საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობას, სვეტიცხოვლობას, იგივე კვართის დღესასწაულს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.
„ვირუსთან დაკავშირებით, ხალხის უსაფრთხოების მიზნით, ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.
აუცილებელია, ყველას ჰქონდეს პირბადე და დაცული იყოს დისტანცია“, – აღნიშნულია საპატრიარქოს ინფორმაციაში.
გადმოცემის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. ლეგენდის თანახმად, საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, „სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი“, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმინდა ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აღნიშნულ ადგილზე აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.
სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი – ქრისტეს ყველა მოციქულს.
კომენტარები