აჭარაში ჯამში 14 928 ხმით მეტი მიიღო მთლიანობაში ოპოზიციამ, ვიდრე არჩევნებში გამარჯვებულმა „ქართულმა ოცნებამ“. უსკო-ს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ჯამში 97 615-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი [54,1%], ხოლო „ქართულ ოცნებას“ – 82 687-მა [45.9]. საკუთარი არჩევანი აჭარის რეგიონში სულ 180 302-მა ადამიანმა დააფიქსირა.
ბათუმის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 12 227-ით მეტი ხმა
- ოპოზიციის ხმები – 45 214
- ქართული ოცნების ხმები – 32 987
- სხვაობა – 12 227
ქობულეთის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 321-ით მეტი ხმა
- ოპოზიციის ხმები – 21 185
- ქართული ოცნების ხმები – 20 864
- სხვაობა – 321
ხულო, შუახევი, ქედა, ხელვაჩაურის ოლქში ოპოზიციამ მიიღო 2 380-ით მეტი ხმა
- ოპოზიციის ხმები – 31 216
- ქართული ოცნების ხმები – 28 836
- სხვაობა – 2 380
ამ მოცემულობის მიუხედავად, აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლის შესძლებლობა მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალას აქვს – „ქართულ ოცნებას“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“. იმის მიუხედავად, რომ რეგიონში ამომრჩევლების უმრავლესობა კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს ხელისუფლების მიმართ და არ აურჩევია „ქართული ოცნება“, უმაღლეს საბჭოში მანდატების უმრავლესობას სწორედ „ქართული ოცნება“ მიიღებს.
უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაა საჭირო. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებიდან კი, ეს ბარიერი მხოლოდ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გადალახა. აჭარის უმაღლეს საბჭოში მოსახვედრად 21 ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ცალ-ცალკე იბრძოდა. ამ მოცემულობით ოპოზიცია ერთიანი რომ ყოფილიყო, არჩევნებსაც მოიგებდა და მანდატების უმრავლესობასაც ის მიიღებდა.
ამ არჩევნებში გაზრდილი იყო ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი. 31 ოქტომბრის არჩევნებში აჭარის რეგიონში აქტივობამ 59.12 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2016 წელს აქტივობის მაჩვენებელი იყო 52.97 პროცენტი.
ოპოზიცია, როგორც უმაღლეს საბჭოში, ასევე პარლამენტში პროტესტის ნიშნად შესვლას არ აპირებს. ოპოზიცია ამბობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებული „ქართული ოცნებისთვის“ არც მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი მიუცია ამომრჩევლების უმრავლესობას. უსკო-ს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტური გაიმართება ბათუმის, ასევე ქედის, ხელვაჩაურის, შუახევის და ხულოს მაჟორიტარულ ოლქებში.
ჯერ კიდევ გაურკვეველია ქობულეთის ბედი, სადაც უსკო-ს მონაცემებით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა – ცოტნე ანანიძემ 50.05 ხმა დააგროვა [ზუსტად 22 ხმით მეტი, ვიდრე არჩევნების მოსაგებად იყო საჭირო]. ქობულეთში ხუთ საარჩევნო უბანზე შესწორების ოქმის შედგა და რამდენიმე შემთხვევას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც“ ასაჩივრებს. საჩივრები ჯერ საოლქო კომისიაში არ განუხილავთ.
მთავარი ფოტო: ფოტოზე წითელი კვადრატით აღნიშნულია ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებული ხმები, ლურჯი კვადრატით კი – “ქართული ოცნების” მიერ მიღებული.
წყარო – ბათუმელები
კომენტარები