ბაღდათში, საცხორებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია 5 გარდაცვლილის – 4 მცირეწლოვანისა და მათი ფეხმძიმე დედის შესახებ.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა გამოძახებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინეს. შემთხვევის ადგილზე 2 წუთში გამოცხადდა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
ადგილზე მისული მეხანძრე-მაშველების ინფორმაციით, იწვოდა ხის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. ხანძარი გავრცელებული იყო, დაახლოებით, 200 კვ/მ ფართობზე.
ხანძრის ლოკალიზაციის შემდეგ, ღია ცეცხლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. მათ შორის იყო 1 ქალი და 4 არასრულწლოვანი. მოგვიანებით, ადგილზე იპოვეს კიდევ ერთი – ხანშიშესული ქალის ცხედარი.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ასევე, მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური.
მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო”- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები სოციალურად დაუცველები იყვნენ. ბაღდათის მერიის ცნობით, 2 ოჯახი მიტოვებულ შენობაში თვითნებურად იყო შესახლებული.
კომენტარები