ქვეყანაში კორუფცია და ნეპოტიზმი უკვე ჩვეულებრივ ამბად იქცა. სახელმწიფო სტრუქტურებში შესყიდვებს, ტენდერებისა თუ გამარტივებული წესის გზით, მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ანხორციელებენ. მათი უმეტესობა, მმართველი პარტიის დამფინანსებელია. მოგებული ტენდერების მფლობელი იურიდიული პირების დამფუძნებლები, „ქართულ ოცნებას“ სისტემატიურად სწირავენ ფულს. ეს არის დაკანონებული კორუფცია, მეტი არაფერი. მე მოგაგებინებ ტენდერს, შენ ადექი და ტენდერის ღირებულების გარკვეული პროცენტი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე გადარიცხე. ამის გარდა, რამდენს უხდიან ე. წ. ატკატს ბიზნესმენები ჩინოვნიკებს ამ მოგებული ტენდერების საფასურად, უცნობია. თუმცა, რომ უხდიან, ამაში ეჭვი აღარავის ეპარება. ეს უკვე გამოძიების საქმეა, მაგრამ სისტემა იმდენად კორუმპირებულია, რომ არავის აქვს იმედი, რომ ამ ჩაწყობილი ტენდერების საქმეს ვინმე გამოიძიებს და დამნაშვეებს, ორივე მხრიდან, დასჯიან. მეორე პრობლემა ის არის, რომ ამ ჩაწყობილი ტენდერების უმეტესობას არაკომპეტენტური ფირმები იგებენ. ამ ფირმების უკან ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან, თავად არ ჩანან, მაგრამ მათი ახლობლები არიან ამ ფირმების მფლობელები. სხვა შემთხვევაში, ამ ფირმების მეპატრონენი კორუფციულ კავშირში არიან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ „ატკატებს“ უხდიან და „ქართულ ოცნებასაც“ სწირავენ ფულს. სხვაგვარად, 1 და 2 თვის დაფუძნებული ფირმა, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ გააჩნია, ტენდერს ვერ მოიგებს. მეტიც, ამგვარ იურიდიულ პირებს ნორმალურ ქვეყნებში ტენდერებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევენ. აქ კი, პირდაპირი, გამარტივებული წესითაც უფორმებენ მილიონიან კონტრაქტებს. ეს გამოუცდელობა სახელმწიფოს ძვირად უჯდება, მეტადრე როდესაც საქმე ამ გამოუცდელი ფირმების მიერ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას ეხება. თვეობით და ზოგჯერ წლობით იჭიმება ეს პროექტები, ელემენტარულად, ასფალტს ვერ აგებენ დროულად და ხარისხიანად. რაღაცას აკეთებენ და მალევე ხელახლა გასაკეთებელი ხდება. უარესებიც ხდება. ზოგიერთი კომპანია სამუშაოებს საერთოდ ვერ ასრულებს, მისი დამფუძნებლები გარბიან, ბიუჯეტიდან წინასწარ გადარიცხულ თანხებს ითვისებენ და დღეს მათზე სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, ზოგი დაჭერილია, ზოგს ეძებენ, მაგრამ ბიუჯეტში ფულის დამბრუნებელი არავინ არ არის. ასეა, როდესაც უთავო, უპასუხისმგებლო ხალხი ზის ხელისუფლებაში. როდესაც ბიუჯეტის ფული საკუთარი კეთილდღეობის წყაროდ მიაჩნიათ და თუ ვინმემ გაფლანგა, მიითვისა, არ ადარდებთ.
ამ კორუფციულ ტენდერებში თბილისის მერია ერთ–ერთი პირველია. კახი კალაძემ აიჩემა, თბილისი ევროპულ ქალაქად უნდა ვაქციოო და რაც ევროპაში აქვს ნანახი, მგონი, ყველაფერის თბილისში გადმოტანას აპირებს, ერგება თუ არა ამ ქალაქს, მის თავისებურებებს. კი, ბატონო, ბევრი რამ გაკეთდა თბილისში კალაძის მერობის პერიოდში, მე პირადად, დავით ნარმანიას დრიონდელ უმოძრაო პერიოდს, მირჩევნია, თბილისში რაღაც უნდა გაკეთდეს, რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს. თუმცა, საკითხავი ის არის, კალაძემ და მისმა გუნდმა უფრო მეტი გაუკეთეს ქალაქს თუ დაუშავეს? ღირდა კი ის ინფრასტრუქტურული პროექტები იმ ფულად, რასაც მერია იხდის? კიდევ ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში კახი კალაძისა და მერიის სხვა მაღალჩინოსანთა მიმართ.
