„პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციების გამართვას მანამდე გაცხადებული 7 ნოემბრის ნაცვლად 9 ნოემბერს გეგმავს. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ლომიამ უთხრა.
„ქუთაისიდან ვიწყებთ აქციებს, 9-ში ვატარებთ აღმაშენებლის მოედანზე 17:00 საათზე აქციას. ეს აქციები მიიღებენ პერმანენტულ ხასიათს და სხვადასხვა რეგიონში ინტერვალებით გაგრძელდება ეს აქცია“, – ამბობს ლომია.
მისივე თქმით, პარტია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
“ჩვენ შეგროვებული გვაქვს მასალები, სადაც თქვენ ნახავთ, რომ უბნებზე, სადაც ჩვენ დამკვირვებლები ან/და კომისიის წევრები გვყავდა, გვაქვს ამომრჩევლის ინტერვიუებიც – იმ უბნიდან 0 ხმა მიიღო „პატრიოტთა ალიანსმა“, ეს აბსურდია”, – აცხადებს ლომია.
გიორგი ლომიამ ჟურნალისტის კითხვაზე, უერთდებიან თუ არა სხვა ოპოზიციური პარტიების საპროტესტო ტალღას, განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არავის უერთდება.
„არავის ვუერთდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი გზა. თუ სადმე სხვა პარტიას აქვს ანალოგიური პრეტენზია, ეს მისი საქმეა“, – განმარტა მან.
ამასთანავე, ლომიამ დასძინა:
„ვინც პირველი შევა პარტლამენტში და „გაუპრავებს“ „ოცნებას“, ეს იქნება ლუსტრაცია, თუ ვინ იქნება „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტია“.
კომენტარები