„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის დასახელების შემდეგ, უფრო მეტი კითხვა გაჩნდა, ვიდრე პასუხი. პიროვნულად არც არაფერს ვერჩით არც ვიქტორ სანიკიძეს და არც დავით კაჭარავას, მაგრამ ოცეულში, ანუ დამრტყმელ ძალაში ორი სპორტსმენის დასახელებამ გაუგებრობა მმართველი გუნდის შიგნითაც გამოიწვია. ეს არ იყო ის სია, რომელსაც სიის დანარჩენი, პოტენციური წევრები ელოდნენ და შესაბამისად, ცხადი გახდა, რომ მანამდე „საჭიდაო“ ადგილები სულაც არ ყოფილა ისეთი მიმზიდველი, როგორიც თავიდან ჩანდა.
„უხეში დაანგარიშებით, „ქართული ოცნება“ პარლამენტში სიით 54 კაცის გაყვანას გეგმავს. შესაბამისად, საუბარი იყო იმაზე, რომ პირველ ოცეულში იქნებოდნენ მოქმედი მინისტრები, რომლებიც შემდეგ კვლავ მინისტრთა კაბინეტში გადაინაცვლებდნენ და სიაში ანაცვლება მოხდებოდა. ახლა კი, ყველა ხვდება, რომ მინისტრთა კაბინეტში ოცეულიდან მხოლოდ გიორგი გახარია და თეა წულუკიანი წავლენ, დანარჩენები კი პარლამენტში მოხვდებიან. ანუ, „ოცნების“ გათვლით, პარლამენტში სიის 56-ე ნომერი მოხვდება. არადა, მანამდე ომი მე-60 ადგილზეც კი იყო. სიის წარდგენის შემდეგ, მოქმედმა დეპუტატებმა პრეტენზიები ირაკლი კობახიძეს წაუყენეს, რადგან სწორედ ის არწმუნებდა ყველას, რომ სწორება 60 პარლამენტარზე უნდა გაეკეთებინათ. კობახიძემ თავის მხრივ თქვა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ივანიშვილმა მიიღო და მისი გათვლით, პირველ ოცეულში ამდენი ქალი არ უნდა ყოფილიყო. ანუ, ქალთა კვოტა ერთით მეტი გამოვიდა, რამაც დანარჩენები გაანაწყენა“, – გვეუბნება მოქმედი პარლამენტარი. ეს შიდა კულუარული საუბრები და ვარაუდებია, თორემ „ოცნებას“ რომ ისე მისდის საქმე, გარანტირებულ ხმებზე არ უნდა იოცნებოს, ფაქტი სახეზეა. ჯერ რომ გადახტნენ და ჰოპლა მერე უნდა დაიძახონ, ეტყობა, ივანიშვილს თავისი „თოჯინებისთვის“ არ უსწავლებია.
ზოგადად, პარლამენტის წევრების ისიც აინტერესებთ, რა ფუნქცია ექნება მომავალ პარლამენტში ირაკლი კობახიძეს. ვარაუდობდნენ, რომ ის კვლავ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებდა, მაგრამ მომავალ თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე დასახელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ კობახიძემ სხვა პოზიცია უნდა დაიკავოს. უმრავლესობის ლიდერობა მას თავად არ სურს, არც კომიტეტის თავმჯდომარეობა უნდა იყოს მისი ოცნება. არადა, კობახიძე ის კაცია, რომელიც ივანიშვილის გუნდში ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა და პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის შემდეგაც კი, საპარლამენტო საქმიანობას ივანიშვილი სწორედ მას უთანხმებდა.
„კობახიძე იქნება პარლამენტის რიგითი წევრი, რომელსაც ეყოლება თავისი გუნდი, უფრო სწორედ კი, ის შემადგენლობა, რომლებიც ახალი კანონების ინიცირებას მოახდენენ. ანუ, ივანიშვილი ამ პარლამენტში არაერთ კანონს შეცვლის და ისეთებს დაადგენს, რომელიც მისი აზრით, ქვეყანას უფრო წაადგება., შესაბამისად, კობახიძეს მეტი დრო ექნება ამ კანონებზე სამუშაოდ და ფაქტია, რომ ივანიშვილს მისი დაწერილი კანონები და მისი მუშაობის სტილი ძალიან მოსწონს. ცვლილებები შევა საგადასახადო, სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებში. შემუშავდება გადასახადების გადახდის გერმანული მოდელი, რომლითაც თურმე კობახიძე აღფრთოვანებულია და ამ მოდელის უპირატესობაში ივანიშვილიც დაარწმუნა. რამდენად იმუშავებს გერმანული მოდელი საქართველოში, სხვა საკითხია, მაგრამ ეს პროექტი დღის სინათლეს უკვე წელს იხილავს, რათა ძალაში ხალი წლიდან შევიდეს“,-გვეუბნება „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი. კი, რაღა დაგიმალოთ და, ყველაფერზე ეტყობა ქვეყანა კობახიძის კანონებით რომ იმართება და ყველაზე სასაცილო ის არის, სატირალი რომ არ იყოს, „მეფეთმეფე“ ივანიშვილს ისე მოსწონს ეს ყველაფერი, შეცვლაზე არც კი ფიქრობს… რა ვთქვა აბა, მეტის ღირსები ვართ მეთქი, ვერ ვიტყვი, რადგან ამაზე „მეტი“ რა არის, ფანტაზია აღარ მიქაჩავს.
ლოგიკურად, უცხოური ინვესტიციების გაქრობის ფონზე, ქვეყანას ეკონომიკურად ძალიან უჭირს და საუბარი იმაზე, რომ უახლოეს წლებში ზრდა გვექნება, აბსურდია. მსოფლიოში კორონა-ვირუსის გავრცელების მასშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, უცხოელები ინვესტიციებზე ნაკლებად იფიქრებენ და შეეცდებიან ის შეინარჩუნონ, რაც ამ ეტაპზე აქვთ.