„ალიას“ არასამთავრობო ორგანიზაცია, „შეაჩერე კორუფციის“ თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე ესაუბრება თბილისის მერიისა და ზოგადად, სახელმწიფო შესყიდვების მახინჯი პოლიტიკის შესახებ.
– ქალბატონო ქეთევან, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი დიდ სკანდალად იქცა და ჯერ არ დასრულებულა მისით უკმაყოფილი ხალხის აღშფოთება. საცობებს რომ თავი დავანებოთ, ეს პროექტი ისეთმა კომპანიამ განახორციელა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებთან არის კავშირში. ცალკე თემაა შესრულებული სამუშაოების ხარისხი. ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის პროექტი თქვენმა ორგანიზაციამაც გააკრიტიკა.
– კი, ჩვენი ორგანიზაცია მუშაობდა მაგ თემაზე. იცით, რაზე იყო ლაპარაკი? პრეტენზიები ძირითადად მოდიოდა კომპანიაზე, რომელმაც სამუშაოები შეასრულა. „ჯეო გრუპია“ ეს კომპანია. ჭავჭავაძის რეაბილიტაციის პროექტში მოხდა ცვლილებები. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში ინფრასტრუქტურული პროექტების ყველაზე დიდი თავსატკივარი მოუწესრიგებელი საპროექტო დოკუმენტაციაა. დიდი წილი დოკუმენტაციისა, თავის დროზე არ ბარდება პროექტის ავტორებთან. მეტწილად ის დოკუმენტაცია, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურას, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ეხება. მე რამდენიმე დოკუმენტი ამოვიღე, მიმოწერა კომპანიასა და მერიის კონკრეტულ სამსახურებს შორის, სადაც ისინი აცხადებენ, რომ ობიექტზე მუშაობა ისე დაიწყეს, რომ კონკრეტულ კომპანიას ჰქონდა მიწისქვეშა კომუნიკაციები შესაცვლელი. ერთ შემთხვევაში „სილქნეტის“ კაბელები იყო შესაცვლელი, რაღაც მონაკვეთი დაზიანებული იყო. მეორე შემთხვევაში ჯებირი იყო დასანგრევი, მაგრამ ეს არ გააკეთეს და როდესაც იმ ადგილას შეასრულეს მიწისზედა სამუშაოები, მერე ნახეს, რომ ეს ჯებირი იყო მოსანგრევი და ხელახლა გახდა ყველაფერი გასაკეთებელი. იმავე „სილქნეტის“ შემთხვევაში, ასფალტი დაგებული იყო, ახლადდაგებული ასფალტი აყარეს, „სილქნეტმა“ კაბელები გამოცვალა და ხელახლა დააგეს. სოლიდური თანხა გადაიყარა წყალში და თან, სამუშაოები დროში გაიჭიმა. ასე ხდება, სამწუხაროდ. პროექტის განხორციელება იწყება და მერე, გზა და გზა ახსენდებათ, რომ კონკრეტულ კომპანიას მიწისქვეშა კომუნიკაციები აქვს შესაცვლელი, იქნება ეს ინტერნეტის კაბელები თუ წყლისა და გაზის მილები.
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერად როდესაც დაინიშნა, იყო ლაპარაკი, რომ ეს საკითხი უნდა მოწესრიგებულიყო, პროექტის დაწყებამდე, სრული დოკუმენტაცია უნდა ჰქონოდათ მის ავტორებსა და პროექტის რეალიზატორებს. თავად მშენებლებმა, კომპანიების წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ ველაპარაკეთ პრემიერს და ეს საკითხი გამოსწორდებაო. არ გამოსწორდა, არაფერი შეიცვალა. მე ვფიქრობ, რომ რაკიღა კარგად იციან კომპანიების მთავარი პრობლემები და არ სცვლიან, ეს გარკვეულ მიზანს ემსახურება. ვფიქრობ, იმიტომ ხდება, რომ ეს არის ან ჯარიმების მიღების საშუალება, ან სასურველი კომპანიების ბაზარზე დატოვების საშუალება, ან ახალი, მათთვის სასურველი კომპანიების შემოყვანა, ანდაც არასასურველი კომპანიების ბაზრიდან გაყრა. ისეთი ელემენტარული მიზეზის გამო ხდება რომელიმე კომპანიის ტენდერიდან ჩახსნა, რომელიც საერთოდ არ უნდა განიხილებოდეს. რადგან დოკუმენტაციაში დეტალური პარამეტრების მითითება აქ, ჩვენთან წესად იქცა, კეთილი უნდა ინებონ და ისეთი დოკუმენტაცია წარმოადგინონ, რომელ დოკუმენტაციაშიც ადეკვატურად იქნება ნიადაგი დაფიქსირებული, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობს. ეს არ ხდება, ხომ?
