თამარ ჟვანია იმსახურებს ჯილდოს – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეუთო/ოდირთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, თამარ ჟვანიას ეს ჯილდო ეკუთვნის იმ მოთმინებისთვის, რასაც ოპოზიციის მხრიდან შეურაცხყოფის მიუხედავად იჩენს.
აღნიშნულით ის გამოეხმაურა ოპოზიციის პრეტენზიას, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ჟვანიამ არჩევნების გაყალბებისთვის პასუხი უნდა აგოს.
ცნობისთვის, სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში”ეუთო-ოდირის წარმომადგენლებთან “ქართული ოცნების” ლიდერების შეხვედრა გაიმართა. მმართველი გუნდის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
“ქართული ოცნების” ლიდერებმა შეხვედრის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. მათი თქმით, ვრცლად საუბარს შეხვედრის დასრულების შემდეგ შეძლებენ.
მმართველ გუნდს შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, მარიამ ქვრივიშვილი, კახა კუჭავა და ირაკლი კობახიძე წარმოადგენდნენ.
შეხვედრა პროტესტის ფონზე წარიმართა. შენობის წინ მოძრაობა “სირცხვილიას” წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ამ ფორმით ცდილობენ საერთაშორისო საზოგადოებას აცნობონ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებითა და გაყალბებებით ჩატარდა.
კომენტარები