რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობის საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, თუ რა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა კორონავირუსის გავრცელება შემცირდეს:
“შეგახსენებთ, რომ დღეისთვის საქართველოში პირბადე არის სატარებლად სავალდებულო როგორც შიდა სივრცეში, ასევე გარე სივრცეში. ასევე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა რესტორანი და კვების დაწესებულება მუშაობს 22:00 საათამდე.
ასევე შეგახსენებთ, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში მოქმედებს შეზღუდვა, რომლის ფარგლებში შეზღუდულია ათ კაცზე მეტის ჩართვა ისეთ სოციალურ ღონისძიებებში, როგორიც არის ქორწილი, დაბადების დღე, ქელეხი და ა.შ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩვენ უნდა შევწყვიტოთ ხალხმრავალი შეკრებები და ისეთი სტუმრიანობა, რომელიც საბოლოო ჯამში, ჩვენს სტუმრებს საავადმყოფოში მოათავსებს.
როგორც იცით, ასევე დიდ ქალაქებში 25 ნოემბრამდე ყველა სკოლა გადასულია დისტანციურ რეჟიმში და რა თქმა უნდა, ყველა ეს ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ შევანელოთ ვირუსის გავრცელება. ასევე, უკვე მოვუწოდეთ ჩვენს საჯარო სექტორს, საჯარო სექტორში არის გაცემული მიტითება, რომ მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმში. ჩვენ უკვე მოვუწოდეთ კომერციულ სექტორსაც, ყველა ჩვენს დამსაქმებელს. მინდა, დღესაც გავიმეორო ეს მოწოდება და ყველა დამსაქმებელს გთხოვოთ – მაქსიმალურად მოვახერხოთ და ჩვენი თანამშრომლები ვამუშოთ სახლიდან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
კომენტარები