსს და იცოხნის, 13 წლის ბიჭი ილია ფილფანი, 18 ივლისს დაიკარგა, დაითვალეთ რამდენი დღე გავიდა! საქმე აღძრულია, თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით და არაფერი – არც ერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაუსახელებია შსს-ს, არც ერთი ექპერტიზა, თუნდაც იმ მანქანების, ვინც იმ დღეებში დატოვა ლენჯერი, არც ერთი ვერსია არ გაუჟღერებია.
პროკურატურა ამასობაში, შსს-ს იცოხნის, რადგან, უკვე ნაჭამი აქვს პროკურატურას შსს და ახლა მონელებას ცდილობს… თან ისე კარგად აქვს ნაჭამი, რომ უკვე მეორე კვირაა, ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიების გაჭიანურებას და გაფუჭებას, შსს-ს აბრალებს და შსს ხმას არ იღებს, ერთი სიტყვითაც არ ამბობს, პროკურატურაა ჩემი ზედამხედველი ორგანო და მე როგორ გავაფუჭებდი მის გარეშეო – ან, იქნებ იძახის კიდეც, მაგრამ მისი ხმა, ცოხნასა შინა იკარგება…
ყველგან ცოხნა და ცოხნაა, მთელ ქვეყანაში ამათი ცოხნის ხმა ისმის, ერთი ნათელი არდაბაგიც კი არსად ჩანს და ამათ კიდევ, თქვენ ოლეანდრა არ მოძოვოთ და არ მოიწამლებითო… ყველაფერი გადაძოვეს, რისი გადაძოვაც შეიძლებოდა და ახლა ჩვენ დაგვცინიან, ნუ მოძოვთ საწამლავსო…
ქირურგი ეუბნება თავის პაციენტ რაჭველს:
-თავიდან მიმიწევს შენი გაკვეთა, იმიტომ, რომ შენს მუცელში ცალი ხელთათმანი დამრჩა.
-მაგიზა ნუ გამჭრი, ექიმო, დავდგები ფეხზე და ახალ ხელთათმანებს გიყიდი!..
გქონდეთ, კაცო, ეგ მომწამვლელი მცენარე რუსთაველზე, ჩვენ ახლა მაგის ძოვასაც ნუ გვაიძულებთ და გქონდეთ, დავდგებით ჩვენც ოდესმე ფეხზე, გაგყრით, ერთსაც და მეორესაც და რამდენიც გენდომებათ, იმდენ შხამიან მცენარეს გიყიდით და დაგირგავთ თქვენ ეზოებში…
შვილი ჭიაყელა მამა ჭიას ეკითხება:
-მამი, მამი, ბალში ცხოვრება კარგია?
-კი შვილო.
-ვაშლში ცხოვრება?
-კი შვილო.
-ატამში ცხოვრება?
-კი შვილო.
-აბა, იქ თუ ასე კარგია, ჩვენ ნეხვში რატომ ვცხოვრობთ?
-ეჰ შვილო, სამშობლოს არ ირჩევენ.
ხო, ასეა, სამშობლოს არ ირჩევენ, მთავრობას ირჩევენ!
წალკოტში რომ ცხოვრობდი და წელზე ხანჯალი გერტყა და დამბაჩა გქონდა გარჭობილი, რათა ცოლის გამბახებლისთვის, სახლის წარმწყმედისთვის, შვილის მკვლელისთვის პასუხი გაგეცა, იმ ხალხის სამშობლო ნეხვი როდის გახდა, როდის და როგორ გამოგვეპარა? როდის შევეჩვიეთ ნეხვში ცხოვრებას, რომ არა და არ გვაწუხებს სუნი, როდის შევეჩვიეთ ნეხვში ცხოვრებას, რომ არა და არ გვიკვირს უსამართლობა, რომ არა და არ გვადგება გულზე გამხმარი პურის ლუკმა, რომ არა და არ ვითხოვთ, ხალხის აზრი იქცეს საქმედ და არა ნეხვად!
