მაშინ, როცა სოხუმში, გაგრაში, სეპარატისტების მიერ ჩამოგდებულია შოთა რუსთაველის ძეგლები და ბიუსტები, როცა ლიძავაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლი ცეცხლს მისცეს, თბილისში დიმიტრი გულიას ძეგლის მთლიანად რეკონსტრუქცია მოხდა; მაშინ, როდესაც ოჩამჩირეში გიორგი მესამის ფრესკა დაამახინჯეს და წმ. ილორის სახელობის უძველესი ქრისტიანული ტაძრის გუმბათი ჩამოაგდეს და გაანადგურეს; მაშინ, როცა ქართველი მეფეების ფრესკები გადაღებეს, რათა ქართველი მეფეების აფხაზეთთან კავშირის კვალი წაშალონ; მაშინ, როცა ბესლეთის ხიდზე თამარის დროინდელი წარწერა წაშალეს და მიზანმიმართულად ხორციელდება აფხაზეთში ქართული კულტურის ძეგლების განადგურება; მაშინ, როცა ტყვარჩელში კინოგადაღების ცენტრი დააარსეს და იქ რუსეთის კინომოღვაწეთა კავშირმა რამდენიმე უცხოელი კინორეჟისორი ჩაიყვანა, რადგან მათ გაველურებული ბუნება მოეწონათ (ტყვარჩელიდან ქართული მოსახლეობის გაძევებული შემდეგ იქ ბუნება გაველურდა და ეს მოეწონათ უცხოელ კინომოღვაწეებს); მაშინ, როცა შოტლანდიის ქალაქ კალმარნიკის ცენტრში სეპარატისტებმა დადგეს ქვა სეპარატისტული სიმბოლიკებით და ზედ დააწერეს, სოხუმს ქართული მხარე ბომბავდაო, ამის შემდეგ, შენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებავ და აფხაზეთის მთავრობავ, ჩუმად რომ ხარ და არ მიმართავ არც იუნესკოს, არც რუსეთის კულტურის სამინისტროს, არც უცხოეთის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიოში ცნობილ მსახიობებს და რეჟისორებს, რათა შენი პატრონები არ გაანაწყენო და ამ პანდემიის დროს საქართველოს მწერალთა კავშირთან და აფხაზეთის მთავრობასთნ ერთად ღონისძიებებს აწყობ, რადგან სახელიც გინდა და სახრავიც. ამ დროს ჩადიხარ ზუგდიდში, იმ შერჩეული მწერლების ამალასთან ერთად, რომლებსაც წლებია, რეჟიმები დაატარებენ თავიანთ ნებაზე, ხოლო იმ უდიდეს ნაწილს ქართველი მწერლებისა, რომლებსაც გულით უნდათ, უწამლონ სამშობლოს, მაგრამ წამლის ფული თავადაც არა აქვთ, ახლოს არ იკარებ. ისინი სისტემამ შიმშილისთვის გაიმეტა… და ასეთ მოცემულობაში პუტჩისტ რეჟისორ გოგა ხაინდრავას აფხაზეთზე ფილმის გადასაღებად 100 ათასს ურიცხავ, არადა, როცა ტირანმა შევარდნაძემ გოგა ხაინდრავას გაგრის ზონა ჩააბარა და მერე დანიშნა აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრად, რასაც შემდეგ მთლიანად აფხაზეთის დაპყრობა მოჰყვა. ჰოდა, ასეთ კაცს ურიცხავ 100 ათასს და, რომ გაგიგებენ, მერე უკან იხევ, რათა მოახლოებულ არჩევნებში პოლიტიკურმა პარტიებმა ამაზე არ წამოგიკიდონ, შეშინებული ცოტა ხანს „მარხვაზე“ გადადიხარ, სანამ ეს ბურჟუაზიული არჩევნები ჩაივლის, და მერე ისევ ხროვა-ხროვა შეესევით საქართველოს ბიუჯეტს. თუმცა ნათქვამია, კოკა წყალს ყოველთვის არ მოიტანსო, ამიტომ ძალიან ნუ გათამამდებით! აგერ, დევნილთა ახალგაზრდულმა საზოგადეობამ მოითხოვა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის გადადგომა. სწორედ, ამ ახალგაზრდულმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა რუსლან აბაშიძის ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, აფხაზეთის ომის დაწყება ჩვენი იმდროინდელი საზოგადოების პოლიტიკური უგუნურების გამოვლენა იყოო – ჩვენ გვაბრალებს. ვინც ასეთ ყალბ შეფასებებს გააკეთებს, ყველა ფეხებით არის დასაკიდი. ჩვენი საზოგადოება მართლა თავის ადგილზე რომ იყოს, ასეთები არ იქნებოდნენ თანამდებობებზე. მანამდე ის „ნაციონალების“ ელჩი იყო ესტონეთში. მას რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობაზე დასდეს ბრალი და იქიდან გამოიწვიეს. ამაზე წერდა „ალია“. ეტყობა, იმიტომ იძახდა გოგა ხაინდრავა, ვინც ფულს არ გადმორიცხავთ, ყველანი რუსეთის აგენტები ხართო. ერთი საბჭოთა ლიტერატურული პერსონაჟის არ იყოს, მომეცით მილიონი, თორემ შეგაფურთხებთო. გოგა ხაინდრავას ფული თუ არ ჩაურიცხეს, ფურთხებაზე გადავა. ხომ ხედავთ, ყველას აგენტს იძახის, ვინც მას ფულს არ მისცემს. ისე, ფრთხილად იყავით, აფხაზეთის მთავრობის გასაგონად ვამბობ, გოგა ხაინდრავამ ჩასაფრება იცის. მაინც ერიდეთ მეტეხის ხიდთან გავლას. რუსლან აბაძიძე პოლიტიკურად კი იშვილა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ ეს არ უშველის მას. ამ პოლიტიკურმა აფერისტებმა პასუხი უნდა აგონ მთელი სიმკაცრით, რადგან გაღატაკებული მოსახლეობის მიერ სიმწრით გადახდილი გადასახადებიდან იღებენ თანხებს და მავნებლობენ, მერე კი ერთმანეთს აბრალებენ, ისე როგორც რუსლან აბაშიძემ გაიშვირა ხელი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ როლანდ ნიჟარაძის მიმართ, მე რას მეკითხებით, წადით და იმას მიაკითხეთო. ნიჟარაძე რომ ამ ფულის ჩარიცხვას აბაშიძის ბრძანების გარეშე ვერ გაბედავდა, ამას ბავშვიც კი მიხვდება. აი, კიდევ ერთი პოლიტიკური აფერისტობის მაგალითი. რომ გამოძვრნენ, ამისთვის ერთმანეთს აბრალებენ, იმან ქნაო. ნიჟარაძეს თუ უნდა, პოლიტიკოსის სახელი ერქვას და პრეტენზია აქვს სახელმწიფო მოღვაწეობაზე, წესით, უნდა გადამდგარიყო მინისტრის თანამდებობიდან. მაგასაც ახლა საფრანგეთისა და გერმანიის მთავრობის მინისტრი ხომ არ ჰგონია თავი? მასთან დაკავშირება მობილურზე ვცადე, მაგრამ ამაოდ. გამინისტრებამდე ვინ იცის, რამდენჯერ მირეკავდა და რაც მინისტრი, გახდა, ზარებს არ პასუხობს, რადგან ეშინია სიმართლის თქმის. მას ეტყობა, ხაინდრავასიც ეშინია. იცის კარგად, რომ ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილის სასახლის კარის ერთ-ერთი გავლენიანი „ტრუბადურია“. ამ ჩახლართული საქმის გასარკვევად აფხაზეთის მთავრობის პრესცენტრის ხელმძღვანელისთვის, პირწავარდნილ ნაციონალ ნინო კვარაცხელიასთვის შემეძლო მიმემართა, მაგრამ მან უკვე გაავრცელა ფეისბუქით ინფორმაცია, რომ ეს იყო მხოლოდ გაუგებრობა და თანხის ჩარიცხვა 2020 წელს არ მოხდებაო.
