სპეციალური პენიტენციური სამსახური გლდანის N18 ციხის დირექტორის წინააღმდეგ, ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
“2020 წლის 8 ოქტომბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მის დედას N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია სამსახურის დატოვებას აიძულებს. “დღეს დედაჩემს დაურეკა N18 ციხის დირექტორმა და განუცხადა, რომ განცხადება უნდა დაწეროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ”,- წერს კობაიძე.
ალექსანდრე კობაიძის დედას, თ.მ.-ს არავინ აიძულებს სამსახურიდან წასვლას. მას მხოლოდ იმ სამუშაოს შესრულება შეეთავაზა, რასაც მისი პოზიცია ითვალისწინებს და რაზეც მან განაცხადა უარი. კერძოდ, თ.მ. 2017 წლის 10 ივლისიდან დღემდე უკავია N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობა. მის ფუნქციებში შედის ელექტროგაყვანილობის, ელექტრომოწყობილობების, სავენტილაციო ძრავების, ასევე საკნებში/პალატებში ელექტრომოწყობილობების, გარე განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ხარვეზის აღმოფხვრა, ასევე, შედუღება, ინვენტარის შეკეთება, საკანალიზაციო სისტემის გამართული მუშაობა და ა.შ. თუმცა დღემდე იგი ასრულებდა კანცელარიის თანამშრომლის ფუნქციებს და არა იმ მოვალეობებს, რასაც მის მიერ დაკავებული პოზიცია ითვალისწინებდა და რა სამუშაოს შესრულებაზეც დანიშვნის დროს მას ხელი აქვს მოწერილი.
ამჟამად კი, ვინაიდან N18 პენიტენციურ დაწესებულებაში დგას ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის საჭიროება, ქალბატონ თ.-ს შეეთავაზა მისი პოზიციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, რაზეც მან განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ამ საქმის შესრულება არ შეუძლია. ამასთან, მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. ამიტომ მასზე ზეწოლა და მისი სამსახურიდან წასვლის იძულება არის სრული სიცრუე და ადვოკატ კობაიძის მიერ პენიტენციური სამსახურის მიმართ გამოთქმული მორიგი ცრუ ბრალდება”
მოკლედ, მინისტრი გვეუბნება, რომ კობაიძის დედა, ქალბატონი თინა, გაფორმებული ჰყავდა სხვა თანამდებობაზე, ამუშავებდა სულ სხვა თანამდებობაზე წლობით?
მინისტრი გვეუბნება, რომ აიყვანა სანტექნიკოსის, დურგალის, ელეექტროობის სპეციალისტის და შემდუღებლის ვაკანსიაზე ერთი პირი და ეს იყო ქალბატონი თინა? და ასეთ უნივერსალურ თანამდებობაზე დანიშნულ ადამიანს ამუშავებდა კანცელარიაში?
უკაცრავად და მთელი ეს წლები, სანტექნიკის, დურგალის, ელექტროობის სპეციალისტის და შემდუღებლის საქმეს ვინ აკეთებდა? – არავინ?
მინისტრი გვეუბნება, რომ ციხეში, დურგლის, სანტექნიკის, ელექტროობის სპეციალისტის და შემდუღებლის ვაკანსიაზე აიყვანა ქალბატონი, რომელმაც არც ერთი საქმე არ იცოდა ამათგან, არ მოსთხოვა არც ერთი სერტიფიკატი და არჩევნების წინ სთხოვს, გაიქეცი და საკნებში/პალატებში ელექტრომოწყობილობები გამართეო?
ხოო, კი ვიცოდით რომ ცუდი მდგომარეობა იყო ციხეში, მაგრამ ამდენად ცუდი მდგომარეობაც არ გვეგონა, ქალბატონო მინისტრო.
“ალიას” კითხვა აქვს, სამსახურეობრივი გულგრილობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, წინასაარჩევნოდ ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დევნა და მორალური ზიანის მიყენება – ისჯება, თუ არ ისჯება, ადვოკატებო?
ესეც ქალბატონი თინა, რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატის, ალექსანდრე კობაიძის დედა, რომელიც წლების მანძილზე მუშაობდა კანცელარიაში და იღებდა კანცელარიის თანამშრომლის სახელფასო სარგოს, თუმცა, გაფორმებული იყო სანტექნიკოსის, ელექტროობის სპეციალობის, დურგლის და შემდუღებლის თანამდებობაზე.
განსხვავდება თუ არა ამ ორი თანადებობის სახელფასო სარგო – ამის დათვლა რთული არ იქნება. რატომ არ იღებდა ქალბატონი თინა შემდუღებლის ხელფასს – მინისტრს ამაზე არაფერი უთქვამს. არც ის დაუკონკრეტებია, თუ ჰქონდა ასეთი ვაკანსია, ვის უხდიდა შემდუღებლის, ელექტროობის შემკეთების, დურგლის, სანტექნიკოსის ხელფასებს, თუ, როგორც იმ ცნობილ ვიდეოშია ‘ჩიტმა წაიღოოო?”
ქალბატონი მინისტრის სასარგებლოდ, უნდა ავღნიშნოთ, რომ მან მოახერხა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნაც კი, ისე “ახსნა”, რომ კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა თავი ცირკში!
კომენტარები