„ალიას“ ესაუბრება პოლიტოლოგი, არჩილ გამზარდია:
– როგორ შედეგს ელოდებით არჩევნებისგან და წინასაარჩევნო კამპანია, ზედმეტად მშვიდად არ გეჩვენებათ? მრჩება შთაბეჭდილება, რომ ძალებს იზოგავენ რაღაცისთვის.
– რაც შეეხება ძალების შენახვას, მე ასე არ ვფიქრობ, ვისაც რისი თავი აქვს, იმას ავლენს, ასე ვთქვათ. ეს არის თავი და ბოლო. რაც შეეხება შემდეგ ეტაპს, ესეც დამოკიდებულია საარჩევნო შედეგზე და საზოგადოებაზე. ჩვენთან ამისი გათვლა, ასე მარტივი არ არის. რაც კი პროტესტი ყოფილა, ყველა თავისით დაიწყო და ოპოზიციის წამოწყებული და განვითარებული არ იყო არცერთი. ოპოზიციას, თვითონ, როგორც პოლიტიკურ სპექტრს არ აქვს ჯერჯერობით უნარი, დარაზმოს საზოგადოება.
– ხალხის დარაზმვის უნარი, ვერც ხელისუფლებისგან დავინახე, იყო მცდელობები, ასე ვთქვათ, კონტრაქციების, თუმცა, ისეთი არა, როგორიც უმრავლესობით გამარჯვებულ მმართველს გუნდს უნდა ჰქონოდა.
– დუმილის პოზიციაშია საზოგადოება, ეს დუმილი როდემდე გასტანს – არავინ იცის, მაგრამ ამ ეტაპზე, ასეა. კაციშვილი ვერ იფიქრებდა, რომ ბასიანს მოჰყვებოდა საპროტესტო გამოსვლა, ან სარალიძის, ერთ კონკრეტულ ამბავს მოჰყვებოდა ასეთი გამოხმაურება, გავრილოვის ღამეზეც ვერ იფიქრებდი. ხალხმა შეიძლება გულგრილად გაატაროს, შეიძლება არ გაატაროს, ამის გათვლა ყველას გვიჭირს. პოლიტიკური პროტესტის მიზანია, დროთა განმავლობაში იყოს განვითარებადი და ყოვლისმომცველი. 2003 წლის პერიოდი რომ გავიხსენოთ, ყოველ დღე იზრდებოდა პროტესტი. ხელოვნურად პროტესტის შექმნა მხოლოდ ექსცესების დონეზე შეიძლება, მეტი ვერა. რაც შეეხება საარჩევნო შედეგს, კიდევ შეიძლება რაღაცები შეიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ ძალაუფლების ჩანაცვლება, ვერ მოხერხდება. უბრალოდ, შეიძლება, სახე იცვალოს.
– კოალიციურ მმართველობას გულისხმობ?
– კოალიცია არის ძალაუფლების შესუსტება, მაგრამ სახეცვლილება შეიძლება იყოს სხვა სახით, მაგალითად, ფორმალური უპირატესობა კი არ მოიპოვოს, შევიდეს გარკვეული, დომინანტური ჯგუფის სახით, მაგრამ გამოჩნდნენ პოლიტიკური სუბიექტები, ვინც მათთან ერთად დააკომპლექტებენ მთავრობას, დაერქმევა კოალიციური, შეფასდება დემოკრატიულად, მაგრამ სინამდვილეში, მართავს ისევ ივანიშვილი. არსებობს საფრთხე, რომ მმართველობის ინკლუზიური ფორმა, რაც სურდა მიხეილ სააკაშვილს, განახორციელოს ბიძინა ივანიშვილმა. ინკლუზიური მთავრობა, ეს არის მთავრობა, სადაც ძალაუფალი ერთი პოლიტიკური სუბიექტია, ოღონდ მასში თანაჩართულები არიან სხვა პოლიტიკური სუბიექტებიც. „ოცნებასთან“ ხომ იყვნენ მაგალითად „თავისუფალი დემოკრატები“ – მაგრამ, ისინი იყვნენ ძალაუფლების შტოები? მართალია მინისტრებიც იყვნენ, მაგრამ პროცესს მართავდა ივანიშვილი. კოალიცია ნიშნავს თანამმართველობას და ინკლუზიური მთავრობა ნიშნავს, ერთი ძალის მიერ მმართველობას სხვების ჩართულობით. ყველაზე მეტად, რა შიში და რისკებიც მაქვს, ესაა, რეალურად ინკლუზიური მთავრობა „ქართულმა ოცნებამ“ არ წარმოადგინოს, დემოკრატიული ხელისუფლების იმიჯით, ამ შემთხვევაში ივანიშვილი მიიღებს ჩრდილოვანი მმართველის სრულ კომფორტს.
– არსებობს მოსაზრება, რომ არჩევნების მერე კოვიდინფიცრებულთა რიცხვი კლებას დაიწყებს, ამაზე ის ხალხი საუბრობს, ვისაც არ სჯერა სტატისტიკის, რას ფიქრობ ამაზე?
– სტატისტიკა – ხშირად ეს არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. შეიძლება იყოს უტყუარი, შეიძლება იყოს მანიპულირებადი. თუკი ჩავთვლით, რომ ეს მონაცემი არის უტყუარი, უნდა მივყვეთ ვერსიას, რომ რაც ხდება, არის ნამდვილი სურათი. თუ ჩავთვლით, რომ ეს არის მანიპულირებადი შესაძლებლობა, მაშინ, სახალხო გამოსვლების სამართავად სტატისტიკა შეიძლება იმის საბაბი გახდეს, რომ საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს და კარანტინიც. ახალარჩეული ხელისუფლების პირობებში, შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენონ. ან პირიქით, მართლაც შეამციროს ინფიცირებულთა რიცხვი – ხაზს ვუსვამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ჩავთვლით, რომ სტატისტიკა არის მანიპულირების საშუალება. დღეს ვერანაირად ვერ გამოვრიცხავ ვერც ერთ ვერსიას, მაგრამ ჩემი პროფესიის ხალხი ამას ასე განიხილავს, სადაც არის პოლიტიკა და სადაც არის რიცხვები, ეს ხშირად არის პოლიტიკური ინსტრუმენტი, ამიტომაც ზედმეტად მიამიტური დამოკიდებულება არ მაქვს. ამ შემთხვევაში, როცა გადაჭრით ვერ ვამტკიცებთ, უტყუარია სტატისტიკა, თუ მანიპულაციის იარაღი, ალბათ, უნდა ვისარგებლოთ ჩვენი შინაგანი განწყობით ხელისუფლების მიმართ, ვისაც აქვს ხელისუფლების ნდობა, ის ჩათვლის, რომ არის უტყუარი, ვისაც ხელისუფლებაზე არ აქვს კარგი წარმოდგენა, ის ჩათვლის, რომ შეიძლება იყოს მანიპულირებადი, მათ შორის, მეც შევდივარ იმ კატეგორიაში, რომელიც თეორიულად, დასაშვებად მიიჩნევს, რომ სტატისტიკა ხელისუფლების მხრიდან არის მანიპულირებადი და შეუძლია, ნებისმიერ დროს გამოიყენოს პოლიტიკურ ინსტრუმენტად.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები