სტამბოლში დააკავეს შეიარაღებული დჯგუფების წევრები, რომლებიც „კანონიერი ქურდის“ ნადირ სალიფოვის, იგივე „ლოტი გულის“ ლიკვიდაციას გეგმავდნენ. დაკავებულთა შორის არის ქართველი „კანონიერი ქურდი“ გურამ ჩიხლაძე, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „კვეჟოვიჩის“ სახელით იცნობენ. სამართალდამცველების ცნობით, დაჯგუფებას სწორედ გურამ ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა.
სპეცოპერაციის კადრებს აზერბაიჯანული გამოცემა vesti.az ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დაკავებულთა შორის 3 უკრაინელი, 8 აზერბაიჯანელი, 4 ქართველი და 1 რუსეთის მოქალაქეა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის აგვისტოში თავდასხმა მოხდა თავად გურამ ჩიხლაძეზეც, რაშიც ის სწორედ ნადირ სალიფოვს ადანაშაულებდა.
გურამ ჩიხლაძე „კანონიერ ქურდად“ 16 წლის ასაკში „აკურთხეს“. მის სახელს უკავშირდება ქურდულ სამყაროში ერთ-ერთი გახმაურებული შურისძიება.
ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1994 წელს 9 წლის გურამ ჩიხლაძის თვალწინ ჩაცხრილეს დედა და მამა (ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ავთო ჩიხლაძე, იგივე „კვეჟო“). შემთხვევა მოსკოვში, ჩიხლაძეების ბინაში მოხდა. მაშინ თავდამსხმელებმა, ასევე, ესროლეს 9 წლის გურამ ჩიხლაძესაც, თუმცა ის სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.
20 წლის შემდეგ, 2014 წლის 11 იანვარს მოსკოვის შემოგარენში ქართველი „კანონიერი ქურდი“ დავით მელქაძე, მეტსახელად „დათო ფოთინსკი“ მოკლეს. კრიმინალურ ავტორიტეტს თავდამსხმელმა ცეცხლი კრასნოგორსკის ჰიპერმარკეტის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაუხსნა, სადაც ის მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა.
პრესა წერდა, რომ ჰიპერმარკეტიდან გამოსულ მელქაძეს ავტომანქანამდე რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა მოულოდნელად უცნობმა ცეცხლი გაუხსნა. მელქაძე ინსტინქტურად უმცროს ქალიშვილს გადაეფარა, ხოლო ცოლსა და უფროს ვაჟს (10 წლის) დაუყვირა, – გაიქეცითო. მოულოდნელად მკვლელის იარაღში ტყვია გაიჭედა, რამაც საშუალება მისცა მელქაძესა და მის მხლებლებს ჰიპერმარკეტში შეეღწიათ, თუმცა კილერი არ მოეშვა და სროლით დაედევნა… მძიმედ დაჭრილი მელქაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ითქვა, რომ სწორედ უმცროსმა ჩიხლაძემ იძია შური დავით მელქაძეზე, რომელსაც 20 წლის წინათ მისი მშობლების მკვლელობაში ადანაშაულებდა. ნიშანდობლივია, რომ დავით მელქაძე 10 წლის ვაჟის თვალწინ დაცხრილეს, ისევე, როგორც 20 წლის წინათ მოკლეს „კვეჟო“ 9 წლის ვაჟის თვალწინ.
კომენტარები