„ქართულმა ოცნებამ“ ტრადიციას არ უღალატა და ამჯერადაც, ჯერჯერობით, ოთხი სპორტსმენი დაგვისახელა კანდიდატებად – პროპორციული სიის ოცეულში კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე და მორაგბე დავით კაჭარავა არიან. მაჟორიტარული სიით კი ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი იყრიან კენჭს. პირველი გლდანში, მეორე – ნაძალადევში. კობიაშვილი და ყაველაშვილი მეორედ იბრძოლებენ დეპუტატობისთვის. ამჟამად ორივენი პარლამენტის წევრები არიან. სპორტსმენების სიმრავლე ქვეყნის პარლამენტში, ზოგადად, პოლიტიკაში არ არის ქართული ნოუ–ჰაუ. ეს ტენდენცია რუსეთიდან მოდის. ბორის ელცინის პრეზიდენტობის პერიოდში, რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება სავსე იყო ყოფილი სპორტსმენებით, განსაკუთრებით მოჭიდავეებით. ეს ტენდენცია დღემდე გრძელდება რუსეთში და ვერავინ იტყვის, რომ პოლიტიკოსმა სპორტსმენებმა რუსულ პოლიტიკაში რაიმე მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს.
საქართველოში სპორტსმენების პოლიტიკაში და კონკრეტულად, პარლამენტში მოსვლა ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას დაიწყო. ლევან თედიაშვილი ორჯერ, რომან რურუა და მანუჩარ მაჩაიძე თითოჯერ იყვნენ დეპუტატები. ეს ვინც უცებ გამახსენდა, შესაძლოა, სხვებიც იყვნენ და ვერ ვიხსენებ. ეს პრაქტიკა გაგრძელდა და მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ძალოსანი გია ასანიძე გახდა დეპუტატი „ნაცმოძრაობიდან“. 2016 წელს, პარლემენტის წევრი 11 სპორტსმენი გახდა. აქედან 10 „ქართული ოცნებიდან“, ერთი, ძიუდოისტი ზაზა კედელაშვილი „ნაცმოძრაობიდან“. მოდით, გავიხსენოთ, ვინ იყვნენ და ვინ არიან „ქართლი ოცნების“ დეპუტატი სპერტსმენები. ფეხბურთელები კახი კალაძე, ლევან კობიაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი, მორაგბეები ბიძინა გეგიძე და ირაკლი აბუსერიძე, მოჭიდავეები ლერი ხაბელოვი, მუხრან ვახტანგაძე, ძიუდოისტები შოთა ხაბარელი, თემურ ხუბულური, გია თორთლაძე. მათგან მხოლოდ კახი კალაძემ დატოვა პარლამენტი ენერგეტიკის მინისტრად დანიშვნის გამო, დღეს კი თბილისის მერია. თუმცა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს, მაინც პოლიტიკაშია და მეტიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ–ერთი გავლენიანი ლიდერია. უკაცრავად, ქრონოლოგია რომ დავარღვიე და 2012 წლის პარლამენტში, „ქართული ოცნებიდან“ ძიუდოისტი ზურაბ ზვიადაური იყო. სპორტსმენებს უნდა მივათვალო ვეტერანი მკლავჭიდელი სოსო ჯაჭვლიანიც, რომელიც ამავე პერიოდში გახლდათ დეპუტატი და ისიც „ქართული ოცნებიდან“. ამ ეტაპზე, 4 სპორტსმენი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი მმართველი პარტიიდან, მაგრამ როგორც ვიცი, კიდევ რამდენიმე სპორტსმენი ეყოლებათ პროპორციულ სიაში. შესაძლოა, სხვა პარტიებშიც ვიხილოთ დეპუტატობის კანდიდატებად არა მარტო ყოფილი, მოქმედი სპორტსმენებიც.
