„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის წარმატებით დასრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის ძალების IV მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე, ქართველი და უცხოელი სამხედროებისთვის კონცერტი გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით კონცერტის მსვლელობისას დაცული იყო ჯარისკაცების უსაფრთხოება და მათ მომღერლებთან დისტანცია აშორებდათ.
IV მექანიზებული ბრიგადის სტადიონზე მუსიკის თანხლებით სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბარბექიუ მოეწყო. კონცერტი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა გახსნა და სამ საათს გაგრძელდა. კონცერტზე საკუთარი რეპერტუარიდან მომღერლებმა, ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს. ღონისძიება დიჯეი რემბოს მუსიკალური გაფორმებით დასრულდა.
კონცერტს დაესწრნენ სწავლებაში მონაწილე საქართველოს და 4 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები.
საერთაშორისო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ დღეს ვაზიანის მე-11 პოლიგონზე საჩვენებელი წვრთნით ოფიციალურად დაიხურა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს და მასში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო მონაწილეობა.
მხოლოდ ქორწილი და ქელეხი არ შეიძლება, ბავშვების ტარება არ შეიძლება სკოლებში, ტურისტად ჩამოსული ხალხის მიღება არ შეიძლება, თორემ, სამხედრო წვრთნებზე ჩამოსული 2700 სამხედრო რა მოხდა?
არჩევნებზე დამკვირვებლები ვერ ჩამოდიან კორონავირუსის შიშით, თორემ, სამხედრო წვრთნებზე ჩამოსული 2700 ადამიანი რა მოხდა?
საერთო ავტობუსში ნამყოფი ხალხი არ არის ერთი კლასტერი და ამიტომ პირბადით უნდა ესხდნენ თავზე ერთმანეთს, თორემ, კონცერტზე რა მოხდა?
არა დისტანცია, არა პირბადე, ხელებს ალბათ, იბანენ.
ამირან გამყრელიძეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.
არც პაატა იმნაძეს დავუწიოკებივართ კუბოებით.
აღარც ლევან რატიანს ეხრჩვება პაციენტები…
რაო, უცხოელმა პარტნიორებმა, ჩვენ ჩვენ ქვეყანაში ბარბექიუსაც ვაწყობთ და კონცერტებსაცო? რაო, ვერ უთხარით ფრანგებს, ჩვენ მოქალაქეებს კონცერტს კი არა, ქორწილს და ქელეხს ვუკრძალავთო?
ბათუმშიც ამიტომ გაუქმდა კონცერტები, ჯარში იყო ჩასატარებელი კონცერტი?
ბარბექიუოო, მწვადის სახელი არ მოგწონთ, გვარი, თუ წალამი?
ერთის მხრივ, დავტკბით, სადღაც სხვა სამყაროშია გადაღებული თითქოს ვიდეო, სამყაროში, სადაც არ იყო ამდენი შიში, ამდენი პირბადე, ამდენი ვირუსი, ის დრო გაგვახსენა, როცა ჩვენც დავდიოდით კონცერტებზე…
კომენტარები