თუ მამაკაცი ცდილობს, დურბინდით დაინახოს შიშველი ქალი მოწინააღმდეგე კორპუსში,
ე. ი. მას სახლში არა აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი.
მარტო ვირტუალურ სამყაროში ვცდილობთ ნეხვიდან ამოსვლას, მარტო იქ ვართ დიდ გულზე, მარტო იქ ვართ გინების ხასიათზე, მარტო იქ გვიწყდება მოთმინების ძაფი, მარტო იქ ვართ სამართალმოყვარე…
8 წელია ოცნების მხარდამჭერები სამართლის ასრულებას ითხოვენ ხელისუფლებისგან, კაცად-კაცადი ითხოვს სამართლიანობას სოციალურ ქსელში და ყოველი არჩევნების წინ წერენ, რომ სისხლიანი ნაცები არ უნდა დაბრუნდნენ, იმიტომ, რომ ჯერ უნდა გავასამართლოთ, თურმე…
თუ ასე გადამწყვეტია სამართლიანობა, თუ ასე გჭირდებათ სამართლიანობა, თუ ასეთი სისხლიანი არიან „ნაცები“ (და არიან!) და დამტკიცება შეგიძლიათ (მხოლოდ „ალიაში“ გამოქვეყნებული უამრავი მასალა დაგეხმარებათ ამაში) და არ აკეთებს პროკურატურა, ერთხელ, გამოდით და მოითხოვეთ, რა გაჩერებთ სახლებში? რა ელოდებით? გაივსო „ნაცებით“ „ოცნება“ და ვინღა დარჩა „ნაცებში“ დასასჯელი? ვინღა დასჯის „ნაცებს“? „ოცნებაში“ გადასული „ნაცები“? სამართლის ასრულებას თუ არ ითხოვთ, არ გდომებიათ ამ სამართლის ასრულება, არც ისე ძალიან გდომებით, როგორც წერთ, თორემ, რა დაგაძინებდათ, რა გეოლენადრებოდათ?
ხო, ოლეანდრობას და მის მოძოვას, გამოეხმაურა სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომელი, შორენა სიხარულიძეც! ვეტერანებს ამ ქვეყანაში 22 ლარი აქვთ დახმარება და ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურს ოლეანდრასთვის სცალია, კახა კალაძის სისულელის დაცვისთვის სცხელა!
–ბატონო გენერალო! ხედავთი ზინაიდა მტრის რიგებისაკენ ხოხვით მიიპარება! ნება მომეცით, ვესროლო.
-შეეშვი. ეგ ჩვენი ბაქტერიოლოგიური იარაღია.
ხელისუფლებამ მესტია და ლენჯერი ჩაკეტა, თბილისიდან ჩაიტენს ვირუსიო, გვითხრა. სულ კაცად-კაცადი ჩაამწკრივა მესტიაში და ლენჯერში და ანალიზი აუღო, 3509 ტესტი აიღო და 33 ინფიცირებული გამოავლინა.
ქვეყანამ, რომელსაც 4400 საწოლი აქვს მზად, რომ ჰკითხო, კოვიდინფიცირებულებისთვის, 33 ინფიცირებული გამოავლინა და ჩაკეტა ლენჯერი და მესტია.
უეჭველად ზინაიდა ავიდა მესტიაში, თორემ, ვინც თბილისიდან აიტანა იქ ვირუსი, იმას ვისგან გადაედო თბილისში? – თბილისში რატომ არ გვყავს ინფიცირებულები?
რაღა მაინც და მაინც ლენჯერში აღმოჩნდა ვირუსი, იქ, სადაც 13 წლის ილია ფილფანი დაიკარგა და სოფელი გზის გადაკეტვას აპირებდა, რადგან მცხონელი შსს-ს ყურება მოსწყინდა?