პოლიტიკურ პარტიებს სპორტსმენების პროპორციულ სიაში ჩასმა თუ მათი მაჟორიტარებად დაყენება, ორი მიზეზით სჭირდებათ – მათ ხალხი იცნობს, დამსახურებული ადამიანები არიან, სპორტულ სარბიელზე ბევრი გაუკეთებიათ ქვეყნის სასიკეთოდ, ეს ქვეყანა უსახელებიათ თავიანთი მიღწევებით. შესაბამისად, ხალხის ეს პატივისცემა, არჩევნების დროს ხმებში გადაიზრდებაო, ფიქრობენ. მეორე ის გახლავთ, რომ პოლიტიკაში მოსვლის დროისთვის, მათ საკუთარი შრომითა და ოფლით ნაშოვნი ქონება აქვთ.
კარგი, ეს გასაგებია, რატომაც ეძალებიან სახელოვან სპორტსმენებს პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელები, მაგრამ რაც ჩამოვთვალე, იმათ მაგალითზე განვიხილოთ, რა მოუტანა მათმა დეპუტატობამ ქვეყანას. მარტო პარლამენტარობა ხომ არ არის? პარლამენტარი რომ ხარ, უნდა იმუშაო, საკანონმდებლო საქმე უნდა გააკეთო, კანონი უნდა დაწერო და სხვისი ინიცირებული კანონპროექტი უნდა შეასწორო. კარგი, სპორტის შესახებ რაც კანონპროექტები იქნება, იმას, შესაძლოა, გაართვას თავი სპორტსმენმა დეპუტატმა, რადგან ეს სფერო მისთვის ნაცნობია, მაგრამ დანარჩენი? ვინც ჩამოვთვალე, ამ სპორტსმენების უმეტესობას უმაღლესი განათლების დიპლომებს მხოლოდ იმიტომ აძლევდნენ, რომ დიდი სპორტსმენები იყვნენ, ზოგიერთები ლექციებს საერთოდ არ დასწრებიან. რეალური პროფესიული განათლება არ აქვთ, ვერც ინტელექტით დაიკვეხნიან. მეტიც, ზოგიერთებს სრული სასკოლო განათლებაც არ გააჩნიათ. კონკრეტულ ფაქტს მოგახსენებთ. ერთ–ერთმა დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“, დეპუტატის მანდატი რომ ჩაიდო ჯიბეში, მას შემდეგ დაიწყო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან სიარული, რადგან გამართულად წერა არ შეეძლო. მარტო წერა? მეტყველებაც უჭირდა, დანაწევრებით მეტყველებდა და აზრის გამოხატვას ძლივს ახერხებდა, სიტყვებს მართლა ჯიბეში ეძებდა. მასწავლებელი მასთან პარლამენტში დადიოდა და ელემენტარულ მართლწერას და გამართულ მეტყველებას ასწავლიდა. დავალებას რომ აძლევდა, იმასაც პარლამენტში სწავლობდა, ჩაიკეტეოდა კაბინეტში და ისე. სახლში არ მეცადინეობდა, რცხვენოდა, რომ შემთხვევით, ვინმე, გარეშეს არ ენახა, მე–6 კლასის გრამატიკის წიგნით ხელში. ახლა ასეთი დეპუტატი კანონს დაგიწერს? ასეთი დეპუტატი ორატორად გამოდგება? არადა, დაუწერელი კანონია, პოლიტიკოსს ორატორული ნიჭიც უნდა გააჩნდეს. ხალხს თუ შენი სათქმელი გასაგებად და ემოციურად ვერ გადაეცი, მაშ, რაღა გინდა პოლიტიკაში?
ვინც ჩამოვთვალე, იმ სპორტსმენთა უმეტესობას ვიცნობ, ბევრ მათგანთან პირადი შეხვედრებისას თუ სატელეფონო ინტერვიუები მრავლად გამიკეთებია, კომენტარებიც ჩამიწერია. ცხადია, ადამიანთან ინტერვიუებს რომ გააკეთებ, მის გონებრივ შესაძლებლობაზე, განათლებაზე, ინტელექტზე თითქმის სრულყოფილი წარმოდგენა გექმნება. მით უმეტეს, მათთან სპორტის გარდა სხვა თემებზეც მისაუბრია. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა და ამის დამტკიცებაც შემიძლია, ქართველი სპორტსმენები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, რბილად ვიტყვი, პოლიტიკაში მისაშვებები არ არიან. არც განათლებით, არც ინტელექტით არ არიან საამისოდ მზად.