რაც შეეხება აფხაზეთის თემაზე ფილმის გადაღებას, ჯერ კიდევ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელად რუსლან აბაშიძის დანიშვნამდე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო ცენტრმა შექმნა ფილმები „მუხაჯირებზე“ და „რუხის ციხესთან“. ეს ფილმები ინგლისურად ითარგმნა და ჟენევაში მოხდა მათი ჩვენება. ამ ფილმების გადაღებაზე ბევრი იღვაწა მწერალმა მაყვალა ბერიანიძემ, რომელმაც ინტერვიუზე უარი მითხრა და ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა. ფილმები „ჩემი წიგნების“ სიუჟეტის მიხედვით იქნა გადაღებული. მოთხრობილია, რომ ომის შემდეგ სოხუმის მერიის თანამშრომელი ქართველების რძალი გახდა. ფილმები საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში იქნა ნაჩვენები. ამ ფილმების გადაღებაზე ერთი ლარი არავის დაუხარჯავს ბიუჯეტიდან. ჰოდა, მანამდე, სანამ გოგა ხაინდრავასთვის 100 ათასის ჩარიცხვა-არჩარიცხვაზე იქნებოდა ატეხილი ამბავი, ორი ავტობუსით, აფხაზეთის მთავრობის მხარდაჭერით, ჩვენი ანუ ბიუჯეტის ფულით, ცნობილი ქართველი მწერლები ჩავიდნენ ზუგდიდის ფესტივალზე. როგორც შევიტყვე, ფესტივალზე საერთოდ არ უხსენებიათ ის ფაქტი, რომ სოხუმში შეკრებილ ერთ-ერთ ჯგუფს სეპარატისტებმა გააკეთებინეს ასეთი განცხადება: აზერბაიჯანმა უარი უნდა თქვას მთიან ყარაბაღზე, ხოლო საქართველომ – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. ფესტივალის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სიტყვა არ დაუძრავთ ამ დანაშაულებრივ განცხადებაზე. ალბათ, როგორც ეტიკეტი მოითხოვს, როცა ჭამენ, არ ლაპარაკობენ…
ზუგდიდში სტუმრად ჩასულ მწერლებს შორის აღმოჩნდა ყველაზე მებრძოლი ეროვნული ჟურნალი „ისინდის“ რედაქტორი მწერალი იკა ქადაგიძე, რომელმაც ინტერვიუ მისცა „ალიას“.
-ქალბატონო იკა, მწერალთა კავშირის მიმართ თქვენ კრიტიკულად ხართ განწყობილი. როგორ მოხვდით იმ მწერალთა და პოეტთა რიგებში, რომლებიც შეარჩიეს?
-მე იშვიათად დავდივარ ასეთი სახის ღონისძიებებზე. პოეტ ლიანა ნაროუშვილმა მიმიწვია. მისი პროექტი იყო. გეთანხმებით იმაში, რომ ვაკრიტიკებ მწერალთა კავშირის პოლიტიკას, შერჩევითობის პოლიტიკას. მათი მხრიდან იყო გადმობირების მცდელობა. ცდილობენ გაგაჩუმონ. ამიტომ სამი წლის წინ დავაარსე ლიტერატურული ჟურნალი „ისინდი“, სადაც ვამბობ სიმართლეს. ჟურნალი პოლონეთში დამკვიდრებულ ქართველთა სათვისტომომდე მივიდა და ჩვენმა პოლონელმა თანამემამულეებმა საუკეთესო ჟურნალად დაასახელეს. ეს ჟურნალი ასევე ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ავსტრიაში. რაც შეეხება ჩემს მიწვევას ზუგდიდში, ფესტივალზე, იმ მწერალთა თანავარსკვლავედში, სადაც იყვნენ ცნობილი მწერლები: რეზო მიშველაძე, ტარიელ ხარხელაური, ზაალ ბოტკოველი, ბაღათერ არაბული და უფროსი თაობის ადამიანები, ერთმანეთს 22 წლის შემდეგ შევხვდით. რადგან, როგორც ვთქვი, მე სხვა დროს მწერალთა კავშირის მესვეურებს არასდროს მივუწვევივარ.
