საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრმა გიორგი აფციაურმა ონლაინ-ჟურნალ „რაგბი XV“-ის ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტები საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებებს შორის გამართულ ტესტ-მატჩს განიხილავდნენ.
კრიტიკისგან უკმაყოფილო აფციაურმა ნეგატიური განწყობა ვერ დამალა და მედიის წარმომადგენლები პირდაპირ ეთერში უხამსი სიტყვებით მოიხსენია. გინებასთან ერთად, საქართველოს ნაკრების მორაგბე მუქარის შემცველ განცხადებებსაც არ მორიდებია.
აღნიშნულ ინციდენტზე „რაგბი XV“-ის ხელმძღვანელებმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელეს და გიორგი აფციაურის ქმედებები დაგმეს.
„რაგბი XV-ის გუნდს გვსურს, გამოვეხმაუროთ და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ დღეს, ჩვენს „ფეისბუკგვერდზე“, საქართველოსა და შოტლანდიის რაგბის ნაკრებების თამაშის განხილვის დროს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულინაკრების წევრის, გიორგი აფციაურის მიერ გადაცემის წამყვანებისა და რაგბი XV-ის გუნდის მისამართით გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მუქარისშემცველ განცხადებებთან დაკავშირებით.
სრულიად წარმოუდგენელია, როდესაც მოქმედი ან ვეტერანი სპორტსმენი საჯაროდ, პირდაპირი ეთერის მსვლელობისას („ფეისბუკლაივის“ კომენტარებში), შეურაცხყოფს და ემუქრება ჟურნალისტებს.
დაუშვებელია პროფესიული საქმიანობის შესრულებისას ჟურნალისტების შეურაცხყოფა, გინება და მუქარა. მოქმედი მოთამაშის მხრიდან ასეთი ქმედება ეწინააღმდეგება ეთიკის ნორმებს და ლახავს რაგბის ფასეულობებს.
იმისათვის, რომ მომავალში, სპორტსმენების მხრიდან მსგავსი საქციელი არ წახალისდეს, ჩვენ, რაგბი XV-ის გუნდი, მოვითხოვთ, საქართველოს რაგბის კავშირმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მკაფიოდ გამოხატოს მისი პოზიცია.
ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, მუქარისა და შეურაცხყოფის გაგრძელების შემთხვევაში მივმართოთ შესაბამის სტრუქტურებს და მოვითხოვოთ სამართლებრივი რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.
საგულისხმოა, რომ ამ განცხადების შემდეგ, გიორგი აფციაურმა ბოდიშის მოხდის ნაცვლად, მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება განაგრძო და ჟურნალისტები ახალი შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამავე პოსტის კომენტარებში დაასაჩუქრა.
25 წლის მორაგბე „ბორჯღალოსნების“ რიგებში დებიუტი 2014 წელს ჰქონდა და დღემდე, ნაკრების შემადგენლობაში 22 შეხვედრა ჩაატარა.
რაგბის კავშირს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. მედიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ აღნიშნული პრეცედენტი ეთიკის კომისიის მიერ იქნება განხილული და მორაგბე შესაბამისად იქნება დასჯილი.
წყარო – პრაიმტაიმი
კომენტარები