სპორტსმენის საქმე პოლიტიკა არ არის, მით უმეტეს, საპარლამენტო, კანონშემოქმედებითი საქმიანობა. კანონი რომ მიიღო, შეცვალო, გადააკეთო, სხვის ინიცირებულ კანონპროექტს დაუჭირო მხარი, იმ სფეროს ზედმიწევნით კარგად უნდა იცნობდე, რომელ სფეროსაც ეს კანონები ეხება. მთელი ცხოვრება რომ სპორტსმენობის გარდა არაფერი გიკეთებია, ვარჯიშის და შეჯიბრების გარდა, უბრალოდ, სხვა საქმისთვის ვერ იცლიდი, დიდი სპორტსმენი რომ იყავი, მხოლოდ იმიტომ ჩაგაბარებინეს უნივერსიტეტში, მხოლოდ იმიტომ მოგცეს დიპლომი, სადაც გიწერია იურისტი, ეკონომისტი, ფინანსისტი, მაგრამ რეალურად საკუთარი პროფესიის გაგებაშიც კი არ ხარ. კარიერას რომ ასრულებ, რატომ მაყენებ შეურაცხყოფას და რატომ ხდები დეპუტატი? რატომ იყენებ ბოროტად ხალხის სიყვარულს და პატივისცემას? რატომ კიდებს ხელს საქმეს, რომლისაც არაფერი გაგეგება? თქვენ ვერ შეგედრებით, მაღალი დონის სპორტსმენები ხართ, ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები, თუმცა, ჩემს პროფესიაში მეც რაღაცას წარმოვადგენ, მეორეხარისხოვანი ჟურნალისტი არასდროს ვყოფილვარ და უწიგნურობასაც ვერავინ დამაბრალებს. ახლა რომ ავდგე და ძიუდოს ან ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობაზე გამოვთქვა პრეტენზია, ხომ მეტყვით, წადი ბიძია, წერე, იმ საქმეს მიხედე, რაც აქამდე გიკეთებია, პროფესიონალებმა მიხედონ მაგ სფეროებსო, მეტყვით და მართლებიც იქნებით, იმის მიუხედავად, რომ 14 წელი სპორტულ ჟურნალისტიკაში ვიყავი და ძიუდოსა და ფეხბურთის შესახებ გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე პოლიტიკაში წასულმა ძიუდოისტებმა და ფეხბურთელებმა პოლიტიკისა.
ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა. იმ სპორტსმენების უმეტესობა, ვინც პარლამენტარი გახდა, როდესაც მოქმედი სპორტსმენი იყო, ხშირად უწევდათ ტელეჟურნალისტებისთვის ინტერვიუებისა და კომენტარების მიცემა, სპორტულ თოქ–შოუებში მონაწილეობა. ზოგი მათგანი მწვრთნელი ან სპორტული ფედერაციის მენეჯერი იყო და ამ რანგში უწევდათ იგივეს გაკეთება. ეს ტელეგადაცემები ხალხს ნანახი აქვს და ეს ხალხიც ახსოვს, მათი საუბარიც ახსოვს და ისიც ახსოვს, ბევრ მათგანს აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება რომ უჭირდა. მას აქეთ, არც არაფერი შეცვლილა. ეს ადამიანები წავიდნენ პარლამენტში და უმეტესობა ჩუმად არის. ქვეყანა ინგრევა, ეკონომიკა იქცევა, ლამის რევოლუციები მოხდა საქართველოში და მათი ხმა საერთოდ არ გაგვიგია. რატომ? ერთი, რომ არ იციან რა თქვან, მეორე, ის არ იციან, როგორ თქვან. სპორტში ყოფნისას რომ იყვნენ, ისევ ისინი არიან. ძირისძირობამდე რომ იციან, იმ სფეროს შესახებ საუბრისას უჭირდათ აზრის ნათლად და გასაგებად ჩამოყალიბება და აზრზე რომ არ არიან, იმ სფეროს, პოლიტიკის