„ალიას“ ესაუბრება ექსპერტი, გია ხუხაშვილი.
– ლარი კიდევ გაუფასურდა, ბატონო გია. ყველა არჩვენების წინ, საახალწლოდ კატასტროფულად უფასურდება და არც სხვა დროს გვაკლებს ხელს. ლარის გაუფასურებას უკვე მოჰყვა ბევრი რამის გაძვირება და დანარჩენიც მალე გაძვირდება. ხალხი უფრო და უფრო ღატაკდება და ვიღაცები ამ დროს დიდ ფულს შოულობენ. როდემდე შეიძლება ასე გაგრძელდეს?
– უბრალოდ, ობიექტური პროცესია. როდესაც არ გაქვს ეკონომიკა, ხარ მომხმარებელი ქვეყანა. ადრე რაღაცნაირად ხდებოდა ამის დაბალანსება – ტურიზმი, ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები და პირდაპირი ინვესტიციები. დღეს სამივეგან გვაქვს სერიოზული კლება. ბუნებრივია, გაჩნდა დეფიციტი სავალუტო ბაზარზე, დოლარის დეფიციტია ქვეყანაში და ლარი უფასურდება. ერთადერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც ვალუტის სტაბილურობას განსაზღვრავს, ეს არის ქვეყნის იმპორტ–ექსპორტის სალდო. რამდენსაც ყიდულობ უცხოეთიდან, დაახლობით იმდენსავე უნდა ყიდდე უცხოეთში. ეს აბალანსებს ეროვნულ ვალუტას და სალდო უნდა იყოს ნულთან ახლოს. ჩვენ სალდო გვაქვს 80% 20%–ზე. 80% იმპორტია, უცხოეთში, უცხოურ ვალუტაში ნაყიდი პროდუქცია და 20% გაგვაქვს და უცხოურ ვალუტაში ვყიდით.ვიდრე ქვეყანაში წარმოება არ გვექნება, არაფერი გვეშველება. ობიექტური მიზეზი აქვს ლარის გაუფასურებას და ეს რყევები არ დასრულდება. გარდა ამისა, არის სუბიექტური ფაქტორებიც, მაგრამ მთავარი ეს არის.
– 3 მილიარდ საგარეო ვალს იღებს ჩვენი ხელისუფლება და ვატყობ, ამ ხელისუფლებას ქვეყანა დეფოლტისკენ მიჰყავს.
– საგარეო ვალის აღება არ არის პრობლემა, თუ გადახდისუნარიანია ქვეყანა. საგარეო ვალი მშპ–ს 60%–ს არ უნდა აღემატებოდეს და ამ ნიშნულს უკვე მივუახლოვდით. არ გამიკვირდება, გაკოტრდეს ქვეყანა და ხელისუფლებამ დეფოლტიც გამოაცხადოს. აიღე კრედიტი, მაგრამ საქმეს მოახმარე. ჩვენზე მეტი კრედიტი აქვთ სხვა ქვეყნებს, მაგრამ მათ ეკონომიკა აქვთ და გასტუმრების თავიც. ჩვენი ხელისუფლება რის იმედად იღებს ამდენ ვალს, ვერ გავიგე.
– ამ 3 მილიარდიდან ნახევარს ჯიბეში ჩაიდებენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
– არც ეგ გამიკვირდება. ვინ გაარკვევს ახლა, ბიუჯეტიდან საგარეო ვალს მოიპარავენ თუ გადასახადის გადამხდელთა მიერ შეტანილ ფულს? ჩვენთან ეკონომიკას რომ ხმარდებოდეს ეს ფული, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ მიდის სოციალურ პროექტებში, რაც ჩარეცხილი ფულია. მოახმარენ ისეთ საქმეებს,საიდანაც ამ ფულის ამოღება ვერ მოხერხდება. საგარეო ვალს რომ იღებს, ისეთ სფეროში უნდა ჩადო, საიდანაც ფული ფულს მოიტანს. ფული თუ ეკონომიკაში არ ბრუნავს, ის მოგებას ვერ მოიტანს. საგარეო ვალებით ქვეყნები აშენდნენ, უზარმაზარი ეკონომიკები შექმნეს. ჩვენი ხელისუფლება კი იმისთვის სესხულობს, როგორმე თავი გაიტანოს, საშინაო ვალები გაისტუმროს. არ ვიცი, ნახევარს თუ რამდენს, მაგრამ ამ 3 მილიარდიდან, ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, საკუთარ ბიზნესში „ჩაასხამენ“ სოლიდურ თანხებს, ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლები მოახმარენ საკუთარ ბიზნესებს ტენდერების თუ სხვა გზებით. ამ 3 მილიარდიდან ხალხი და ქვეყანა სიკეთეს, ხეირს რომ ვერ ნახავს, ეს ნამდვილად ვიცი.
– ხალხი უკიდურესად გაჭირვებულია, ღატაკი ფენა კიდევ უფრო გაღატაკდა, საშუალო ფენა მოისპო, ფაქტიურად. ამ უკიდურესი გაჭირვების მიუხედავად, ხალხი სოციალური მოთხოვნებით არ გამოდის გარეთ. რით სხნით ამას?
– ხალხი გარეთ რომ გამოვიდეს, ჯერ ერთი, იმის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ მისი მოთხოვნები შესრულდება. მეორეც, ხალხს ლიდერი სჭირდება და ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ასეთი ლიდერი არ ჩანს, ამ პოლიტიკოსებს აღარ ენდობა ხალხი.
– მაშინ სახალხო ლიდერია საჭირო, ხალხის რიგებიდან ხალხის მიერ არჩეული.
– კი, ბატონო, გეთანხმებით, სახალხო ლიდერია საჭირო, რომ ხალხი გარეთ გამოვიდეს და მას გაჰყვეს. ვფიქრობ, ცოტა ხანში, მემარცხენე ძალები წამოვლენ წინა პლანზე და მთავარი სოციალური თემატიკა იქნება პოლიტიკური ძალებისთვის. გადარჩენაზეა ლაპარაკი და სხვა გზა არც არის.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №35
კომენტარები