„სტრატეგია აღმაშენებლის“ სპიკერი სერგეი ლავროვის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოზე საუბრობს. როგორც თეონა აქუბარდია აღნიშნავს, ლავროვის ეს განცხადება კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რუსეთი საარჩევნო პერიოდში საქართველოს შიდა პროცესებში ჩაერევა.
„ცნობილია, რომ რუსეთი შეეცდება საარჩევნო პერიოდში ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და გავლენა იქონიოს არჩევნების შედეგებზე. ამის შესახებ დიდი ხანია საუბრობს ასევე საქართველოში აშშ-ს ელჩიც.
აღნიშნული განცხადება სწორედ ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ბატონი ლავროვი სიცოცხლეზე მუქარით ცდილობს საქართველოში დაანახოს მოსახლეობას რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობების ნორმალიზაციის უალტერნატიობა. ამასთან მისი განცხადება აგვისტოს ომზე, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ჩვენი ჯარის მომზადებასა და ამ ომის დაწყების საქართველოზე გადაბრალება სამწუხაროდ ემთხვევა „ქართული ოცნების“ ნარატივს.
მეტიც, როდესაც მცოცავი ოკუპაციის ფონზე „ოცნება“ აცხადებს, რომ ის არის ერთადერთი მთავრობა, რომელსაც ომი არ ჰქონია რუსეთთან, არ დაუკარგავს ტერიტორიები და ის არის გარანტია სტაბილურობის და მშვიდობის, სწორედაც აძლიერებს ამ განწყობებს.
ის, რომ რუსეთმა მოახდინა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია 2008 წელს და დღესაც აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას და უკანონო ბორდერიზაციას აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილია მათ მიერ და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელია მხოლოდ ამ პრინციპის პატივისცემით, ქვეყნის სრული დეოკუპაციით და რუსული საოკუპაციო ჯარების ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანით“, – თეონა აქუბარდია
კომენტარები