ჩვენში, სახელმწიფო შესყიდვებში დაფიქსირდა ერთი ტენდენცია, რომელზეც ევროკავშირის წარმომადგენლებმა გაამახვილეს ყურადღება. მათგან ხშირად ვახსენებ ერთ–ერთ პიროვნებას, აურელიო ვატორეს. ხშირად გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ტენდერების დროს არაკონკურენტული გარემო იქმნება. ხშირად მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს ტენდერში. მსხვილი კომპანიები არიან დარჩენილნი, რამდენიმე მილიონი ლარის ფარგლებში რომ მონაწილეობენ ტენდერებში, წვრილი კომპანიებიც არიან, 15–25 ათასი ლარის მოცულობის ტენდერებში მონაწილეობენ ესენი. აი, საშუალო კომპანიები, რომლებიც მაქსიმუმ, მილიონი ლარის და უფრო მცირე ღირებულების ტენდერებში უნდა მონაწილეობდნენ, ძალზე ცოტანი დარჩნენ ბაზარზე. არადა, ამ კომპანიებს სჭირდებათ განვითარება, ტექნიკა უნდა შეიძინონ, მეტი გამოცდილება მიიღონ. ქვეკონტრაქტორებად მაინც უნდა იყვნენ აყვანილები, რომ გაიზარდონ. კომპანიის განვითარება იმასაც ნიშნავს, რომ სპეციალისტებიც გაზარდონ. უცხოეთში ამგვარი პრაქტიკა არსებობს. ჩვენთან, მით უმეტეს, კარგად ვიცით, ადამიანი რომ დაამთავრებს ტექნიკურ უნივერსიტეტს, პრაქტიკის მიღების საშუალება არ გააჩნია. ამ საშუალო კომპანიების დეფიციტმა განაპირობა ის, რომ შემოჰყავთ უცხოური კომპანიები, ისინი იგებენ ტენდერებს, ასრულებენ სამუშაოებს და ცხადია, ჩვენი ბიუჯეტიდან ფულს უცხოური კომპანიები შოულობენ, კიდევ უფრო მდიდრდებიან. ვინ ლობირებს ამ უცხოურ კომპანიებს, კაცმა არ იცის. რა ისტორია და ბეგრაუნდი აქვთ მათ, ესეც უცნობია.
გადავიდეთ უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირზე. მე არსად მინახავს საჩივარი, იქ განხორციელებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით. „ჯეო გრუპი“ არ არის ცუდი კომპანია. თუმცა, ამავე დროს, პროექტში არაერთი ცვლილება შევიდა დაგვიანებით. დოკუმენტაციაში თავიდან მოსამზადებელ სამუშაოებში ეწერა კოლექტორების მომზადება, მაგრამ ლამის უკვე ჩაბარებული იყო პროექტი, რომ მერე დაიწყეს კოლექტორების შეცვლა. უკვე ასფალტიც დაგებული იყო, ტროტუარების დასრულებული და სამასზე მეტი კოლექტორი მერე შეცვალეს, ხელახლა გადათხარეს ყველაფერი. არადა, თითოეულის ამოთხრა სადღაც 170 ლარი დაუჯდა ბიუჯეტს. ეს აზიანებს კომპანიის იმიჯს. „ჯეო გრუპი“ აღმოჩნდა რაღაც კულუარული გარიგებებებისა და შეთანხმების შედეგად დაზარალებული. „ჯეო გრუპიც“ და სხვა კომპანიაც გამოგყვება, როდესაც ასე, გზა და გზა სცვლი რაღაცებს, მერე გახსენდება, რომ რაღაც გამოგრჩა და აუცილებლად გასაკეთებელია. დამკეთია სახელმწიფო, კომპანიას ფინანსური ინტერესი აქვს, მაგრამ მას არ გააჩნია ბერკეტი, რომ ასეთ დროს, წინააღმდეგობა გაუწიოს სახელმწიფოს. კომპანია იძულებულია, დაეთანხმოს სახელმწიფოს კაპრიზებს და საბოლოო ჯამში, ბიუჯეტი ზარალდება. თავში გასაკეთებელი საქმე, ბოლოში კეთდება, უკვე გაკეთებული ინგრევა და ხელახლაა გასაკეთებელი, ორმაგად და სამმაგად იხდის სახელმწიფო, როდესაც კომპანიას პროექტს უცვლის, ახალ მოთხოვნებს უყენებს, პროექტში რაღაცის გადატანა–გადმოტანა, იერსახის შეცვლა ხდება. პრობლემა არის დამპროექტებლებში.