გავსებულია ქობულეთი და ბათუმი დამსვენებლებით და კილომეტრიანი რიგი დგას დენდროლოგიურ პარკთან, ათასობით ადამიანი დგას რიგში, მაგრამ დენდროლოგიური ვირუსს გამძლეა, როგორც ჩანს. ბატონო ბიძინა, ცოტა ხანი, დაგვასახლეთ ჩვენც დენდროლოგიურ პარკში და აღარავის დაგვემართება ვირუსი, საზღვრებსაც გავხსნით და ფრენაც აღდგება, ტურისტიც შემოვა და ეკონომიკაც ცოტათი ამოისუთქებს. რა ვქნათ, არც მილიონი დაურიგეთ ყველა სოფელს და არც 100 ქარხანა ააშენეთ და ერთადერთი მამოძრავებელი ეკონომიკის ტურისტი ყოფილა, ამ განეხვებულ ქვეყანაში…
სვანეთს თვითმფრინავი გადაუფრენს და საკენკს დაუყრიან, მოვიშინაუროთო
– მალე მთელი საქართველო ამ დღეში ვიქნებით. ყველა მსოფლიოს თავზე თვითმფრინავები დაფრინავს, მარტო ჩვენი ცაა მოტიალებული. არადა, ასეთი უნიკალური, ანტივირუსული დენდროლოგიურის პატრონთ, ფრენამ როგორ უნდა შეგვაშინოს, არ ვიცი.
ამბობენ, არჩევნების წინ, დესანტი ზინაიდა, ბაქტერიოლოგიური იარაღი ზინაიდა, ბევრ რეგიონში შეაღწევსო, ამბობენ, ბევრი რეგიონი ჩაიკეტებაო, ვნახოთ, არჩევნები და ოქტომბერიო…
სიძე სიდედრს:
-ძვირფასო! ნუ გადიხარ აივანზე ბანაობის შემდეგ, თორემ, როგორც ყოველთვის, გაცივდები და არ მოკვდები.
გამძლენი აღმოვჩნდით ქართველები, კორონავირუსიც არ გვკლავს, ვცივდებით და არ ვიხოცებით. ჩვენი დახოცვის იმედი ამოეწურა მთავრობას, ამიტომ, ახალი გზა მოიფიქრა არჩევნების მოსაგებად – არჩევნები „პოსლეზე“.
გადაძახებები ჩემ ეზოში:
-ნოემბერში, დეკემბერში და იანვარში კომუნალურებს არ გადაგახდევინებთო…
-და თუ წავაგეთო?
-თუ წააგეს, ვინ მოგცემთ, დაემშვიდობეთ.
ნუ გეშინიათ, ხალხო, არ არსებობს ქვეყნად პარლამენტი, რომელიც ნოემბერში იმის თქმას გაბედავს, „ოცნების“ დაანონსებულ კომუნალურ შეღავათებზე უარს ვიტყვიო, ამიტომ, ვისაც გინდათ, იმას მიეცით ხმა, „პოსლეზე“ ვინ რას იძლევა, ჩვენ რომ მივცეთ?
უკმორეწყდომა შაქარაშვილის საქმეში – ღიმილის გარეშე წასაკითხი თავი
მართალია, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმის გახსნა დაანონსა, მაგრამ, სამედიცინო ექსპერტიის გარდა, როგორც თავად გიორგი ბიძა, მირიან ნიკოლაძე გვიყვება, არც ერთი ექსპერტიზის პასუხი არა აქვთ ხელთ.
