მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენების შესახებ, „ალიას“ ესაუბრება პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე–ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე:
– ბატონო დავით, ქვეყანაში კიდევ უფრო მძიმდება ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა. კორონაპანდემიის მეორე ტალღამ, დაავადებულთა და დაღუპულთა რიცხვის ზრდამ, ხალხი პანიკაში ჩააგდო. ლოქდაუნიც რომ არ შემოიღოს ხელისუფლებამ, შიშით ბევრი მაინც სახლიდან აღარ გამოდის, ეს კი ბიზნესის ბევრ სფეროს მძიმე დღეში აგდებს. ბიზნესი შავ დღეშია, შესაბამისად, კატასტროფულად იკლო ბიუჯეტში ბიზნესიდან შემოსავლებმა. უმძიმეს დღეშია ხალხი. ბევრს, უბრალოდ, შია და პურის ფული არ აქვს. რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ?
– მთავარი და ყველაზე ცუდი ის არის, რომ ხელისუფლების ქცევა აპანიკებს ხალხს. ადამიანები როდესაც ენდობიან ხელისუფლებას, რომელმაც პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ, გმირის მანტია მოისხა, როდესაც კორონავირუსთან მებრძოლებს „სამ მუშკეტერს“ და რას აღარ ეძახდნენ. დღეს ეს ადამიანები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ, ხალხს ვეღარ გაუგია, რა გააკეთოს. ხალხმა საბოლოოდ დაკარგა ხელისუფლების რწმენა, ერთი ეს, კორონასთან წარმატებული ბრძოლა, ჰქონდათ სატრაბახო და აქაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ნამდვილად არ მიხარია, რადგან ხალხის სიცოცხლეს ეხება საქმე. ადამიანები დაბნეულები არიან, აღარ იციან, ვის დაუჯერონ, რა გააკეთონ. როგორც უცხო გარემოში, ისე არიან, სადაც შეიძლება ფეხი დაუცდეს, მოულოდნელად ორმოში ჩავარდეს. თავისი უგუნურებით, თავისი უცოდინრობით, კორუმპირებულობით და სიხარბით, ამ დღეში ჩააგდო ხალხი ამ ხელისუფლებამ. 10 მილიარდი ლარი აიღეს საგარეო სესხი და დახმარება ერთად და ეს ფული საქმეს არ მოახმარეს. მერე ტალღასთან ბრძოლისთვის ფულიც ჰქონდათ და დროც, მაგრამ ფულის შოვნას მოანდომეს ეს დრო, უცხოეთიდან შემოსული ამ მილიარდების ათვისების, ფულის მოპარვის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. არადა, ამ ფულით, მეორე ტალღისთვის ბევრად უკეთ უნდა ვყოფილიყავით მომზადებულნი, სამედიცინო სექტორშიც ბევრი რამ უნდა გაკეთებულიყო და არაფერი გაკეთდა. ოჯახის ექიმებს ახლა ამზადებენ, ახლა ასწავლიან კორონასთან ბრძოლას, თუ მის მართვას. არადა, ეს და კიდევ ბევრი რამ, 5–6 თვის წინ უნდა გაკეთებულიყო. ეს არის უთავბოლობა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გაუსაძლისი მდგომარეობა, როდესაც ხალხი დაბნეულია, ეკონომიკური სიდუხჭირე უკვე აუტანელი და გაუსაძლისია. კორონავირუსის ერთეული შემთხვევები იყო და მთელი ქვეყანა გადაკეტეს, ბოლოს ორი ათასამდე შემთხვევაა ყოველდღე და აცხადებენ, რომ აკრძალვები არ არის საჭირო. ეს როგორ უნდა გაიგოს ხალხმა? სად არის აქ ლოგიკა? თუ ისევ ამ დღეში უნდა ჩავვარდნილიყავით, მაშინ რა საჭირი იყო გაზაფხულზე ლოქდაუნი? ახლა, როგორც იქნა, ამ გაუბედურებულმა ოპოზიციამაც ამოილუღლუღა, როგორც იქნა, გაბედა ამ ექიმების წინააღმდეგ ხმის ამოღება. ის ისტერიკაც მოეშვათ, როდესაც პირველი ტალღის დროს ჰქონდათ. ენთუზიაზმით დაუჭირა მხარი საპარლამენტო ოპოზიციამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარების გამოცხადებას. დღეს გამოდიან და ყოყლოჩინობენ. რა შეიცვალა? რამე სხვანაირი სიტუაციაა? უბრალოდ, ადამიანმა ის, რაც არ იცი, არ უნდა გააკეთო.
