„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილი.
– კრიმინალი მომრავლდა და ამას უკვე „ქართული ოცნების“ ზოგიერთი მხარდამჭერიც აღიარებს. ეს უკვე აღარ არის მედიის მიერ შქმნილი კრიმინალური ფონი. ყველა ტელევიზიის ყველა საინფორმაციო გადაცემა, დღეგამოშვებით მაინც, მძიმე კრიმინალური ფაქტის გაშუქებით იწყება და ეს სავალალო შემთხვევები ხდება. სატელევიზიო პანიკასთან ამას საერთო არაფერი აქვს. ადრე, ძველი „რუსთავი–2“ ახერხებდა ამგვარი ფონის შექმნას მიზანმიმართულად, მაგრამ მხოლოდ მცირე ხნით. დღეს ვეღარავის დააბრალებს ხელისუფლება, რომ ხელოვნურად ხდება კრიმინალის მასშტაბების გაბერვა. რა მოხდა? რა ბერკეტები გაექცა ხელისუფლებას, რომ განგსტერების ქვეყნისკენ მივემართებით?
– ჩვენ გვახსოვს „ნულოვანი ტოლერანტობის“ პერიოდი წინა ხელისუფლების დროს, რაც გადამლაშება იყო. დღეს სისტემა მორყეულია, ხელისუფლება კრიმინალურ სამყაროსთან თანამშრომლობაზეც არ ამბობს უარს. ბუნებრივია, როდესაც კრიმინალურ სამყაროსთან აკონტრაქტებ რაღაცას, მათ შორის, პოლიტიკური მიზნებითაც, ბუნებრივია, კრიმინალებს თავიანთი პირობები აქვთ. შესაბამისად, კრიმინალურ სამყაროს უჩნდება ამბიცია, რომ მისი მოქმედების სივრცე გაიზარდოს. მთლად „ნულოვანი ტოლერანტობის“ მოწინააღმდეგე ვარ, მაგრამ არც ასე მიშვება შეიძლება კრიმინალისა. გარდა ამისა, ხალხი ძალიან გაღარიბდა, სოციალური რისკები მომრავლდა და ამანაც გამოიწვია წვრილმანი, სისტემური კრიმინალის თავის წამოყოფა. ეს ყველაფერი როდესაც სისტემურ სახეს იღებს, მერე მისი დამარცხება ძალზე რთულია.
– თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში, ერთი, მეტად მნიშვნელოვნი დეტალი გამოჩნდა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, რომ იმ დღეს, და იმ დროს, როდესაც ბაჩალიაშვილი რუსთავისა და მარნეულის გავლით თეთრწყაროში ჩავიდა, თბილისში, მის ავტომობილს უკან მიჰყვება სუს–ის სამი ავტომობილი. სუს–მა ამის შესახებ გააკეთა განცხადება. რაღაც მომენტში, ჩვენი სამი ავტომობილი, შემთხვევით აღმოჩნდა ბაჩალიაშვილის ავტომობილის უკან, მერე მათ კრწანისის სამხედრო–სასწავლო ცენტრისკენ გადაუხვიესო. არ მჯერა სუს–ის ამ განცხადებისა, ეს მანქანები ბაჩალიაშვილს მიყვებოდნენ და ვფიქრობ, სამი არა, მაგრამ ერთი მას ბოლომდე გაჰყვა თეთრწყაროში. რაც დრო გადის, მით უფრო მყარდება ბაჩალიაშვილის მკვლელობის ვერსია და ამასთან, ისრებიც უფრო მეტად იხრება ხელისუფლებისკენ.