ჩვენ უკვე მივეჩვიეთ იმას, რომ ყველა კონკრეტულ უწყებაში, ყველა კონკრეტულ სფეროში, მისი თავკაცი თავისი გემოვნებით წყვეტს, რა და როგორ უნდა გააკეთოს, ბიუჯეტი რაში უნდა დახარჯოს, რა უნდა შეიძინოს და მერე ეს ადამიანები, პასუხისმგებლობის მიღმა რჩებიან. იგივე ითქმის თბლისის მერიასა და კახი კალაძეზე. ჭავჭავაძის გამზირზე ბევრი რამ გაკეთდა მისი გემოვნების, მისი ახირების გამო. ჯერ რა ხდება ჭავჭავაძის გამზირზე და სასწავლო პროცესი რომ დაიწყება, სრულად დაიტვირთება, მერე მთლად კატასტროფა იქნება, გამზირი გაუვალი გახდება.
კახი კალაძემ ჯერ ცინიკური განცხადებები აკეთა იმ ხალხის მისამართით, ვინც სამართლიანად აკრიტიკებდა მას, ბოლოს გამოვიდა და ბოდიშები იხადა. ზოგადად, რაც საგზაო ინფრასტრუქტურაში ხდება, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, სერიოზული მიხედვა სჭირდება. ის ვითარება, რომელიც ამ სფეროშია, კონკრეტული კომპანიების გაკილვის საშუალებას გვაძლევს, ეს კი არანაირ ფუნდამენტურ ცვლილებებს არ გამოიწვევს. მუდამ მეისრეზე ტყდება ჯოხი, მეტი არაფერი. თუ ასე გაგრძელდა, ბაზარზე დაგვრჩება იმიჯშელახული კომპანიები, რომელთაც ხელისუფლება, როდესაც საჭიროდ ჩათვლის. საერთოდ გააგდებს ბაზრიდან, ახლოს აღარ გააკარებენ ტენდერებს და ჩინოვნიკთა გაფუჭებულ საქმეებს მათ გადააბრალებენ. თუ დატოვეს ბაზარზე, მაშინ რაღაც ფარულ და უკანონო გარიგებებში უნდა გაჰყვნენ ხელისუფლებას, მოაგებინებენ ტენდერებს და მერე ფულს „ქართულ ოცნებას“ გადაურიცხავენ კომპანიების მფლობელები. რა ვიცი, კიდევ სხვა მანიპულაციებში მიაღებინებენ მონაწილეობას. ეს არის ჩვენი ბაზრის, ჩვენი ბიზნეს–სფეროს ყველაზე დიდი თავსატკივარი და არა ის კონკრეტული პროექტი, რომელზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. რომელ პროექტზეც არ უნდა ვილაპარაკოთ, მაინც მივდივართ აქამდე. როგორც წესი, მიმწოდებლები ვინც არიან, პირობებს ისინი კარნახობენ. მიმწოდებელი კი სახელმწიფოა. რომელი შესყიდვაც არ უნდა აიღოთ, თუნდაც ის, სადაც ღიად, აშკარად ჩანს ნეპოტიზმისა და კრონიზმის ფაქტები, ვხედავთ, რომ კომპანიამ რაღაც უკანონობებზე დახუჭა თვალი, ყველაფერი გააკეთა, რომ მოეგო ტენდერი, მთავარი დამნაშავე მაინც მიმწოდებელია, სახელმწიფო სტრუქტურები. ისინი აიძულებენ კომპანიებს, მათ მიერ დაწესებული წესებით ითამაშონ. სხვა გზას არ უტოვებენ. გააპროტესტებ? მერე ახლოს აღარ გაგაკარებენ სახელმწიფო შესყიდვებს.
