ხაშურში, ყოფილი ქმრის მიერ დაჭრილი 23 წლის სალომე ჩიქოვანი ხუთთვიანი კომის შემდეგ გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი ხაშურში, რუსთაველის ქუჩაზე, უამრავი თვითმხილველის თანდასწრებით, ყოფილმა მეუღლემ დაჭრა. შემთხვევა 2020 წლის 5 მარტს მოხდა. ფაქტი ქუჩაში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერებმა აღბეჭდეს. ექიმების განცხდებით, ქალს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.
Ambebi.ge გარდაცვლილის დედას, ნინო ჩიქოვანსაც ესაუბრა:
“გვთხოვს პატიებას, ბავშვებს დედა არ ყავს და მამა მაინც შეუნარჩუნეო. ისეთი ჩვენება მიეცი, რომ ციხიდან მალე გამოვიდეო. ბავშვები რო სდომოდა, დედას არ მოუკლავდა. ეგ ციხეში უნდა დალპეს. ისეთები ისაუბრა დედამთილმა ჩემს შვილზე ტელევიზიით, როგორ იკადრა, არ ვიცი. მოთამაშე იყო ჩემი სიძე და გაშორდა ჩემი შვილი, არ უნდოდა შერიგება. აზრი არ აქვს მაგასთან შერიგებას, არ იცვლება უკეთესობისკენ. 12 ჭრილობა მიაყენა ჩემს შვილს იმ არაკაცმა. შერიგებას აიძულებდა. თუ არ შემირიგდები, სხვასთანაც არ იქნები და მოგკლავო. ახლა კიდე აქეთ გვემუქრება, ბავშვებს თვალით არ განახებ, თუ არ დამეხმარები ციხიდან მალე გამოსვლაშიო, მწერს ციხიდან. რაც შეიძლება მკაცრად უნდა დასაჯონ, რადგან, საშიშია ყველასთვის ეგ ადამიანი”
28 წლის მიხეილ ლომსაძე, რომელმაც საკუთარი მეუღლე, სასიკვდილოდ დაჭრა, წინასწარი პატიმრობის ფარგლებში გლდანის მერვე დაწესებულებაში იმყოფება. საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.
გარდაცვლილი ქალის ინტერესებს “საფარი” იცავდა. ორგანიზაციის ადვოკატი, ელისო რუხაძე ამბობს, რომ მკვლელობაში ბრალდებული ციხიდან გარდაცვლილის დედას მუქარის წერილებს უგზავნის და შურისძიებით ემუქრება.
“ალბათ მუხლი განზრახ მკვლელობად გადაკვალიფიცირდება, დამამძიმებელ გარემოებაში. გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს პროცესები. აღსანიშნავია, რომ მკვლელობაში ბრალდებულის დედა იყო “ნანუკას შოუში”, სადაც დისკრიმინაციულად ისაუბრა გარდაცვლილზე. ამის გამო, ჩვენ ნანუკას ვუჩივლეთ ეთიკის ქარტიაში და საქმე მოვიგეთ. ყველაზე მძიმე ის არის, რომ 6 წლის და 3 წლის ბავშვები ამ მკვლელის დედასთან იზრდებიან.
ეს “საფარის” საქმეებს შორის ერთ-ერთი უმძიმესი საქმეა. ყველაზე ამაზრზენი ის არის, რომ თავად მოძალადემ შვილმკვდარ დედას ციხიდან გამოუგზავნა წერილი – ნოტარიალურად დამიწერე, რომ პრეტენზია არ გაქვს, თორე ბავშვებს არ განახებო! მსგავსი სითავხედე დღემდე არ მინახავს, მაგრამ ბავშვებით ვაჭრობა ახალი რომ არაა ამ ქვეყანაში, ყოველდღე ვრწმუნდები”, – აცხადებს ელისო რუხაძე.
ამბები.ჯი
კომენტარები