ქალაქ უხანიდან საქართველოს სამ მოქალაქეს რამდენიმე საათში თურქეთში გადაიყვანენ. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ ჩინეთში საქართველოს ელჩმა არჩილ კალანდიამ მიაწოდა.
„ამ დროისთვის, უხანში დარჩენილია ოთხი მოქალაქე. ერთს ურჩევნია უხანში იყოს და იქ გაატაროს კარანტინის პერიოდი, ერთს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო ორის ევაკუაციას ვგეგმავთ დღეს ღამე, სავარაუდოდ, საფრანგეთის მიმართულებით“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.
შეგახსენებთ, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი, რომლითაც, მედიის ცნობით, თურქ მოქალაქეებთან ერთად საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციაც ხორციელდება, უკვე ანკარისკენ მიემართება.
მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია.
ყველა მგზავრი, რომელიც ბორტზე იმყოფება, ასვლამდე სამედიცინო ექსპერტების ჯგუფმა საფუძვიანად შეამოწმა. თურქეთში ჩასვლისთანავე ისინი ანკარის საავადმყოფოში, საკარანტინო პირობებში 14 დღის განმავლობაში გაჩერდებიან.
ელჩის ცნობით, ისინი ჯერ თურქეთში ჩაფრინდებიან, სადაც ორკვირიან კარანტინს გაივლიან და მხოლოდ მას შემდეგ შემოვლენ საქართველოში.
ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10,000-ია.
ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.
მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა.
კომენტარები