ეს კომპანიებიც მეცოდებიან. მათ ხალხი ჰყავთ დასაქმებული. პირადად შევხვედრილვარ და შველას ითხოვენ, ხმამაღლა ამას ვერ ამბობენ. ხაშურიდან დამირეკა ერთმა პირმა, რომელსაც უკანონოდ ექცეოდნენ, ჩაგრავდნენ, მაგრამ მერე მითხრა, ნუღარ გაახმაურებ ჩემს საქმეს, ტენდერი მომცესო. მოაგებინეს ტენდერი და გაჩერდა. ვიღაცას შეიძლება დაემუქრა, გავახმაურებ, რომ უკანონოდ მექცევით, შესაძლოა, რაღაცები იცოდა და ადგენენ და მოაგებინეს. კი, უმჯობესი იქნებოდა, ეს არ გაეკეთებინა, მაგრამ იმ ადამიანის ცხოვრებაში ვერ შევიჭრები, არ ვიცი, რა ცხოვრება აქვს, რა ვალები და ვალდებულებები აქვს კონკრეტული ადამიანების მიმართ, რა პრობლემები აქვს. ადამიანურად ვამბობ, გავუგებ ამ და ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს.
– პროექტების გზა და გზა ცვლილებები, უკვე წესად იქცა ჩვენში. არ შეიძლება, დასხდნენ კონკრეტული სახელმწიფი სტრუქტურების წარმომადგენლები, ექსპერტები, კომპანიების წარმომადგენლები და შეაჯერონ ყველაფერი, დადონ პროექტი, სადაც ყველაფერი იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, კერძო კომპანიების მიწისქვეშა თუ მიწისზედა კომუნიკაციების კონკრეტულ ვადებში შეცვლა თუ ახლის გაკეთება და ამ გზების და ტროტუარების ჯერ გაკეთებას და მერე გადათხრას მოეღოს ბოლო?
– ბოლო პერიოდში სულ მაგაზე ვლაპარაკობ. უნდა ჩატარდეს ყველა პროექტის ექსპერტიზა. ჩვენ არ გვინდა ვიღაცის გაკრიტიკება, არ მიყვარს ვიღაცის ლანძღვა. ამ ადამიანებზე ჰკიდია ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ჩემზე და თქვენზე კარგად იციან ხელისუფლებაში, რომ ეს პრობლემა არსებობს. იციან, მაგრამ არ აგვარებენ. არ აკეთებენ ისე, რომ პროექტებს ექსპერტიზა ჩაუტარდეთ, დაიდოს უნაკლო, სრულყოფილი პროექტები და მერე კომპანიებზე მანიპულაციის საშუალებები აღარ ჰქონდეთ. რატომ იყენებენ ამ ბერკეტს, რომელიც მათ ხელშია? პროექტები როდესაც კეთდება, არასდროს არ ჩანს ადამიანი, რომელიც პროექტზეა პასუხისმგებელი და რომელიც ჩაშლილ პროექტზე აგებს პასუხს. იგივე კითხვაა ჭავჭავაძის გამზირის პროექტზეც. ეს არის ყველა კომპანიის თავის ტკივილი. მათ არ შეუძლიათ ამაზე ლაპარაკი. ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. შარშან, აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდა დაუსრულებელ პროექტებთან დაკავშირებით და მაშინ დაისვა კითხვა, რატომ არ დაჯარიმდნენ ეს კონკრეტულ კომპანიები, რომელთაც არ დაასრულეს სამუშაოებიო? ასე მარტივად არ არის საქმე, გამოსაძიებელია, თუ რატომ არ დასრულდა ესა თუ ის პროექტი. იქნებ იმიტომ ვერ დააჯარიმეს, რომ არ ექვემდებარება დაჯარიმებას, რადგან კომპანიის ბრალი არ იყო? რომელიმე კომპანია დამნაშავე რომ ყოფილიყო, შავ დღეში ჩააგდებდნენ. იქნებ სახელმწიფო უწყების რომელიმე თანამშრომლის ან თანამშრომლების ბრალია? რამდენი არაკვალიფიციური სპეციალისტი და უფრო მაღალი რანგის თანამშრომელია სხვა და სხვა უწყებებში, ნეპოტიზმით დასაქმებულები? კაცმა არ იცის, რა ნიშნით არიან ეს თანამშრომლები იქ შეყრილები. ასეთ შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირი არ ჩანს. კომპანიაც ზარალდება, შავ სიაში შეჰყავთ, რეპუტაცია ელახება. შავ სიაშია და მერე ტენდერებში ვეღარ მონაწილეობს, ხალხი უმუშევარი რჩება. საბოლოოდ, შესაძლოა, გაკოტრდეს ეს კომპანია. ზარალდება ბიუჯეტიც, რადგან დაიხარჯა საბიუჯეტო ფული და სამუშაოები მაინც არ შესრულდა. დაზარალებულნი გამოდიან მოქალაქეებიც, რომელთაც უნდა მიეღოთ კონკრეტული სერვისი და ვერ მიიღეს. წრეც შეიკრა. სამაგიეროდ, იზრდება ბიუროკრატიული აპარატი, მათი ხარჯები, იზრდება ჩინოვნიკების კომფორტული მუშაობისთვის ყველა ხარჯი. ადრე სოციალურ ქსელში პოპულარული იყო ფოტო–შარჟი, ერთი კაცი რომ მუშაობს და გარშემო უფროსები ახვევია, რომლებიც არაფერს აკეთებენ.