შესახებ რა უნდა თქვან? ამიტომ დაარქვა ხალხმა მათ „მდუმარე დეპუტატები“. თუ იტყვიან რაიმეს და ეს კიდევ უარესი. სოსო ჯაჭვლიანი გავიხსენოთ, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ი–ბი–არ–დი და სექსი აერია ერთმანეთში. მეტი რაღა უნდა დაემართოს დეპუტატს? მესამე წელი დეპუტატი რომ ხარ და ი–ბი–არ–დი–ს შესახებ არც კი გსმენია. აბა, რა იცი? მკლავჭიდი? კი, ბატონო, სოსო ჯაჭვლიანი მკლავჭიდის ფედერაციის წარმატებული პრეზიდენტი იყო იმ პერიოდში, როდესაც დეპუტატი გახდა. ადგნენ, მკლავჭიდსაც მოაცდინეს და ვერც ქართულ პოლიტიკას შემატა რაიმე. დალოცვილო, რატომ იხდი თავს ხალხის დასაცინად? სოსო ჯაჭვლიანი მარტო მკლავჭიდელი და ფედერაციის მენეჯერი არ არის. ის თენგიზ აბულაძის კინო–შედევრში, „ნატვრის ხეში“ თამაშობს ლიკა ქავჟარაძესთან ერთად და არაპროფესიონალმა, პირველივე როლით გედიას დაუვიწყარი სახე შექმნა. აი,აქედან უყვარს ხალხს სოსო ჯაჭვლიანი. მაშინ ძიუდოისტი იყო. გამოუცდელს ეს საქმე, მსახიობობა გამოუვიდა, მაგრამ პოლიტიკა სხვაა და მით უფრო, საკანონმდებლო საქმიანობა. ეს ურთულესი საქმეა და ვისაც შეუძლია, მხოლოდ მათ უნდა აკეთონ.
ვინმემ არ მინდა დამწამოს, რომ სპორტსმენებს შეურაცხყოფას ვაყენებ და ზომაზე მეტად ვაკრიტიკებ. ვიმეორებ, 14 წელი ვიყავი სპორტულ ჟურნალისტიკაში, ყველა პრესტიჟულ სპორტულ გაზეთში მიმუშავია, ყველა ცნობილი საზოგადოებრივ–პოლიტიკური გაზეთის სპორტული კორესპონდენტი ვიყავი, ვიყავი ქართული საინფორმაციო სააგენტოების პირველი სპორტული ჟურნალისტი, კერძოდ, საგენტო „ინტერპრესისა“, საქართველოს დამოუკიდებელ სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პირველი პრეზიდიუმის წევრიც გახლდით. მე რომ ვიცი, ნეტავ ბევრმა ისე იცოდეს სპორტსმენების ფასი. სპორტი მკვდარი რომ იყო საქართველოში, იმ წლებში აქტიურად ვეწეოდი სპორტის პოპულარიზაციას. თან მეტწილად ისეთი სახეობებისას, თუ გაცოცხლდებოდნენ, ბევრს არც ეგონა. ასევე, საქართველოში ახლად დანერგილი სპორტის სახეობებიც მე მებარა ყველა გაზეთში. სხვათაშორის, მკლავჭიდში საქართველოს პირველი ჩემპიონატი მე გავაშუქე „ლელოში“. ორჯერ ავიკიდე ფილტვების ანთება სპორტული ღონისძიების გაშუქებისას. დიღმის საჭიდაო კომპლექსში, გაყინულ დარბაზში საქართველოს ჩემპიონატს ვესწრებოდი თავისუფალ ჭიდაობაში და სპორტის სასახლეში, სადაც ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატს ვაშუქებდი. თავს არ ვიქებ, მართლა თავდადებული სპორტული ჟურნალისტი ვიყავი. 