სამედიცინო ექსპერტიზა კი ისაა, ცხედრის დათვალიერების ოქმთან თანხვედრაში რომ არ არის და ცხედრის დათვალიერების ოქმიც სამხარაულის ექსპერტის შედგენილია. ოქმის მიხედვით, შაქარაშვილის სხეულს გვამური გაშეშება აღენიშნებოდა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი არ აღენიშნებოდა. დასკვნაში კიდევ სხვა დეტალებიცაა, რომლებსაც სადაოს გახდიან პროცესზე ადვოკატები და საერთოდ, გაიზიარებს თუ არა სასამართლო დასკვნას, ვინ იცის. რომც გაიზიაროს, სასამართლო დასკვნა, იმასაც კი ვერ ამბობს, ზუსტად, რომ გიორგი მოკლულია, ხოდა, რის მიხედვით, წაუყენა ბრალი პროკურატურამ ბრალდებულებს? და რატომ წაუყენა ბრალი სხვა ექსპერტიების პასუხების მოსვლამდე? არის თუ არა აღმოჩენილი, რომელიმე ბრალდებულის ტანისამოსზე გიორგის დნმ-ის კვალი? – ამ კითხვაზეც, ბატონმა მირიან ნიკოლაძემ, გვიპასუხა, რომ არც ამ ექსპერტიზის პასუხია ჯერ ცნობილი.
რჩება ამირხანაშვილის ჩვენება, რომელიც ასევე ძალიან ბუნდოვანია, მეხუთედ შეცვლილ ჩვენებაში ამირხანაშვილი ჰყვება, რომ თუ სწორად ახსოვს, გაიგონა სიტყვები, რომ „დავადეთ, დამკაში იყო უკვეო“, ამირხანაშვილის თვენახევრის მერე გაახსენდა ისიც, რომ „ტოიოტას“ მგზავრებმა მას ჰკითხეს, ისევე კარგად იციან ცურვა, როგორც სირბილი?
ამირხანაშვილი იმის თქმასაც ვერ ბედავს მეხუთე ჩვენებაში, რომ რომელიმემ გიორგის სახელი ახსენა… არადა, იმ ღამით, ჩვენებების მიხედვით, მხოლოდ გიორგი დარბის სწრაფად, ეს ირიბი ჩვენებაა და არა პირდაპირი, მით უფრო, რომ ამირხანაშვილი იყენებს ფრაზას – თუ სწორად მახსოვს.
მიუხედავად იმისა, რომ ეს არაა პირდაპირი სამხილი, პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ მისთვის გრიფით საიდუმლო დაედო და ამ ჩვენების გასაჯაროება აეკრძალა. როგორც „ალიას“ წყარომ ექსკლუზიურად მოგვაწოდა ინფორმაცია, თავად ამირხანაშვილი ითხოვდა, არ გასაჯაროებულიყო მისი ჩვენება და ამბობდა, რომ თუ ნახალოვკელებს ხელს დაადებდა, არ აცოცხლებდნენ.
როგორ დაითანხმა პროკურატურამ ამირხანაშვილი, უცნობია, მაგრამ პროკურატურამ ამირხანაშვილთან დადებული სიტყვა არ შეასრულა და ბიჭის მეხუთე ჩვენებაც გასაჯაროვდა. რა ემუქრება ახლა ამირხანაშვილს, უცნობია, მაგრამ როგორც ჩვენი წყარო გვიყვება, ჯერ მას ხელს არავინ ახლებს და პროკურატურამ, ამითი მას აჩვენა, რომ აი, მისი ჩვენება კი გასაჯაროვდა, მაგრამ მას არაფერი ემუქრება, ამიტომ, მან მეტი უნდა თქვას სასამართლოზე, როგორც წყარო გვიყვება, ამირხანაშვილმა სასამართლოზე პირდაპირ უნდა დაადოს ხელი გიორგის მკვლელობაში 5 პირს.
რატომ არის ახლა ეს უკმორეწყდომა შაქარაშვილის საქმეში?
გამოიძიების ნაცვლად, ერთი მოწმის ჩვენებაზე აგებული ბრალი, ისე რომ დღემდე არ ვიცით და ვერ დადგინდა შურისძიების ზუსტი მოტივი, მთლად მყარი ვერ იქნება და კითხვებსაც დატოვებს.
