სპეციალური პენიტენციური სამსახური დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მდგომარეობა არ გაუარესებულა.
„2020 წლის 14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, – ნათქვამია სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ანგარებით მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. იმავე წლის 5 სექტემბერს, მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ანგარებით მკვლელობის ბრალდება მოუხსნა და მხოლოდ მკვლელობის მომზადებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კომენტარები