ობიექტურები უნდა ვიყოთ და ვთქვათ სიმართლე, ბიძინა ივანიშვილმა ამჯერადაც იგივე „ტრიუკი“ გაათამაშა, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. პოლიტიკურ უწიგნურებს ჰგონიათ, რომ მაშინ ოლიგარქი ივანიშვილი ზოგიერთ კანდიდატში შეცდა. არა, ბატონებო, არაფერშიც არ შემცდარა. პოლიტიკური კონიუნქტურა მაშინ ზუსტად ასეთებს ითხოვდა, ისევე, როგორც 2013 წელს ითხოვდა პოლიტიკური კონიუნქტურა, რომ სოროსის მიმდევარი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. ასე გრძელდება დღესაც. თუ დღეს სოროსელს არ აყენებს ნომერ პირველ კანდიდატად საპარლამენტო ოცეულში, მხოლოდ იმიტომ, რომ სოროსი დასუსტდა. ეშმაკია, ბატონი ბიძინა. ხშირად ვიხსენებ სიკო დოლიძის ფილმს „შეხვედრა წარსულთან“, თუ როგორ აჩერებს კულაკი ალმასხანი საკუთარ თავსაც და თავის შვილსაც, რომ პირდაპირ არ ჩაერიონ დიდ შეტაკებაში. აქაც ასეა. ამჯერად ბიძინამ სოროსელი აღარ წამოწია ნომერ პირველ კანდიდატად, ის ცდილობს, ალმასხანივით აირიდოს ბრძოლის ცენტრში აღმოჩენა. ერთი ვთქვათ, იმ ოცეულში წარმოდგენილი კანდიდატები რომელ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ნამყოფები. მათი ფუნქცია იქნება, ღილაკს დააჭირონ ხელი ბრძანების მიხედვით და პოლიტიკოსობაზე პრეტენზიაც არ ექნებათ. კანონპროექტები პარლამენტის მიღმა დამზადდება. ასე რომ, ამ ვითომ დეპუტატებს მარტო ღილაკებზე მოუწევთ თითების დაჭერა. სარგებელსაც ნახავენ, მუქთაზე კი არ იმუშავებენ, მაგრამ მოკლე ჯაჭვზე იქნებიან დაბმულები.
ვითომ არჩევნებში ლამის ასამდე პარტია მონაწილეობს, მაგრამ აქედან სულ რამდენიმეს აქვს ფინანასური კაპიტალი, რომ იყიდონ სადეპუტატო მანდატები. აბა, რა გინდათ ამაზე უკეთესი, რამდენი პარტიაა, აირჩიეთ. მაშინ, როდესაც მოკრძალებული დუმილით გვერდს უვლიან, თუ რა ჯდება პარლამენტის დეპუტატის ერთი მანდატის ყიდვაც კი. ხოლო ათეულობით პარტია ერთადაც რომ შექუჩდეს, ერთი დეპუტატის მანდატსაც კი ვერ იყიდის. რეალობაში ოლიგარქიას ისინი სჭირდება, როგორც პოლიტიკური სპექტაკლის დეკორაციები, შესაბამისად, უხდის კიდეც, როგორც დეკორაციებს შეშვენით. სანამ პოლიტიკურ ფინანსურ „ფაფას“ აჭმევს ოლიგარქი, ასეც იქნებიან. აბა, დააკვირდით, როგორ ჩუმად არიან პაწაწები, როდესაც მაძღრად არიან. მაგათ ვენაცვალე. ასეთივე პაწაწების ცნობიერება აქვთ. მერე რა, რომ საქართველოში რამდენიმე ასეულ ათასობით ბავშვი შიმშილობს, ვერ იღებენ სათანადო კალიროებს, ვიტამინებს, ცილებს, სამაგიეროდ, მაძღრად არის ეს ჩლუნგი სადეპუტატო კორპუსი. ეს ბავშვები არ იწყევლებიან, მაგრამ ერთმა თქვენნაირმა ხომ კარგად დაგწყევლათ და არ აგცდეთ არცერთი! კარგად იცის მან, თქვენ რანი ხართ, რადგან ისიც თქვენნაირია. როგორც მან დაახვია „პატრიოტთა ალიანსიდან“, თქვენც ისე დაახვევთ ბიძინასგან. ერთი პატარა ბიძგი გინდათ და ტანკებს არცერთი არ შეუვარდებით ბიძინას გამო. არცერთი თქვენგანი არა ხართ პოლიტიკოსი.