-ქალბატონო იკა, ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ დღეს, როგორც საზოგადოებაა დაყოფილი მდიდრებად და ღარიბებად, მჩაგვრელებად და ჩაგრულებად, ისეა დაყოფილი მწერალთა კავშირიც. უმცირესობა ფულის კეთებითაა დაკავებული, უმრავლესობას კი გადარჩენის პრობლემა აქვს. რას იტყვით ამაზე?
-ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ ტოტალური გაყალბება ხდება ქვეყანაში. ჩვენ დღეს უმცირესობაში ვართ. ამდენს გაბედავენ ან მწერალთა კავშირის მესვეურები ამ ვინმე, ხელისუფლების პოლიტიკა რომ ქვეყნის განვითარებისკენ იყოს მიმართული? ზვიად გამსახურდიამ იწინასწარმეტყველა, რომ ლიბერალური პოლიტიკა საქართველოს გაანადგურებდა და მან ყველაზე ადრე განჭვრიტა ის, რასაც ახლა ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი ამბობს. ამას ზვიად გამსახურდია 30 წლის წინ ებრძოდა და ასეთი დიდი ადამიანი მოაშორეს ქვეყანას, რაშიც ბევრ მწერალსა და პოეტს უდიდესი წვლილი მიუძღვის.
-ქალბატონო იკა, თქვენს ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა რამდენიმე წერილი: „მეგრული შთაბეჭდილებები“, „მიგრანტების ბაღის ფესვები“, „ხიბულა“, „ენგურის ხიდთან“. საინტერესოდ წერთ მეგრულ სტუმართმოყვარეობაზე. გვიამბეთ თქვენი მეგრული შთაბეჭდილებების შესახებ.
-თხრობის თანმიმდევრობას არ დავარღვევ. ჩვენი მკითხველის თმენის უნარი ხომ ისევე უსაზღვროა, როგორც ფულიჭამია მთავრობის სულწასული სწრაფვა ყბადაღებული არჩევნების მოსაგებად. სამეგრელოში ეს ჩემი რიგით მეორე ვიზიტია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარშრუტი ისტორიულ ხიბულაში, მოწამე პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახლმუზეუმის მონახულება. მე ჯერ კიდევ ჩემი ჟურნალის დაარსებამდე გავაკრიტიკე ზვიად გამსახურდიას უსამართლო შეფასება და მისი ღვაწლის გაყალბებისთვის ცნობილი ამერიკელი მეცნიერის სტივენ ჯონსის ტენდენციური ლიბერასტული ნაშრომი „საქართველოს უახლესი პოლიტიკური ისტორია დასავლურად“. წიგნის ავტორს მკაცრად მივუთითე, მოწამე პრეზიდენტთან მიმართებაში ცილისწამების გავრცელებისა და ფაბრიკაციის უფლება რომ არ გააჩნდა. ქართველმა ისტორიკოსებმა შემომითვალეს, რომ ჩემს წინ ქედს იხრიდნენ, რადგან ის, რაც მათ ვერ გაბედეს, მე უყოყმანოდ გავაკეთე. უცხოელებს ვუჩვენე, რომ მათი ფინანსები და რეგალიები არ მაშინებდა. შემდეგ გავამზადე მწვავე წერილი „სოს ხიბულა“. წიწამურთან ერთად ხიბულა ჩვენი დროის ყველაზე დიდი ქართველის დრამატული აღსასრულის საიდუმლოს პირქუშად ინახავს. მე ვთქვი მოკლედ: ვისაც ზვიადთან