მარტო ქვეყნის დაკეტვა და აკრძალვები არ შველის საქმეს. ამის მაგალითი გვქონდა და თან არაერთი, მსოფლიოს სხვადახვა ქვეყნებმა ჩვენზე მკაცრი რეგულაციები შემოიღეს, მაგრამ ვერ შეაჩერეს პანდემიის ზრდის მასშტაბები. სხვის შეცდომაზე მაინც ესწავლათ. მსოფლიო ორ ნაწილად გაიყო, ზოგმა ჩაკეტა ქვეყანა, ზოგმა – არა, ან ნაწილობრივ, შედარებით რბილი რეგულაციები შემოიღო. არ ჩაკლეს ქვეყნები, ბიზნესი. ჩვენ პირველ ნაწილში აღმოვჩნდით, ჩავკეტეთ ყველაფერი, ბიზნესი ჩავკალით, ლარი რამდენჯერმე გაუფასურდა, ყველაფერი გაძვირდა ქვეყანაში, ათასობით ადამიანი უმუშევრად დავტოვეთ… იმის ნაცვლად, რომ ეკონომიკისთვის მოგვერგო ჯანდაცვის სისტემა, ჯანდაცვას მოვარგეთ ეკონომიკა და ამ სამ ადამიანს, ამირან გამყრელიძეს, პაატა იმნაძესა და თენგიზ ცერცვაძეს მივეცით საშუალება, რომ ემართათ სიტუაცია. მათი მართვის შედეგი სახეზეა – დანგრეული ეკონომიკა და ხელიდან გაქცეული კორონავირუსი. მაშინ, გაზაფხულზე, ეს სამეული ყველაფერს დაუპირისპირდა, რასთან დაპირისპირებაც შეიძლებოდა. პატრიარქს და ეკლესიასაც კი დაუპირისპირდნენ. ვიმეორებ, ზაფხულში ფულის მოპარვის მეტი, ხელისუფლების წარმომადგენლებს არაფერი გაუკეთებიათ. „მწვანე ქვეყნად“ ვიყავით გამოცხადებული და სხვა „მწვანე ქვეყნის“ სტატუსის მქონე ტურისტებსაც არ გაუხსნეს ქვეყანა, როდესაც სხვა, ამ სტატუსის ქვეყნებმა გახსნეს ერთმანეთისთვის საზღვრები და ამით, მათმა ტურიზმის ბიზნესმა ცოტა ამოისუნთქა. ამათ თავიანთი დარდი ჰქონდათ, ხალხის ფეხზე დადგომა არ აინტერესებდათ. დიახ, ამათ გაღატაკებული ხალხი უნდათ, არ სურდათ, ხალხს ფული გასჩენოდა, მხოლოდ თავად უნდა გქონდეთ ფული, ასე ფიქრობენ. იმას კი ვერ ფიქრობენ, რომ არჩევნები მოდის და თუ გინდა ხალხი შენს მხარეს იყოს, ასეთ დროს და ამ დონის კორუფცია, ასეთი უნამუსობა არ უნდა დაუშვა. ყველა მიმართულებით გამომპალია ეს ქვეყანა. თუმცა, მოდის დრო, რომ ყველამ საკუთარი დანაშაულისთვის უნდა აგოს პასუხი. ეს მოხდება ნელ–ნელა, ეტაპობრივად. ამის გარეშე, ამ ქვეყანას პერსპექტივა არ გააჩნია, არც ეკონომიკას ეშველება ამის გარეშე და არც სხვა სფეროებს. ორმოში ვართ და ორმოდან ამოსასვლელად გვჭირდება კიბე. ეს კიბე კი ის მილიარდებია, რომლებიც სახლებში წაიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. საგარეო ვალები აიღეს და ის ფული წაიღეს სახლში. უკვე ისეთი ვითარებაა, საგარეო ვალებსაც აღარ გვაძლევენ, უკვე ჭირს ვალების აღება. ხალხი და ხელისუფლება დაშორდა ერთმანეთს. უზარმაზარი ნაპრალია მათ შორის და ის არ ამოივსება.
– თქვენ განაცხადეთ, რომ ხალხს უპერსპექტივობის განცდა აქვს და გადარჩენის ორი არჩევენიღა დარჩა – უცხოეთში გაქცევა ან ჯანყი. ქვეყნიდან რომ გარბის ხალხი, ეს სახეზეა, ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, მაგრამ ჯანყი რამდენადაა რეალური და მოსალოდნელი?