პირველ ოცეულში აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რატომ არავინ შეიყვანეს სიაში? ააა, ეს უკვე მკვდარი თემაა? სპეციალურად, რომ არავინ თქვას არაფერი აფხაზეთზე. ეტყობა, ასეთი მითითება აქვთ თავიანთი პატრონისგან. გავიხსენოთ ისტორია. რუსეთის სათათბიროში 6 ბოლშევიკი შევიდა მუშათა კლასიდან 450 დეპუტატიან სახელმწიფო სათათბიროში. 6 ბოლშევიკიდან ერთი ჟანდარმერიის აგენტი იყო, რომელსაც მოპარული პასპორტი ჰქონდა. დანარჩენი 5 დეპუტატი აზანზარებდა 450 დეპუტატიან პარლამენტს და მთელ სახელმწიფოს. ჩვენს პარლამენტში 2-3 კაციც რომ შევიდეს ასეთი მებძოლი, საქართველოს პარლამენტი დაემსგავსება ბრძოლის ველს.
ყველამ კარგად დაინახა, რაც მოხდა 2001 წელს. შევარდნაძე და ასლან აბაშიძე, თურმე, ერთად ყოფილან. ახლა რომელ ბრიყვს ჰგონია, რომ ქოცები და ნაცები სხვადასხვაა?! ერთი ღორი მეორე ღორს დინგს რომ კრავს, მე უფრო ახლოს მიმიშვი გობთანო, ამას რა, ხალხის სასიკეთოდ აკეთებენ ღორები? მერე რა, საქართველოს აბროლუტური უმრავლესობის 70% არჩევნებში მონაწილეობას რომ არ იღებს. ესენი ღილაკებზე ხელის დაჭერით გაიტანენ თავს. „ალია“ წერდა, რაგბისტ დეპუტატ აბუსერიძეზე. ის ოთხი წელი ავეჯივით იდო პარლამენტში. ნიკა მელია გააგდო პარლამენტის დარბაზიდან და სულ ეს იყო ამ დიდი პოლიტიკოსის საპარლამენტო მოღვაწეობა. მისმა ვაზისუბნელმა ამომრჩევლებმა „მუნჯი“ დაარქვეს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, სახელად მუნ ჯე ინი, კორეის გაერთიანებისთვის რომ იბრძოდა, მაგაში არ შეგეშალოთ. როგორც ლუარსაბ თათქარიძე იყო ნიმუში მცონარა ქართველი თავადებისა, ისე აბუსერიძე არის ნიმუში ქართველი დეპუტატებისა, ასე რომ, ბიძინა ივანიშვილი ახლის კი არა, ძველის, ოღონდ რესტავრირებული ავეჯის შეტანას აპირებს პარლამენტში.
გაიხედავ და ყველგან ამას კითხულობენ – რატომ ვარ ღატაკიო? იმიტომ ხარ ღატაკი, რომ მჩაგვრელზე ამყარებ იმედებს, ოლიგარქ ივანიშვილზე და ფაშისტ სააკაშვილზე. ბიძინა ივანიშვილი რომ მართლა ქველმოქმედად გადაიქცეს, მაშინ მასაც ისე გაუსწორდებიან, როგორც ბადრი პატარკაციშვილს გაუსწორდნენ. თუ ფიზიკურად არ მოკლეს, ეკონომიკურად გააკოტრებენ. ბოლო 35 წელიწადს ამ ხალხისთვის რაღაც ხომ უნდა ესწავლებინა. მაგრამ, თქვენც არ მომიკვდეთ… სანამ კლასობრივ შეფასებებს არ მისცემენ პოლიტიკოსებს, მანამდე „სააკაშვილ-ივანიშვილის კომპანია“ ასეთ ფორმაში იარსებებს. ჰოდა, გაიგეთ, ხალხო, ესენი ერთი კომპანიაა. ამიტომ პარლამენტში მხოლოდ მოლაპარაკე ავეჯს გამოცვლიან. ხანდახან უცხოურ ავეჯსაც გაურევენ. ხომ გახსოვთ, საბჭოთა პერიოდში ფინური „სტენკა“ რა მოთხოვნადი იყო… აგერ, შეხედეთ, ბოლო 6 თვის განმავლობაში 650 მილიონი დახარჯეს საგარეო ვალების მომსახურებაში. 3 მილიარდ ნახევარი ვალი ტირანმა შევარდნაძემ დაადო ქვეყანას. სააკაშვილმა 7 მილიარდ 800 მილიონი ვალი დატოვა. ამათ 18 მილიარდამდე გაზარდეს საგარეო ვალი…
ახლა გაიქეცით და ბრძოლის მაგივრად, თქვენს დამქცევებს მიეცით ხმა…
ნანა სულავა, ალია №33
კომენტარები