1 ოქტომბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში 11 წლის მოზარდი ტრაქტორზე გამობმულ თოკზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი მეხუთე კლასელი ლუკა სურმანიძე ტყის პირას მეზობლის ბავშვებმა იპოვეს.
ლუკა სურმანიძის ოჯახი და ახლობლები მკვლელობისა და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ საქმე ბავშვის დაუდევრობით მომხდარ უბედურ შემთხვევასთან გვაქვს.
ბონდო სურმანიძე, დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი, ქობულეთის მერიის წარმომადგენელი სოფელ ცეცხლაურში:
– ჯერჯერობით გამოძიება არ დასრულებულა, რაიმე დასკვნა რომ გამოვიტანოთ. ფაქტს არც თვითმხილველი ჰყავს, არავინ შესწრებია ამ უბედურებას. ოჯახი და მეზობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი თამაშ-თამაშით გარდაიცვალა. თოკი, რომლითაც მოზარდი დაიხრჩო, ტრაქტორზე არ ყოფილა გამობმული, როცა იპოვეს, ყელზე ეკეთა, ბავშვი კი ძირს ეგდო. ქუდის თოკი ყოფილა, იქიდანაა გამოძრობილი, სადღაც 55 სანტიმეტრის. როგორც ჩანს, ბავშვმა ან გამოაბა, ან თამაშ-თამაშში გამოსძვრა და გაიხლართა. ლუკას ოჯახში არანაირი პრობლემა არ ჰქონია, ნორმალური, ჩამოყალიბებული ოჯახი აქვთ, ბავშვიც ოქრო და ნიჭიერი იყო. ალბათ დაუდევრობით მოუხდა, თორემ მას რომ მსგავსი მიდრეკილება ჰქონოდა, ან ოჯახში ძალადობას ჰქონდა ადგილი, ეს გამორიცხულია.
პატარა ბავშვები თამაშობდნენ ტყის პირას და მათ აღმოაჩინეს ლუკა – როცა ახლოს მივიდნენ, ბავშვი უკვე ძირს ეგდო გარდაცვლილი, თოკი გამობმული აღარ იყო ტრაქტორზე. ალბათ თამაშში გამოედო და გამოსძვრა ქუდიდან, ან კისერზე ეკეთა და თამაშის დროს გამოედო ტრაქტორს, ზუსტად არაფრის თქმა არ შეგვიძლია.
შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, ლუკა მეც ვნახე, ველოსიპედით დასეირნობდა ახლო-მახლოს, თამაშობდა. ის ტრაქტორი იქაური მაცხოვრებლისაა და რახანია, იმ ადგილასაა გაჩერებული. მკვლელობა გამორიცხულია, იქ ვერავინ მიიყვანდა, თავისი ველოსიპედითაა მისული. ბავშვის დაუდევრობითაა ეს უბედურება მომხდარი, მეტი არაფერი.”
ცნობისთვის, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
cyc.ge
კომენტარები