– კი, გარბის ხალხი, მაგრამ არ მგონია, ამ ქვეყნიდან ყველა წავიდეს. „ქართული ოცნება“ არჩევანს აღარ უტოვებს ხალხს. ეს მავნებელი პარტია თვლის, რომ ხელისუფლებაში კიდევ უნდა დარჩეს გარკვეული ხნის განმავლობაში. ამაზე მეტყველებს ის 60%, 63%, რომელიც ვითომ მათ აქვთ რეიტინგი, რომელსაც თავად აცხადებენ. ვითომ აგუებენ ხალხს, რომ მოიგებენ არჩევნებს. დაავადებული, ძალაუფლებით შეპყრობილი ადამიანები დაღუპავენ ბიძინა ივანიშვილს და თავსაც დაიღუპავენ. ესენი გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რომ ხალხს ერთადერთი გზა დარჩება – საკუთარი არჩევანის დასაცავად ჯანყის გარდა, სხვა არჩევანს არ დაუტოვებენ. ამ არჩევნებს მარტო პოლიტიკური ცხოვრება არ უკავშირება, ეკონომიკური ცხოვრებაც უკავშირდება. ხალხს სჭირდება საკვები, შიშის სინდრომის მოხსნა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ვეღარ მოახერხებს.
– დავაკონკრეტებ, ბატონო დავით – შესაძლოა, ხალხს ხმების დასაცავად ძალის გამოყენება დასჭირდეს, თუ სხვა გზა აღარ დაუტოვეს?
– ზოგადად, საერთოდ, ისეთი აქტივები, რომლებიც დღეს სჭირდება ქვეყანას საკუთარი ხმის დასაცავად, მე ვფიქრობ, ეს რესურსი გააჩნია. ჩვენი უცხოელი პარტნიორების ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში კიდევ 160 000 ადამიანი დაკარგავს სამუშაოს, 400 000 ადამიანს შემოსავლები შეუმცირდება, ეს ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს ცვლილებები სჭირდებათ. თუნდაც, ახალი იმედი. ამ ჭაობში ყოფნა აღარ სურთ ამ ადამიანებს. ეს იმდენად კრიტიკული მასაა, რომ მოახდენენ ამ ცვლილებებს. ამას დაამატეთ პენსიონერები, რომლებიც გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, წამლებში არ ჰყოფნით პენსია. ეს ხალხი სხვას მისცემს ხმას და არა ხელისუფლებას და დაიცავს კიდევ საკუთარ ხმებს ნებისმიერ ფასად.
– პარლამენტში რომ შევა თქვენი პოლიტიკური მოძრაობა, პირველ რიგში, რას გააკეთებთ?
– მე პირდაპირ ვიძახი – ერთადერთი გზა კრიზისიდან გამოსასვლელად ის არის, რომ მოპარული დაუბრუნდეს ხალხს. ამისთვის ვიბრძოლებთ ყველა მისაღები მეთოდით, რაც კი არსებობს. იმიტომ, რომ მოპარვა, ეს კრიმინალური გზაა. პოლიტიკოსი, ჩინოვნიკი, სახელმწიფო მოხელე როდესაც იპარავს, კრიმინალია და კრიმინალთან უნდა იყოს დაუნდობელი ბრძოლა. ხალხში ხელისუფლების მიმართ ნდობაც მხოლოდ მაშინ გაჩნდება, როდესაც ამას გააკეთებს, ხალხს ყაჩაღებისგან დაიცავს, აღარ მოაპარვინებს და ვინც მოიპარა, იმას ბოლო თეთრამდე დააბრუნებინებს ბიუჯეტში მოპარულ ფულს. უნდა შეიცვალოს კანონები. ხანდაზმულობის ვადა არ უნდა შეეხოს კორუფციული სახის დანაშაულებს, ისეთ დანაშაულებებს, რომლებიც ბიუჯეტიდან სხვა და სხვა გზით თანხების მითვისებას ეხება.
– თუ უმრავლესობით შეხვედით პარლამენტში, ამას გააკეთებთ, მაგრამ თუ ხელისუფლებაში სხვა ძალები მოვიდნენ, მაშინ რას და როგორ გააკეთებთ?
– 31 ოქტომბერს დაიწყება ამ ქვეყანაში ცვლილებების ეპოქა – „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ გავუშვებთ ხელისუფლებიდან, ისინი ერთმანეთზე უარესები, ერთმანეთის დანამატები არიან. შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის გაშვება როგორ მოხდა ხელისუფლებიდან? ამ გზას უნდა დავადგეთ და უნდა ვიბრძოლოთ უმრავლესობაში მოსასვლელად. ხელისუფლებაში ხალხის მოსასვლელად უნდა ვიბრძოლოთ და არა კონკრეტული ადამიანების სავარძლებში ჩასაჯდომად. იმ პოლიტიკურ ელიტას, რომელიც დღეს არსებობს, არც ცოდნა, არც რეცეპტი არ გააჩნია, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან. 31 ოქტომბერს რეალურად ოპოზიციური ძალები უნდა მოვიდნენ ხელისუფლებაში. სხვა შემთხვევაში, ამ ქვეყანას მომავალი აღარ ექნება.
ლევან ჯავახიშვილი, ალია №39