ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ კორონავირუსით ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულები კლინიკის ექთნები არიან.
ინფიცირების წყარო ამ დრომდე უცნობია.
ამასთან, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში COVID19-ით ინფიცირებული 141 პაციენტი გადის მკურნალობას.
„შემოვიდა 22 ახალი პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული. დღეს დილისთვის იმყოფება 141 კოვიდინფიცირებული პაციენტი. 9 პაციენტი მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში. აქედან 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი ხუთის კი საშუალო სიმძიმისაა“, – აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილე გია კიკაბიძე.
შეგახსენებთ, ქვეყნის მთავარი კლინიკა ისევ გადასახურია. გამოყოფილი თანხით, მხოლოდ დამიწება, ვენტილაცია და სხვა აუცილებელი პირობა მოგვარდა. რაც შეეხება სახურავს, შენობაც და სახურავიც “ავერსისაა”, შესაბამისად, ჯერ ისიც ვერ გაირკვა, სახელმწიფო აიღებს მის გადახურვას თავის თავზე, თუ “ავერსი”. პრემიერი გახარია ჯერ კიდევ პანდემიის დასაწყისში დაპირდა კლინიკას ახალ შენობას – თუმცა, ჯერ დანაპირები არ ჩანს.
“ალიამ” გადაწყვიტა, სანამ ინფექციური კლინიკა ამ დღეშია, კოვიდთან დაკავშირებული ყველა ახალი ამბავი, ინფექციურის ამ ფოტოთი გააშუქოს, მანამ, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება.
კომენტარები