90–იან წლებში, ზამთარში უტრანსპორტობისას, წყნეთიდან ფეხით დავდიოდი თბილისში და მაინც ვაშუქებდი სპორტულ ასპარეზობებს. ეს ის დროა, როდესაც კაპიკებს გვიხდიდნენ ჟურნალისტებს, ზოგჯერ ისიც არ ვიცოდით, გაზეთი გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ მაინც ვმუშაობდი, მაინც ვწერდი. ბევრჯერ შემრჩენია ხელთ დაწერილი და გამოუქვეყნებელი სტატია – გაზეთი არ გამოსულა. მაინც ვმუშაობდი. ორადორი მოტივაცია მქონდა, როდესაც ამას ვაკეთებდი – საკუთარი პროფესიისა და ქართული სპორტის სიყვარული. ჰოდა, რაც და ვინც გიყვარს, ის უფრო გტკივა. ამიტომაც მივეცი თავს უფლება, გამეკრიტიკებინა ჩვენი გაპოლიტიკოსებული სპორტმენები. მენანება პოლიტიკას შეწირული მათი სახელი და რეპუტაცია, გული მტკივა ხალხის სიყვარული ასე ფუქსავატურად რომ გაფლანგეს. არადა, მის მოსაპოვებლად, წლები და თავდადებული შრომა დასჭირდათ.
ვინმემ რომ არ დამწამოს, ყველა სპორტსმენი ერთ ტაფაში მოხრაკე და ყველანი უცოდინრები და გაუნათლებლები გამოიყვანეო, ვიტყვი, რომ სასიამოვნო გამონაკლისებიც იყვნენ ქართულ პარლამენტში. მაგალითად, მანუჩარ მაჩაიძე და რომან რურუა, განათლებული, პატრიოტი ადამიანები, რომლებიც პარლამენტში ხმის მიმცემებად, პულტზე თითის დამჭერებად არ ყოფილან. დღეს კანონი „სპორტის შესახებ“ რომ გვაქვს, ეს მანუჩარ მაჩაიძის დამსახურებაც არის. ის გურამ შარაძის თანამოაზრე და თანამებრძოლი იყო და მის მოკლასაც კი აპირებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, იმდენი პრობლემა შეუქმნა. რომან რურუა პარლამენტში ყოფნისას ყველაფერს აკეთებდა მრეწველობის ასაღორძინებლად, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება არ იყო ქვეყანაში და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ვერაფერი შეცვალა. იცით, რა მითხრა რომან რურუამ? ცხოვრებაში ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა პოლიტიკაში მოსვლა და დეპუტატობა იყო, რადგან 4 წელი მოვცდი და ამ დროში ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებდიო. ამას ამბობს კაცი, რომელიც ტყულად მართლა არ ყოფილა პარლამენტში.
ბოლოს კი იმას ვიტყვი, რომ ზაზა ფაჩულიას არაერთხელ შესთავაზეს დეპუტატობა, მაგრამ არავის დათანხმდა. დაასრულა კარიერა და ახლა „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ მენეჯერია ბიზნესის საკითხებში. ნბა–ს ორგზის ჩემპიონია, 16 წელი გაატარა მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ საკალათბურთო ლიგაში, საქართველოს ნაკრების კაპიტანიც იყო და ბევრი გააკეთა ქართული კალათბურთისთვის. ადგა და იქ წავიდა სამუშაოდ, სადაც მისი საქმე იყო, რაც იცის – საკალათბურთო კლუბში. მიბაძეთ ზაზას, პოლიტიკოსობის მოსურნე ქართველო სპორტსმენებო, ნუ გამოაყენებინებთ თავს გაქნილ პოლიტიკოსებს. ნუ მოჰკიდებთ იმ საქმეს ხელს, რომლის გაგებაშიც არ ხართ და ნუ ანაცვალებთ დეპუტატობის წლებს ხალხის იმ უდიდეს სიყვარულს, რომლის მოპოვებაც ძალიან ძვირად დაგიჯდათ.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №33
კომენტარები