დღეს, შს მინისტრმა, ვახტან გომელაურმა, საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალის გუშინდელ თავდასხმაზე საუბრისას, ჟურნალისტის კითხვა, როგორ მოახერხა ერთმა მძარცველმა მძევლების აყვანა, ფულის წაღება და მიმალვა მარტომ, ასე უპასუხა:
“ვინ თქვა რომ მარტო მოქმედებდა? ან ვინ თქვა, რომ მარტო არ მოქმედებდა? ამ კითხვას ახლა ვერ ვუპასუხებ, შეიძლება ჩემმა ერთმა სიტყვამაც კი გამოძიებას ხელი შეუშალოს, ხომ გესმით?” – კი, როგორ არ გვესმის, ან მარტო იყო, ან მარტო არ იყო, რა უნდა ამის გაგებას? ჩვენ გვყავდა ფილოსოფოსი პრეზიდენტი და ვიცით ფილოსოფიის ფასი, მაგრამ, გვეგონა, გუშინდელი “სპეცოპერაციის” შემდეგ, მინისტრი ფილოსოფიის ხასიათზე არ იქნებოდა…
თუმცა, მინისტრი ფილოსოფიის კი არა, ხუმრობის ხასიათზეც ბრძანდებოდა, კითხვას, ვისი ფული წაიღო მძარცველმა, უპასუხა – ეს არ იყო ბიუჯეტის ფული… “საქართველოს ბანკში” იყო შესული და “თიბისი” ხომ არ მისცემდა ფულს? ყველგან ასე ხდება…
მერე კი, დღის ფრაზა უთხრა ჟურნალისტებს – “პირობებს ნუ მიყენებთ!” – და მინისტრის ეს სიტყვები, გუშინდელი “სპეცოპერაციის” შემდეგ, აღარც ფილოსოფიას ჰგავდა და აღარც იუმორს.
როგორც გვიყვებიან, პრემიერი გახარია უყურებდა, თურმე, გომელაურის გამოსვლას და როცა თქვა ფრაზა: – ვინ თქვა, რომ მარტო იყო დამნაშავეო, წამოუძახნია – მე ვთქვი, შე მინისტრო, მე ვთქვიო…
და ასეცაა, გუშინ პრემიერმა განაცხადა – “ახლა ამის პირდაპირი ეთერით გაშუქება არ შეიძლება, რადგან ღონისძიება მიმდინარეობს ამ წუთებშიც. ერთი ადამიანია დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ბანკის ფილიალში.” – სანამ პრემიერი ამ განცხადებას გააკეთებდა, მედია რამდენიმე თავდამსხმელზე საუბრობდა, ასე რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მძარცველი მარტო იყო, პირველად პრემიერმა გააჟღერა!
უცნაური იქნებოდა, მძარცველზე ინფორმაცია პრემიერს შს მინისტრთან კომუნიკაციის გარეშე რომ გაეჟღერებია, ასე რომ, ბატონო ვახტან, ვინ თქვა და პრემიერმა თქვა, პრემიერმა და დიდი ალბათობით, სწორედ თქვენი მოყოლილი გაიმეორა. იმედია, პრემიერის სიტყვები “გამოძიებას ხელს არ შეუშლის” – ხომ ამ ფრაზით გვიშორებთ ხოლმე თავიდან, ყველა კითხვას ერგება, ჯადოსნური ფრაზაა – “გამოძიებას ხელს უშლის…”
ხო, ისედაც ფეხარეული დადის ბოლო დროს გამოძიება და ხელიც რომ შეეშალოს, ვერ იქნება კარგი ამბავი.
კომენტარები