– სამი მანქანის დევნა გამოცდილი მაქვს 2007 წელს. მაშინ სუს–ი არ იყო, სოდ–ი იყო. ამ სპეცსამსახურის სამი მანქანა დამყვებოდა უკან. სრულიად აშკარად და არც მალავდნენ. არ მიკვირს, თუ სუს–ის ის მანქანები თამარ ბაჩალიაშვილს მიჰყვებოდნენ. სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ბაჩალიაშვილი ნამდვილად მოკლულია. რაც ყველაზე ცუდი და სახიფათოა, ეს არ არის საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარი შემთხვევა. ჩვენ ყველაფერი ვნახეთ, სისტემის დანაშაულიც ვნახეთ. საყოფაცხოვრებო თემებზე მომხდარი მკვლელობები და მათი ჩაფარცხვის მცდელობებიც ვნახეთ. ეს სრულიად სხვა შემთხვევაა. თამარ ბაჩალიაშვილი თუ მოკლეს, ეს არის პროფესიონალურ დონეზე შესრულებული დაკვეთილი მკვლელობა. ეს ბევრად უფრო სახიფათოა. შესაბამისად, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, სრულიად უცხო, ახალ ფენომენზე ქართულ სინამდვილეში. თუ ასეა, მაშინ რა გამოდის? პროფესონალური მკვლელობა შესრულდა და სისტემა ან ვერ მიცავს, ან არ მიცავს მკვლელისგან. ამ დროს გვთავაზობს რაღაც ალტერნატიულ თვითმკვლელობის ვერსიას. ძალიან ბევრი კითხვაა, თვითმკვლელობის ვერსია ლოგიკაში ვერ ჯდება, ხელისუფლება ვერ გვარწმუნებს ამ ვერსიაში. ისეთი მეთოდებით ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ პირიქით, მკვლელობის ვერსიას ამყარებენ. ახლა თამარ ბაჩალიაშვილის ბებია გამოიყვანეს და დედას დაუპირისპირეს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქმე უფრო ცუდად არის, ვიდრე გვგონია. შესაბამისად, დაველოდოთ რაღაც პერიოდი, რა მოხდება, მაგრამ თვითმკვლელობის ვერსია ჩემთვის უფრო და უფრო ნაკლებად სარწმუნო ხდება.
– თქვენ ბრძანეთ, რომ სავარაუდოდ, ეს იყო პროფესიონალურად შესრულებული დაკვეთილი მკვლელობა და ხელისუფლება ან ვერ გვიცავს, ან არ გვიცავს მკვლელებისგანო. მესამე ვერსია ის გახლავთ, რომ თავად სახელმწიფო სტრუქტურებში, კონკრეტულად, ძალოვანებში არიან მკვლელები და ბაჩალიაშვილის მანქანისთვის სუს–ის სამი მანქანის ადევნება, ამყარებს ამ ვერსიას. მე, პირადად, ვფიქრობ, რომ სუს–ის ხელი ურევია ამ მკვლელობაში.
– რა არის, იცით? პარადოქსალურ რაღაცას გეტყვით. დღევანდელი ხელისუფლება წინანდელისგან რით განსხვავდება? იმით, რომ მაშინ ყველაფერი ცენტრალიზებული იყო და გამორიცხული იყო, ვინმეს პირველი პირის გარეშე, სისტემაში გაებედა დამოუკიდებელი ქმედება რაღაც მიზნებისთვის. კრიმინალური, კორუფციული თუ ა.შ. იმიტომ, რომ ყველა ერთ სალაროზე და ერთ პოლიტიკურ ნებაზე მუშაობდა. დღეს ასე აღარ არის. არ გამოვრიცხავ, რომ უმაღლესი დონის დაშვების გარეშე ხდებოდეს ამ ტიპის ქმედებები. გაიხსენეთ, ქვედა და საშუალო დონეებზე იკერებოდა სისხლის სამართლის საქმეები და მერე ფუჭდებოდა. სისტემა მოირყა, მეტასტაზები მთელ სახელმწიფო სხეულს გაუჯდა. როგორც ჩანს, ავტორიტარული მმართველობა ვეღარ აკონტროლებს ყველა რგოლს. გიორგი შაქარაშვილის საქმე გავიხსენოთ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში უნდათ, რომ სრულფასოვნად გამოიძიონ, არც თავიდან ჰქონიათ განზრახვა, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით წასულიყო. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ საქმის გაფუჭება სურდათ ქვედა დონეზე, ამაზე მიზანმიმართულად მუშაობდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ვერ გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს ქვედა რგოლების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი მკვლელობა და სისტემა ან იძულებულია, ხელი დააფაროს მათ, რადგან არ უნდა უფრო დიდი სკანდალის სახე მიიღოს, ანდა იმდენად გაფუჭებულია საქმე, რომ ვეღარაფერს ვეღარ შველის.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №31
კომენტარები