ბოლო კვირის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 4 პუნქტით გაუფასურდა. ეს ყველაფერი ერთი შეხედვით შეიძლება ვირუსის მომატებულ შემთხვევებსა და ცუდის მოლოდინს დაბრალდეს, მაგრამ მიზეზი მხოლოდ ეს არ გახლავთ. საქმე ისაა, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლებასა თუ ოპოზიციას ეროვნული ვალუტა სჭირდებათ. ახლა, თუ ვინმეს იმის სჯერა, რომ არჩევნებში მხოლოდ თეთრი ფული ტრიალებს, ძალიან ცდება. თეთრი ფულის გარდა, ორმაგი და სამმაგი ოდენობის შავი ფულია და…
„ჩემი პროგნოზით, ლარის კურსი სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის პირველ რიცხვებში, ძალიან გაუფასურდება, რადგან იმ ადამიანებმა, რომლებმაც შავი ფული უნდა დახარჯონ, დოლარით რაც შეიძლება მეტი ლარი იყიდონ. ერთი შეხედვით ეს ყველაფერი უცნაურად ჩანს, მაგრამ როცა საუბარი მილიონებზეა, სხვაობა ძალიან სოლიდურია. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ აგიტატორებს, კოორდინატორებს თუ უბრალოდ აქტივისტებს უკვე უთხრეს, რა ოდენობის ჯამაგირს მიიღებენ და ლარის კურსზე თამაშით, ეროვნულ ვალუტას საჭირო ოდენობით შეიძენენ. თანაც, ეროვნულმა ბანკმა ხელისუფლებას გასაგებად უთხრა, რომ მხოლოდ სავალუტო ინტერვენციების გამოყენებით, გამორიცხულია კურსის სტაბილურობის შენარჩუნება და ახლა, როცა პანდემიის მიმართულებით სიტუაცია დღითიდღე მძიმდება, ისინი ლარის სიმყარეს ვერანაირად ვერ უზრუნველყოფენ“,-გვეუბნება ჩვენი წყარო.
ისევ დიდ პოლიტიკას და სიას დავუბრუნდეთ. ოცეულში მოაზრებული ექსპერტები თუ ჟურნალისტები დიდი ალბათობით, შემდგომ ნომრებზე გადაინაცვლებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში სიით მოხვედრის მსურველი მოქმედი დეპუტატების ადგილები სულ უფრო და უფრო იზღუდება. პარალელურად, მმართველი გუნდი ადგილებს არის დაპირებული ისეთი ფიგურებისთვის, რომლებიც აგერ უკვე მეორე თვეა, გაგიჟებულები დარბიან კარდაკარ, საკუთარ ფულს კი არ ხარჯავენ, პრაქტიკულად სახეში აყრიან ამომრჩეველს და შედეგის დადებასაც აპირებენ. ამ ადამიანების „გადაყრა“ არ გამოვა და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ საწყის ოცეულში მოქმედი პარლამენტარებიდან მხოლოდ ხუთი კაცი მოხვდა, ამ პროპორციით, მოქმედ დეპუტატებს კარგი პერსპექტივა ნამდვილად არ უჩანთ.
„ოცეულის დასახელების შემდეგ, დეპუტატებმა კატეგორიულად მოითხოვეს მომდევნო ოცეულის მომავალ კვირაში დასახელება, რაზეც უარი მიიღეს. სრული სია თვის ბოლოს გამოქვეყნდება და პრეზენტაციაც ასე პომპეზური არ იქნება. სიას უბრალოდ ირაკლი კობახიძე ჩამოარაკრაკებს და ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ განაწყენებულ დეპუტატთა არმიის შემოტევას ივანიშვილი გაუძლებს. ვისაც რაიმე „ხოდი“ აქვს ბატონ ბიძინასთან, ყველა თავისას ცდილობს. ამიტომ, არაა გამორიცხული, ამ შეტევების მოსაგერიებლად, ივანიშვილმა მომდევნო ოცეულის კი არა, 30 კაცის დასახელების ბრძანება უკვე მომავალ კვირაში გასცეს, რათა ყველა მხარე დაწყნარდეს. მე მხოლოდ იმის დადასტურება შემიძლია, რომ სიის დანარჩენი ნაწილი, ყოველ შემთხვევაში, ის შემადგენლობა, რომელიც მე ვიცი, იმაზე ბევრად დიდ შოკს გამოიწვევს, ვიდრე ამ ოცეულმა გამოიწვია. მოდით ასე ვთქვათ, ვერცერთი ექსპერტი ვერ ახსნის, გამსვლელ სიაში მოხვედრილ მინიმუმ ხუთ ადამიანს პარლამენტში კი არა, საერთოდ, ამ ცხოვრებაში რა უნდა. ასე ხდება, როცა სიის შერჩევაში ხან რეპერი ერევა, ხან ბიზნესმენი, ხან მოურავი, ხან ესტრადის ვარსკვლავი და ხან წარუმატებელი მოჭიდავე. გამგები გაიგებს, რასაც ვამბობ და ვგულისხმობ“, – გვეუბნება ჩვენი წყარო.
და კიდევ ერთი – კი იძახიან, ფულს სუნი არ აქვსო, მაგრამ სიის დაკომპლექტებისას, ფულის სუნი აუცილებლად დადგება და ამ შემთხვევაში მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობთ. ფულის თემა ოპოზიციაშიც არანაკლებ აქტიურია და გაუგებარი გვარები იქაც მრავლად იქნება.
ანი დვალიშვილი, „ალია“ #33
კომენტარები