შეეშალა, მას საქართველოსთან შეეშალა! რეზო მიშველაძე განცალკევებით იდგა ზოგიერთ მწერალთან ერთად და გაუჩერებლად ლაპარაკობდა. წესით, ყველა ერთად უნდა შეკრებილიყო. ჩვენ ხომ ჩვენი მოწამე პრეზიდენტის სახელს ვახსენებდით, რაც ერთიანი საქართველოს სიმბოლოა. როდესაც ბ-ნ რეზოს ჰკითხეს, რატომ არ შემოგვიერთდა, უკმაყოფილოდ შენიშნა, მე არ გამომაცხადესო. არადა, იმპროვიზაციულ საღამოზე, რომელსაც არც წამყავნი ჰყავს და არც გზამკვლელი, საგანგებო სიას არავინ ადგენს და არც პრემიების მიხედვით შერჩეულ საპატიო გამომსვლელებს ნომრავს. და თუ არა ამ საოცარ ალაგას, მწერლების დაქსაქსულობას ბოლო სად უნდა მოღებოდა? თუ გული გულობს, წრფელი სიტყვა გულიდან თავისით მოედინება. მოწამე პრეზიდენტის გატანჯული სახის წარმოდგენისას გული მეკუმშებოდა, მტარვალთაგან დევნილი აქ გამომწყვდეული რომ იყო. ალბათ, სიკვდილს რამდენჯერ გაუსწორა მზერა! ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ანაზდად ფეხი დამისხლტა და წინ გადავქანდი. ზუსტად ამ დროს შემხვედრად წითელი ფერის მანქანა მთელი ძალით მოქროდა. ისე ელვისებურად მოხდა ყველაფერი, ვარდნისას მივხვდი, ზედ გადამივლიდა, რადგან პირდაპირ ბორბლებში ვუვარდებოდი. მძღოლმა ბოლო წამს მანქანის დამორჩილება შეძლო, მანქანა არ შემხებია.
-ქალბატონო იკა, ღმერთმა გადაგარჩინათ და რა სიმბოლურია, რომ ეს ხიბულაში, ზვიადის სახლმუზეუმთან მოხდა.
-თემურ ჩალაბაშვილი მომვარდა და ეს სიტყვები წარმოთქვა. სახეზე ფერი არ ედო. ქეთი შენგელია და ირმა შიოლაშვილი ხმაამოუღებლად მიმზერდნენ. მტრული დუმილის სურნელმა ჩემზე ცივი შხაპივით იმოქმედა. ამ დროს სამშობლოს სიყვარულზე რამდენ ლექსს წერენ და აქვეყნებენ. ადრე ამგვარი გულცივობისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ახლა, როდესაც სიკვდილს თვალებში ჩავხედე, ჩემმა კოლეგებმა ფორმალურად მაინც, თავაზიანობის მიზნით, შესაფერისი სიტყვაც კი არ შემომაშველეს, ისე მომაჩერდნენ. განსაცდელის დროს მოსისხლე მტრის გადასარჩენად იბრძოლებს ადამიანი. თითქოს, ოდესმე რაიმე დავუშავე რომელიმეს. ანაზდად, მარკუს ავრელიუსის სიტყვები გამახსენდა: „მაინც, რამდენი ადამიანი ნატრობს შენს სიკვდილს?“ გზაზე კიდევ ოთხ მწერალს რა გადაგვხდა, ამაზე სხვა დროს გიამბობთ.
ფესტივალის დასკვნითი ნაწილი ითვალისწინებდა ემიგრანტების ბაღში ყველა მონაწილის მიერ მისივე სახელობის ხის დარგვას. ეს იდეა ძალიან მომეწონა. გავა დრო და ტრიალი მინდორი ტყით დაიფარება. ნაძვის ნერგები იხარებენ, რომლებსაც ხელი მწერლებმა შეავლეს.
ნანა სულავა, ალია №30
კომენტარები