ფაქტია, მდევრებმა, გვერდი აუარეს გზიდან გადასულ და დამალულ დანარჩენ ბიჭებს და შაქარაშვილს გაეკიდნენ, ფაქტია, მას შემდეგაც კი, რაც იპოვეს ამირხანაშვილი, იგი არ უცემიათ, ესე იგი, ეს რაღაც იმაზე მეტი იყო, ვიდრე ჩხუბი, სადაც, როგორც გვიყვებიან, შაქარაშვილი არ გარეულა.
ერთ-ერთი ბრალდებულის მამა იმასაც ჰყვება, რომ ამირხანაშვილი და შაქარაშვილი ერთად იყვნენ, როცა ისინი მდევრებმა იპოვნეს, თუმცა, ბიძა ამას უარჰყოფს.
თუ პროკურატურა იმის დამტკიცებას ეცდება, რომ ამირხანაშვილმა მანქანასთან, ან მანქანაში, „ტოიოტას“ მგზავრებისგან გაიგო გიორგის ცემის, ან მოკვლის შესახებ, მაშინ გამოძიებას მეექვსე მგზავრის, მძღოლის იგივე მუხლით დაკავება მოუწევს, რადგან, ისიც გაიგონებდა ამ საუბარს და ამირხანაშვილის დაკავებაც საჭირო გახდება, მინიმუმ პოლიციისთვის შეუტყობინებლობის, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის დატოვებისათვის. აკი, ამირხანაშვილი ამბობს, რომ გიორგი არ ეგონა ნაცემი და ამიტომ არ დარეკა ოჯახში.
უცნაური ის არის, რომ ამირხანაშვილმა 2 აგვისტოს მისცა ეს ჩვენება, ჩვენ ამ ჩვენების შემდეგ ვესაუბრეთ ბიძას, რომელიც გვეუბნება, რომ სჯერა გურამის ჩვენებების. როგორ შეიძლება გჯეროდეს, რომ ამირხანაშვილს ჯერ კიდევ მანქანაში მიანიშნეს გიორგის დახრჩობაზე და პარალელურად იმის გჯეროდეს, რომ ამირხანაშვილს გიორგი კარგად და ჯანმრთელად ეგონა და ამიტომ არ დაურეკა ოჯახს? – ამაზე პასუხი არ გვაქვს.
რაც შეეხება სისწრაფეს – რატომ ჩქარობს პროკურატურა? – მალე არჩევნები მოდის, კანდიდატთა წარდგენის და სიის დასახელების დრო იწურება, საქმესთან კავშირში ყველა პირი, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, თავისუფალი უნდა იყოს მორალური პასუხისმგებლობისგან, საქმე გახსნილად უნდა ჩაითვალოს.
თუმცა, ყველა „გახსნილი“ საქმე როდი დამტკიცებულა გახსნილად სასამართლოზე, ასე ხორავას საქმეზე თავად მთავარი პროკურორი და მაშინდელი შს მინისტრი გვიმტკიცებდნენ გახსნილიაო, თუმცა, სასამართლოზე რა დამტკიცდა? – შეგახსენებთ, მაშინ სასამართლოზე დამტკიცდა, რომ კი, დათუნა სარალიძე მოკლულია, მაგრამ ვერც ერთ მკვლელს ვერ დაუმტკიცა გახსნილი საქმიდან ბრალი პროკურატურამ, მოკლული იყო და მკვლელი არ არსებობდა!
ისე ნუ იზამთ, არჩევნები უკან დაგრჩეთ.
ისე ნუ იზამთ, არჩევნებიდან ერთ-ორ თვეში კინწისკვრით გაგაგდოთ.
ისე ნუ იზამთ, ცოხნას გადაჰყვეთ…
მოინელეთ, რაც ჭამეთ და ძოვეთ!
თორემ, ზოგჯერ ნეხვშიც კი პოულობენ ნათელ არდაბაგს… მატლებიც კი ადიან ნეხვიდან ზოგჯერ ვაშლში და ატამში!
არდაბაგი – სარკმელი
კაცად-კაცადი – თითოეული
უკმორეწყდომა – უკან დახევა
თამო კეშელავა, ალია №30
კომენტარები