საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებული ხმაურიანი პროცესებისა და ქვეყნის საქმეებში რუსეთის ჩარევის საფრთხეების ფონზე, თეოლოგები და ისტორიკოსები რუსეთის ეკლესიის ბაქოს ეპარქიის ზრახვებს იხსენებენ. რუსეთის ეკლესიის მიერ ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეობად არის გამოცხადებული დავით გარეჯი, გურჯაანი თუ ბოდბე. ექსპერტებისთვის თვალნათელია, რომ მოსკოვი ნოყიერად კვებავს მითებს და მეზობლებს შორის განხეთქილებასაც ელოდება. რა პოზიცია აქვს ამ შემთხვევაში ქართულ მხარეს? რა პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს?
მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მოქმედი ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის საზღვრები დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიულ საზღვრებს ემთხვევა და, შესაბამისად, საქართველომდეც მოდის.
თუმცა ეს საზღვრები კიდევ უფრო ფართოვდება, როდესაც რუსეთის ეკლესია ცდილობს გააძლიეროს აზერბაიჯანელების რწმენა – რომ ისინი ქრისტიანი ალბანელების მემკვიდრეები არიან. ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომში გურჯაანი და ბოდბეა მოხსენიებული.
ტექსტში ვკითხულობთ:
„ალბანური ეკლესიის არქიტექტურულ ძეგლებს შორის ლოგიკურად უნდა განვიხილოთ რიგი ტაძრები, რომლებიც განლაგებულია ისტორიულ კამბისენაში (ქიზიყი) და ის ახლა თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზე მდებარეობს. განსაკუთრებით გამართლებულია გურჯაანსა და ბოდბეში მდებარე ტაძრების მიკუთვნება VII-IX საუკუნეებისთვის, ვიდრე ეს მხარე კახთა და რანთა სამეფოში შევიდოდა“.
მართალია ამ კონკრეტულ ტექსტში არ არის მოხსენიებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, თუმცა გარეჯის ტერიტორიას მოიცავს რუსულენოვანი წყაროების მიერ გავრცელებული არაერთი რუკა – ალბანური მემკვიდრეობის ჭრილში. არაერთგზის დადასტურებული ფაქტია ისიც, რომ დავით გარეჯს სწორედ ალბანური კულტურის ძეგლად მიიჩნევენ აზერბაიჯანელი მეცნიერები და ამ ძეგლის მიმართ ბაქოს ძლიერი ინტერესიც სწორედ ამგვარი რწმენიდან გამომდინარეობს. რუსეთი კი, ქართველი მეცნიერების შეფასებით – ამ სრულიად უსაფუძვლო რწმენის გაძლიერებასა და ისტორიის სათავისოდ გადაწერას ცდილობს.
ბაქო-აზერბაიჯანის ეპარქიას რუსეთის პატრიარქ კირილის ხელდასხმული მთავარეპისკოპოსი ალექსანდრე ხელმძღვანელობს. ის აზერბაიჯანშია დაფუძნებული და, თეოლოგების აზრით, იქ მოსკოვის ინტერესების პირდაპირი გამტარებელია.
„საეკლესიო სამართლის მიხედვით, როდესაც არამართლმადიდებელ ქვეყანაში ცხოვრობენ მართლმადიდებლები, მათი წინამძღოლობის კანონიკური უფლება აქვს სამეზობლოს ყველაზე ახლო ქვეყანაში მოქმედ ეკლესიას. ამ წესის შესაბამისად, საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას უნდა ჰქონდეს ეპარქიები გახსნილი როგორც სომხეთში, ასევე აზერბაიჯანში, მაგრამ ეს ასე არ არის.
აზერბაიჯანში ამ მხრივ ყველაფერს რუსეთის ეკლესია განაგებს და პრეტენზიებითაც გამოდის. ის თავს ალბანური ეკლესიის სამართალმემკვიდრედ აცხადებს და ისტორიული ალბანეთის საზღვრებს ისე ხაზავს, რომ მასში შედის გურჯაანიც, ბოდბეც და დავით გარეჯიც“, – აცხადევს თეოლოგი გოჩა ბარნოვი.
როგორც ირკვევა, ბაქოს ეპარქიის მოქმედებების შედეგად რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რამდენიმე წლის წინ აფრთხილებდა მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი, წმინდა სინოდის წევრი – ანანია (ჯაფარიძე).
„საგანგაშო ისაა, რომ რუსული ეპარქიის ოფიციალური შეხედულებით, არა მხოლოდ კახის, ზაქათალასა და ბელაქანის რაიონების, არამედ, ბოდბის, გურჯაანის, დავით–გარეჯას ეკლესია–მონასტრები თითქოსდა ალბანური ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდნენ და შესაბამისად, მათზე მას აქვს სამართლებრივი უფლება, მაშინ როცა აღნიშნული ეკლესიები მუდამ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდნენ“, – წერია ტექსტში, რომელიც მეუფე ანანიას სახელით ვრცელდება.
