რუსთავში მცხოვრები ახალგაზრდა, გიორგი ბალხამიშვილი, სოციალური ქსელით, რუსთავში, “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს, ნინო ლაცაბიძეს მიმართავს და წერს:
“მიმართვა მაჟორიტარობის კანდიდატ ქ.ნ ნინო ლაცაბიძეს:
ქ.ნ ნინო, პირველ რიგში დასაფასებელია, რაც კეთდება მე – 6 მიკრო რაინში, თუმცა აქვე ცხადად უნდა აღინიშნოს, რომ დეკორატიულია ყოველივე ეს, რადგან ადამიანებს ფინანსურად გვიჭირს და ამ პირობებშიც კი, ნაცვლად იმისა რომ მხარში ამოგვიდგეს ხელისუფლება, სტადიონებს და სკერებს არემონტებს, ჩემს უბანში კაუჩუკს აგებენ როგორც გავიგე თქვენი შეკვეთით, სამწუხაროდ დღეს კაუჩუკი ვერ შევჭამე, ისევ ცარიელ 70 თეთრიან პურს დავჯერდი, ეს სტრესი და დეპრესია კი უფრო ამძაფრებს ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის განცდას, მწვანე სტადიონებით ნაცრისფერ მწვავე სიღარიბით გამოწვეულ სამყაროს ვერ გაგვიფერადებთ და ვერც ახალგაზრდობის ხალისს დაგვიბრუნებთ.
მერე გიკვირთ უკმაყოფილება ხალხის, არჩევნებია და დღესაც კი არ გვაქცევთ ყურადღებას, ურბანული დაგეგმარებით ხართ დაკავებული, თითქოს ეს სკვერები, სტადიონები და საბავშვო ატრაქციონები იჭმეოდეს, ვწუხვარ რომ ამას ვწერ, არც მე მიხარია საჯაროდ ასეთი რამის დაწერა…”
აქვე გეტყვით, რომ “ალიაში” ეს არ არის პირველი წერილი, უამრავი ადამიანი გვწერს და გვირეკავს და გვიყვებიან, რომ პარკებს, სტადიონებს, ატრაქციონებს, ნინო ლაცაბიძის სახელით აკეთებენ და ხალხს ეუბნებიან, რომ ეს “ოცნების” მაჟორიტარი კანდიდატის დამსახურებაა – არადა, არც უფლება აქვს ამისი, ქალბატონ ნინოს და არც შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, წესით! მეტიც, დასჯადია ასეთი კამპანია.
ცოტა ხნის წინ, ნინო ლაცაბიძემ, რუსთავიდან გაავრცელა ვიდეო, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ არსებული სტადიონი საჭიროებს ცვლილებებს, თითქოსდა, უკანასკნელი 8 წლის მანძილზე, სხვა იყო ხელისუფლებაში, თითქოსდა, მაჟორიტარ დეპუტატს სტადიონის შესაკეთებლად ვირჩევდეთ!
რა ქნას, მოქმედი ხელისუფლების დეპუტატია და სტადიონის გარემონტებაზე საუბრის უფლებას აძლევს თავს, აბა, შიმშილზე, პენსიაზე და სიღატაკეზე ხომ ვერ ილაპარაკებს?
რა ქნას, აბა, ის თქვას, “ალიამ” რომ სოციალურად დაუცველებისთვის დაწესებული რეგულაციებიდან ერთი მუხლი ამოგვაღებინა მთავრობას, სწორად მოიქცა და მე კიდევ უფრო მეტად ადამიანურს გავხდი ამ კანონსო? – ვერ იზამს მაგას, არ იზამს.
რა თქმა უნდა, კომენტარისთვის მივმართავდით რუსთავის მერს, მაგრამ, როგორც “ალიას” მკითხველს ახსოვს, რუსთავის მერმა უარი გამოგვიცხადა ნებისმიერი სახის კომენტარზე, შესაბამისად, გვიწევს მხოლოდ მოსახლეობის ნათქვამის გავრცელება, მოსახლეობა კი ამბობს ერთს – ადგილობრივი ხელისუფლება, ყველა დაგებულ გზას და ყველა გაწყობილ სკვერს მაჟორიტარობის კანდიდატის დამსახურებად წარმოაჩენს. თუ მართლაც ნინო ლაცაბიძის ფულით, ან ნინო ლაცაბიძის “კეთილი ნებით” კეთდება რუსთავში რამე და ამას ამომრჩეველს ამ ფორმით აწოდებთ, ეს დანაშაულია და დასჯადია – ისე, მაინც, რომ იცოდეთ…
დაწვრილებითი ინფორმაცია თუ დაგაინტერესებთ, მაგალითად, რომელი მუხლით ისჯება და როგორ, ქალბატონ ნინოს, ან რუსთავის მერს, შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ – “ალია”, ალექსიძის ქუჩა №1 და აგიხსნით, არ დაგზარდებით!
ახლა კი, ერთი სიტყვით გეტყვით – სირცხვილია!
კომენტარები