ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში, წერს:
“ვირუსები როდის დასრულდება და დასრულდება თუ არა, არავინ ვიცით. აქამდეც, რაც დავპაუზდით, ეკონომიკა იქნება, სკოლა, უმაღლესი თუ სხვა აქტივობები, ამის მძიმე შედეგებს ჯერ კიდევ წინ მივიღებთ. ყველაფერი რომ გავაჩეროთ, ეს ძალიან მძიმე პერსპექტივებს შექმნის, ამიტომ კოვიდის სტატისტიკის მიუხედავად, უბრალოდ, უნდა შევძლოთ ცხოვრებამ, ისე როგორც ასე თუ ისე ავუწყვეთ ფეხი ე.წ. “ქათმის გრიპს”, “ღორის გრიპს” და ა.შ. სადაც ასევე იყო ლეტალური შედეგები, თუმცა სტატისტიკა ამ ყველაფრის მაშინ არ გაკეთებულა, არც დაავადებულების, არც მძიმე თუ მსუბუქი ფორმის, არც სიკვდილიანობის.
გასაგებია, რომ ქოვიდის მთავარი საშიშროება მისი ჯერ კიდევ უცნობი ბუნება და მასზე ზემოქმედებაა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ იძულებულები ვართ ვიცხოვროთ მასთან ერთად, ნებისმიერი ჩაკეტილობა კი მომავალს კიდევ უფრო დაამძიმებს.
ამიტომაც, არაფრით უნდა შეწყდეს სკოლებში სწავლა, აუცილებლად უნდა იაროს ყველა კლასის მოსწავლემ სკოლაში, რადგან ყველა საფეხური მნიშვნელოვანია სკოლაში სწავლისას. აუცილებლად უნდა დაიწყოს სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში აუდიტორიებში და ა.შ.
როდესაც განათლების აუცილებლობაზე ვსაუბრობთ და ჩაკეტილია განათლების კერები, ეს ნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ მივიღებთ კიდევ უფრო მძიმე შედეგებს ცოდნა-უნარებისა და მომავალში სპეციალისტების კვალიფიკაციის მხრიდან.
ინტერნეტ სწავლების ის ფორმები, რასაც ჩვენთან დისტანციური სწავლება ჰქვია, საერთოდაც არ არის ინსტრუმენტულად დისტანციური სწავლება, ეს ფორმა მხოლოდ მცირე თანამშრომლობაა მოსწავლე-სტუდენტებთან და არც მეტი. დისტანციური სწავლება ბევრად უფრო ძვირი სიამოვნებაცაა და ფუფუნებაც და ცხადია, საკმაოდ ეფექტურიც, მაგრამ არა ის, რასაც ჩვენ ვეძახით დისტანციურ სწავლებას.
ეს განსაკუთრებით მწვავე თემაა ჩვენთან, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი სასწავლო პროცესის თავისებურებებს, მომავალზე ზრუნვა პირდაპირ მოითხოვს მოსწავლე-სტუდენტებთან ცოცხალ ურთიერთობას, მათთან მეტ თანამშრომლობას, არა მხოლოდ ცოდნის გაცემა-მიღების რიტუალს, არამედ მათთან აქტიურ ურთიერთობას და შრომას, რომელიც მხოლოდ ცოცხალ გარემოში მიიღება.”
კომენტარები