31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი დღე გავიდა და ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგების მიხედვით, “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, თუმცა საპატრიაქრო ჯერ-ჯერობით დუმს და ამ დრომდე საკუთარი აზრი არ დაუფიქსირებია – ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც პატრიარქი არჩევნების შედეგებზე დუმს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მან არ იცის, რატომ არ გავრცელდა ოფიციალური განცხადება საპატრიარქოს მხირდან არჩევნებთან დაკავშირებულ შედეგებზე.
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის პეტრე ცაავას თქმით, საპატრიარქოს მხრიდან დუმილი არის იმის მიმანიშნებელი, რომ ის თვალს ხუჭავს თამარ ჟვანიას მიერ არჩევნების გაყალბების ფაქტზე, რაც პირდაპირ მიუთითებს საპატრიარქოს მხრიდან რუსული გზის არჩევისკენ:
“2012 წლისაგან განსხვავებით, მაშინ, როდესაც კრემლის ინტერესებში იყო საქართველოში ხელისუფლების ცვლილება, მან დაადასტურა და მადლობა გადაუხადა ცესკო-ს მაშინდელ თავმჯდომარეს სამართლიანი შედეგების გახმოვანებისთვის. დღეს, როდესაც ის არ ამხელს ცესკო-ს თავმჯდომარეს, როდესაც უკვე თავისი უიპრინციპობით და უპასუხისმგებლობით სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანა ქართველი ერი, ეს იმას ნიშნავს, რომ საპატრიარქო არის უსამართლობის მხარეს. არჩევნები იყო მორიგი სპეცოპერაცია, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელმაც უკიდეურესად დიდი შანტაჟის, ზეწოლის, მოსყიდვებისა და ადამიანის თავისუფალ ნებაზე შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ფონზე ჩაიარა. ალბათ, ყველაზე ანტიდემოკრატიული არჩევნები იყო, რაც აქამდე ჩატარებულა საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ხელისუფლება, რომელიც ადამიანების არჩევანს ფეხქვეშ გათელავს, პოლიტიკურ სანაგვეზე უნდა გადავარდეს. ” – განაცხადა პეტრე ცაავამ.
კომენტარები