რონდელის ფონდის მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეალურად არ მუშაობს.
მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ბრძოლები ყარაბაღის გარშემო. განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს სამხრეთით მდებარე რაიონულ ცენტრ ჰადრუტში, რომელზეც ორივე მხარე აცხადებს, რომ აკონტროლებს. ჰადრუტს დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია – თუ მას აზერბაიჯანი გააკონტროლებს, მაშინ ბაქოს გაეხსნება გზა ერთის მხრივ შუშა-სტენაპარტისკენ, მეორეს მხრივ კი – ფიზულის მიმართულებით.
თუ ჰადრუტზე კონტროლი სომხების ხელში იქნება, მაშინ მათ ნებისმიერ დროს კონტრშეტევაზე გადასვლა და ბოლო დღეებში დაკარგული პოზიციების (რუკაზე აღნიშნულია ყვითელი ფერით) დაბრუნება შეეძლებათ.
მანამდე კი იზრდება მსხვერპლი ორივე მხარეს. სომხურ მხარეს 400-ზე მეტი გარდაცვლილი და 1000-ზე მეტი დაჭრილია. აზერბაიჯანული მხარე დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს. ნადგურდება ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა. ომი მძიმე ტვირთად აწვება ორივე ქვეყნის ეკონომიკას.
ყარაბაღში ომის დროში გაგრძელების პარალელურად კი საქართველოსთვის კვლავ ნარჩუნდება ყველა ის საფრთხე და გამოწვევა, რაზეც ადრეც ვწერდით.”
კომენტარები