– კი, კი, გელა ჰქვია იმ მუშას.
– ჰო, მარტო გელა მუშაობს და დანარჩენები იქ დგანან და არაფერს აკეთებენ. ყველა რაღაცის მენეჯერია. საბოლოოდ, გელას ნამუშევარი მათზეც ნაწილდება და გამოდის, რომ მათაც რაღაც გააკეთეს. არადა, ხელი არ გაუნძრევიათ. ეს არის ტიპიური სურათი ჩვენი ქართული რეალობისა.
– ქალბატონო ქეთევან, ძალიან არ მომწონს კალაძის ახირება, რომ თბილისი ევროპულ ქალაქად უნდა გადავაქციოო და ევროპის ყველაზე განვითარებული ქვეყნების ქალაქებიდან, თბილისის რეალობასთან შეუსაბამოდ, კოპირებულად გადმოქვს ბევრი რამ. ჯერ ერთი, იმ ევროპის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს, 50 წლით მაინც ჩამოვრჩებით, შესაბამისად, მათ ქალაქებს ჩამორჩება თბილისი. მერე, ქვეყანაში ხალხი დამშეულია, ბავშვები შიმშილობენ და თბილისში რაც კეთდება, ყველაფერი ძვირადღირებული, ევროპული მასშტაბებითაც კი ძვირია. დაზოგე ფული და მოახმარე სოციალურ პროექტებს, ვის ეჯგიმები ამ წაქცეული ეკონომიკის პატრონი? იგივე, მილიონიანი საახალწლო ნაძვის ხე გავიხსენოთ, ჭავჭავაძეზე 1200 ლარიანი სკამები და ბევრი სხვაც. მე რას ვფიქრობ, იცით? რაც უფრო ძვირად ყიდულობს, ამ შემთხვევაში მერია რაღაცას, რაც უფრო ძვირი ჯდება ინფრასტრუქტურული პროექტები, მით უფრო მეტი ფული „ტყდება“ „ატკატის“ სახით და ეს ფული მიდის ჩინოვნიკების ჯიბეში.
– მე მაგ თემაზე ლაპარაკი არ მიყვარს. ეს ლაბირინთია და დავიკარგებით. რასაკვირველია, ლოგიკური ვარაუდია, მაგრამ მტკიცებულებებია საჭირო. კახა კალაძეს უნდა, რომ თბილისის იერ–სახეს თავისი ბეჭედი დაასვას. არასდროს ამ ქალაქზე არავინ არ ზრუნავდა ისე, რომ მისთვის სპეციფიკური იერი შეენარჩუნებინა. ვისაც რა მოეპრიანება, იმას აკეთებს. ზოგმა უზარმაზარი კორპუსებით დაამახინჯა ქალაქი, ზოგმა რეკრეაციული ზონები მოსპო და იქაც კორპუსები თუ სხვა ობიექტები ჩადგა. პრობლემა სხვა რამეშია. იგივე ნაძვის ხეები რომ ავიღოთ. 2017 წელს ჩატარდა ტენდერი და ზუსტად ის მოთხოვნები იყო ჩადებული სატენდერო პირობებში, რომელიც იტალიური კომპანიის მიერ წარმოებულ ნაძვის ხეებს გააჩნდათ. ადგილობრივი კომპანია სთავაზობდა უფრო იაფ და უკეთეს უცხოურ ნაძვის ხეს, მაგრამ ადგნენ და ეს ტენდერი გააუქმეს. მერე ხელახლა ჩაატარეს ტენდერი და მარტო ის იტალიური კომპანია დარჩა და ცხადია, მოიგო. ამის შემდეგ კი, 2018 და 2019 წლებში, უკვე გამარტივებული შესყიდვით გაუფორმეს იტალიურ კომპანიას კონტრაქტი. ვინ გადაწყვიტა, რომ ტენდერის გარეშე, ასეთი მსხვილბიუჯეტიანი შესყიდვა განახორციელეს თბილისის მერიის ბიუჯეტის ხარჯზე, ვიღაცის გემოვნებით? აი, ეს შეიცავს კორუფციის ნიშნებს. კორუფცია არ არის მარტო ის, რომ ვიღაცამ ფული გაზიდა სახლში. ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით როდესაც ჩნდება ეჭვი, მაშინ უკვე უნდა დაიწყოს გამოძიება და გამოავლინოს, მოხდა თუ არა დანაშული. ჩვენ კი ვლაპარაკობთ სატენდერო პრობლემებზე, რომლებიც არსებობს, მაგრამ თუ არ ჩატარდა მათზე გამოძიება, ვერანაირ რეალურ სურათს ვერ დავინახავთ. ხელისუფლებები როდესაც იცვლებიან, მერე ჩნდება კონკრეტული სისხლის სამართლის დანაშულის ფაქტები, იძიებენ და იჭერენ კიდეც ხალხს ამ ტიპის დანაშულებებზე. არც ერთი ხელისუფლება, მისი მმართველობის პერიოდში, ამგვარ დანაშაულებებს არ იძიებს, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ სისტემურ დანაშაულთან, სისტემურ კორუფციასთან გვაქვს საქმე. იძიებენ მხოლოდ იმ კონკრეტულ შემთხვევებს, თუკი უზენაეს პირს რომელიმე პერსონის მიმართ ანგარიშსწორების სურვილი გაუჩნდება.