ჩანს, რომ მეუფე ცდილობდა, ილია მეორისთვის აეხსნა საქართველოს ეკლესიის მიერ აზერბაიჯანის ეპარქიის დაფუძნების მნიშვნელობა:
„აზერბაიჯანში არსებული საინგილო–ჰერეთის ქართული სამრევლოები აღნიშნული რუსული ეპარქიის იურისდიქციაში შედიან“.„სასურველია დაარსდეს საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის ეპარქია, რომელიც მოიცავს მთელ აზერბაიჯანს და არა მხოლოდ საინგილოს“.
ისტორიკოსი ბექა ჭიჭინაძე გვიყვება, რომ ვიდრე მეუფე ანანია პატრიარქს მიმართავდა, მას მოუწია შეხვედრა რუსეთის ეკლესიის ბაქოს ეპარქიის დელეგაციასთან, რომელიც საქართველოს საპატრიარქოში სტუმრად იყო ჩამოსული. დელეგაცია ითხოვდა ჰერეთის ქართული სამრევლოების ბაქოს ეპარქიის დაქვემდებარებაში გადაცემას.
„განსაკუთრებით დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ბაქოს რუსული ეპარქიის სახით აზერბაიჯანში არსებობს ძალა, რომელიც პრეტენზიას აცხადებს გარეჯზე, და რომელიც აქვეყნებს რუკებსა და სტატიებსაც, სადაც გარეჯი ალბანეთის საზღვრებშია მოქცეული“, – ამბობს ჭიჭინაძე.
შესაბამისად, ჩნდება შეკითხვები:
რა შეფასებები აქვს და როგორია საქართველოს საპატრიარქოს ტაქტიკა რუსეთის საპატრიარქოს ბაქოს ეპარქიის დეკლარირებული განზრახვების წინააღმდეგ? რა რეაგირება მოჰყვა მეუფე ანანიას პატრიარქისადმი მიმართვას და რატომ მუხრუჭდება აზერბაიჯანში თუნდაც მხოლოდ ჰერეთის ეპარქიის ამოქმედების საკითხი?
შეკითხვებით საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელს, ანდრია ჯაღმაიძესაც მიმართეს თუმცა, უპასუხოდ დარჩა.
დღემდე სისრულეში არ არის მოყვანილი წმინდა სინოდის 2014 წლის გადაწყვეტილება – კახისა და ქურმუხის (ჰერეთის) ეპარქიის ცალკე ამოქმედებისა და ეპისკოპოსად არქიმანდრიტ დემეტრე თეთრუაშვილის კურთხევის შესახებ. თეოლოგების ინფორმაციით, თეთრუაშვილის მომავალი მის წინააღმდეგ აგორებულმა ცილისმწამებლურმა კამპანიამ შეიწირა.
როგორც თეოლოგმა, გოჩა ბარნოვმა განაცხადა, რუსეთს მტკიცე საყრდენი აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში; აშკარაა, რომ ცალკეულ სასულიერო პირებს აზერბაიჯანთან ურთიერთობების გაფუჭებაც სურთ და გარეჯთან დაკავშირებული მოვლენების დროს სისხლის დაღვრისთვისაც კი გამოთქვამდნენ მზადყოფნას.
საქართველოში ბევრი ფიქრობს, რომ „კარტოგრაფების საქმესთან“ დაკავშირებული პროცესები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. აქტიურ სადისკუსიო თემად რჩება ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯან-საქართველოს საზღვართან დაკავშირებული რუკები სწორედ რუსეთიდან ჩამოვიდა და საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული გამოძიება პირდაპირ მიება დავით გარეჯის თემასაც.
წინასაარჩევნო და პოლიტიკური კონტექსტის გარდა, „კარტოგრაფების საქმის“ ჭრილში რუსეთის ჩარევის მცდელობებს ხედავს მესამე სექტორი.
14-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 8 ოქტომბერს გააფრთხილა ხელისუფლება, რომ პროცესი საყურადღებოა და სახელმწიფომ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს „საქართველოს შიდა საქმეებში რუსეთის სპეცსამსახურებისაგან ჩარევის რისკები და გამოძიებაში რუსეთთან დაკავშირებული პირების ჩართულობის საკითხი“.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ამ მხრივ საშიშსა და საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.როგორც, მაგალითად, პარტიის აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, „კარტოგრაფების საქმე“ საქართველოსთვის სასიკეთო პროცესების ლოგიკური შედეგია, რასაც დამაზიანებელი მიზნებისთვის იყენებს მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიცია.
წყარო: რადიო თავისუფლება
კომენტარები