დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი მმართველი გუნდიდან მისი ოპონენტის, გოგი მეშველიანის ძმას, გოჩა მეშველიანს ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს.
როგორც ოქრიაშვილმა “2020NEWS“-ს განუცხადა, ბოლნისში მომხდარ ძალადობაში სამართალდამცველებიც არიან ჩართული, რის გამოც დაწყებული საგამოძიებო პროცესის ობიექტურობის არ სჯერა:
“თეთრწყაროში დიდი ცემა-ტყეპა მოხდა. სოფელ ნახიდურში ჩემი მხარდამჭერები პლაკატებს აკრავდნენ, შემდეგ შევიდნენ ჩაიხანაში, ჩაის დასალევად. გივი მეშველიანის ძმა, გოჩა მეშველიანი თავის არმიასთან ერთად ჩაიხანაში შევარდა, კარები ჩარაზა და ჩემს მხარდამჭერებს ცემა დაუწყო.
15 მანქანით ჩავიდნენ ჩემი მხარდაჭერების დასასჯელად. სოფლის მოსახლეობა, რომ არ ჩარეულიყო, ალბათ დახოცავდნენ.
მათ ვერ გააცნობიერეს, რომ სოფელში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სხვა პოლიტიკური ხედვები აქვთ. ბოლნისში ჩემს ყველა პლაკატს ახატავენ გაუგებარ ფიგურებს, ასევე ხევენ. ჩვენი რკინის ბანერიც კი მოჭრეს.
„გუშინ, დილის 5 საათზე ჩემი შტაბს თავს დაესხნენ და დაარბიეს. ეს არ არის რაღაც დაპირისპირება, ეს არის ბანდიტიზმი. თავად მეშველიანმა ჩამოაყალიბა ბანდიტური დაჯგუფება, რომელსაც მისი ძმა ხელმძღვანელობს.
ეს ყველაფერი სამართალდამცველების მფარველობის ქვეშ ხდება. დაუსჯელობის სინდრომი მეფობს. ხშირ შემთხვევაში სამართალდამცველები თავად არიან ჩარეული და გეგმავენ პოლიტიკურ დაპირისპირებას“
კითხვაზე, რატომ გადადიან მისი მხარდამჭერები “ქართულ ოცნებაში“, კახა ოქრიაშვილი გვპასუხობს, რომ ის ადამიანები, რომლებზეც ცხადდება, რომ მის შტაბს ტოვებენ, არასოდეს ყოფილან მისი მხარდამჭერები.
“დიდი მადლობა სამთავრობო ტელევიზია “იმედს“, რომ რეიტიგი გამიზარდა, რადგან ყოველდღე ჩემზე რეპორტაჟს აკეთებენ. ყოველდღე “ოცნების“ ორ მხარდამჭერს ჩაწერენ და აშუქებენ, ვითომ ჩვენ გვტოვებენ. არადა, ეს ადამიანები ჩემი მხარდამჭერები არასოდეს ყოფილან.
საერთოდ, სამთავრობო ტელევიზიას თუ უყურებთ, დარწმუნდებით, რომ საქართველოს მოსახლეობა ბედნიერად ცხოვრობს“
ცნობისთვის, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. მხარეები მომხდარში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას.
კომენტარები