თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში 4 პაციენტი რჩება, მათგან ორი საქართველოს, ორი კი ჩინეთის მოქალაქეა. ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, ამ დროისათვის კორონავირუსი არც ერთ პაციენტს უდასტურდება. გამოკვლევების საბოლოო პასუხს კი რამდენიმე საათში ლუგარის ლაბორატორია გამოაქვეყნებს.
ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს ქართველი დედა-შვილი. ისინი ვირუსის გავრცელების ზონაში, ქალაქ უხანში 14 დღე იმყოფებოდნენ და მესამე ქვეყნის გავლით, საქართველოში გუშინ დაბრუნდნენ. მათ აეროპორტში ცხელება და რესპირაციული ინფექციის ნიშნები დაუდგინდათ, პნევმონია არ დადასტურდა, ბავშვი გაწერეს, დედა კი საავადმყოფოში რჩება.
ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული ქართველი ახალგაზრდა კაციც, რომელიც ასევე გუშინ დაბრუნდა ჩინეთიდან. ირკვევა, რომ 24 წლის კაცი პეკინში მუშაობს და ჩამოსვლიდან მალევე ტემპერატურამ აუწია. ექიმების ცნობით, პნევმონია არც მას დაუდასტურდა და დაკვირვების ქვეშ რჩება. საავადმყოფოშია ყაზბეგიდან გადმოყვანილი ორი ჩინელი ბავშვიც, რომელთაც ექიმებმა „ა“ ტიპის ვირუსი დაუდგინეს. ირკვევა, რომ 9 ჩინელი ტურისტი საქართველოში 21 იანვარს აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა. ბავშვების თანმხლები პირები ბინაში, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.
კომენტარები