“ლელოს” გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე მარნეულში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ქვეყნაში განუკითხაობაა, წინასაარჩევნო პერიოდი კი დაძაბული. საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თავდასხმის დროს დაზარალებულებს სოლიდარობა გამოუცხადა.
“სამწუხაროდ, თბილისში არ ვიმყოფები და ამ წუთებში მარნეულში ჩასვლას ვერ ვახერხებ, რომ ადგილზე უშუალოდ მოვინახულო დაზარალებულები.
ფაქტია, ქვემო ქართლის რეგიონში რამდენიმე დღეა სიტუაცია თანდათანობით დაიძაბა. ხელისუფლება ამ რთული მოცემულობის განმუხტვის ნაცვლად, საკუთარი განცხადებებით, ხელს უწყობს სიტუაციის ესკალაციას.
ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობაა ის, რაც ორი დღის წინ ბოლნისში, გუშინ გლდანში, დღეს მარნეულში და ზოგადად მთელ საქართველოში ხდება. ამ ხელისუფლებას ან პროცესების მართვის უნარი აღარ შესწევს, ან თვითონ არის ინციდენტის ინსპირატორი. ყველამ მკაცრად უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა და წაახალისა. ჩემი სოლიდარობა ჟურნალისტებს და ყველა დაშავებულს.
31 ოქტომბერს ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს,”-აცხადებს ჯაფარიძე.
კომენტარები