– ბევრ სისულელეში ყრიან უზარმაზარ ფულს, როდესაც ხალხს შია. ევროპაში 5 მილიონიანი ნაძვის ხეებიც რომ დადგან, ჩვეულებრივი ამბავი იქნება. იქ სამაგისოდ აქვთ საქმე, სოციალური საკითხები უმაღლეს დონეზე დგას.
– ერთ–ერთ გადაცემაში ვთქვი, რა დროს ამხელ ფულის გადახდაა ნაძვის ხეში, ხალხი გაჭირვებულია–მეთქი. იცით, რა მითხრეს? რაკიღა გაჭირვებულები არიან ქვეყანაში, ქალაქი აღარ უნდა განათდესო? უნდა განათდეს, მაგრამ იმის შესაბამისად, რისი რესურსიც აქვს ქალაქის ბიუჯეტს. ქუთაისში, წელს 67 ათას ლარად ღირებული ნაძვის ხე დაიდგა, ადგილობრივი წარმოებისა და შესანიშნავი. აქ უკვე სხვა კითხვა ჩნდება. იგივე, უცხოეთში ნაყიდი ძვირადღირებული სკამები ავიღოთ. „ქართული ოცნება“ რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, ადგილობრივი წარმოების განვითარების პირობას იძლეოდა. ამბობენ ხოლმე, თქვენ ხმა მიეცით ბიძინას ფულსო. მე, პირადად, არ მიმიცია ხმა ბიძინას ფულისთვის, არ მჭირდება სხვისი ფული. ხმა მივეცი იმ პირობებს, რომელიც წინასაარჩევნოდ დადეს – ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება, წვრილი მეწარმეობის განვითარება და ა.შ. ერთ–ერთი გადაცემის შემდეგ, სვანეთიდან მომწერა ერთმა კაცმა. ჩვენ სვანეთში გვაქვს საწარმო და გავაკეთებდით იმგვარ სკამებს, როგორიც იტალიაში იყიდა თბილისის მერიამ, თან ბევრად იაფად და თან ხალხს დავასაქმებდით, ჩვენც შემოსავალი და ხეირი გვექნებოდაო. ეს რატომ არ კეთდება, ამას შეიძლება ახსნა ჰქონდეს. ჩვენი მაღალჩინოსნებისთვის ბრენდი ძალიან მნიშვნელოვანია. აი, როგორც ბრენდულ სამოსში არიან გამოწყობილნი, ასეთი ბრენდული ნაძვის ხე, სკამები უნდათ, ნაგვის ურნებიც კი ბრენდული უნდათ, ამ მართლაც დამშეულ ქვეყანაში. მე არ მინდა ამაზე კომენტარი გავაკეთო, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რა კატეგორიის ადამიანებს ახასიათებთ ამგვარი დამოკიდებულება ბრენდების მიმართ. მათთვის ბრენდი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის ფუნქცია, რაც სკამმა უნდა შეასრულოს. იგივე მოდელის, რაღაც პატარა ცვლილებებით, ისე რომ პლაგიატში ვერ დაადანაშულებდნენ მწარმოებელს, იმ უცხოური სკამების მსგავსი, არანაკლები ხარისხისა, აქაც გაკეთდებოდა და ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა იქნებოდა. რა გითხრათ, ალბათ, თავიანთი სტუმრებისთვის სჭირდებათ ეს ძვირადღირებული და ბრენდული სკამები, რომ აჩვენონ და წაიტრაბახონ. ალბათ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ბევრად უფრო დალხენილნი არიან და როგორც წესი, დალხენილი ადამიანები აძლევენ ხმას ხელისუფლებას. არ ვიცი, ყველას თავისი ესთეტიკური გემოვნება აქვს. ამ მოტივებით არიან მართულნი, როდესაც ამ ტიპის ხელშეკრულებებს სდებენ. არის კიდევ მეორე მომენტი. ორსართულიან მანქანებში როდესაც სხდებიან, მერე ეს ადამიანები საერთოდ ვეღარ აცნობიერებენ, რომ ბიუჯეტის ფული მათი ჯიბის ფული არ არის, სახლში რომ გინდა, ყველაზე ძვრადღირებული ნივთი წაიღო, ეგრე არ უნდა მოექცე ბიუჯეტის ფულს. ამის გაცნობიერების უნარიც არ აქვთ, ეს არის მერე ყველაზე ძირითადი პრობლემა ხელისუფლებისა, რომელიც ამომრჩეველს მის მიმართ პრეტენზიებს უჩენს. დარწმუნებული ვარ, ბევრი მათთგანი ფიქრობს, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და ვერ ხვდებიან, რას ერჩის ის ხალხი, ვინც მათ აკრიტიკებს.
– ხელისუფლების მხარდამჭერების დიდი ნაწილი, ამათი „გამპრავებლები“, ის ხალხია, რომელთაც სოციალური პრობლემები არ აწუხებთ, მათი უმეტესობა სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული და იმიტომ მოსწონთ ეს ხელისუფლება და არა იმის გამო, რომ კარგ საქმეებს აკეთებენ.
– ეგ გითხარით, ზუსტად. ძირითადად არიან ისეთი ადამიანები, რომელთაც არ აწუხებთ, ხვალ შვილს რა უნდა აჭამონ. „გამპრავებლები“ ის კატეგორიაა, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან. ხელისუფლების შეცვლისა ეშინიათ, რადგან იციან, რომ მათი კვალიფიკაცია არ არის იმის შესაბამისი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში შეინარჩუნებენ სამსახურებს. ეს სამსახურებია მათი კომფორტის წყარო და რაც არ უნდა დაუდო წინ, კმაყოფილები არიან, ყველა უმსგავსობას „აპრავებენ“ და მომავალშიც „გააპრავებენ“ ხელისუფლებისას. მე ვიცნობ პროფესიონალებს, რომლებიც შევარდნაძის დროიდან მუშაობენ, კონკრეტული უწყებები ლამის მათზეა ჩამოკიდებული და მათ არც არაფრის ეშინიათ. დიდად არც თავს არ იწუხებენ ხელისუფლების მიმართ რევერანსებით. იცით, რა არის? „გამპრავებლები“ არ არის პრობლემა. ისინი ჩემი ქვეყნის მოქალაქენი არიან. ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი და მხარდამჭერი ჩემთვის ერთია და მე არ ვფიქრობ, რომ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყნა, ვიდრე რომელიმე მათგანს. თუ პრობლემა იქნება წარმოდგენილი სწორი სახით, პოპულიზმის გარეშე, თუ იქნება წარმოდგენილი ნამდვილი, რეალური სურათი, იქნება ადეკვატური, ამ ხალხს თავად გაუჩნდება სურვილი, რომ ეს კითხვები დასვან, რაზედაც ჩვენ ვისაუბრეთ. ყველას აქვს თავისებური პრობლემები ასეთ ქვეყნებში. ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილ რეჟიმებში, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ხვალინდელი დღის შიში არ აქვს. ერთი უკანონობა თუ გატარდა ვიღაცის მიმართ და თვალებზე ხელებს ავიფარებთ, ის უკანონობა მერე მიადგება სხვას. ეს აუცილებლად მოხდება და ხდება კიდეც. ზოგადად, ჩინოვნიკის ინსტიტუტი ძალიან ხარბი და გაუმძღარია, ისე, როგორც ყველა უსაქმური. ფული და დიდი ძალაუფლება აფუჭებს ადამიანს და გამონაკლისი არც ეს ხელისუფლება აღმოჩნდა. ეს ჭეშმარიტება ჩვენ არ მოგვიგონია და ვერ შევცვლით.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №31
კომენტარები