„ბაღდათში 21,700 მოსახლეა, საიდანაც 1,777 ადამიანი (8%) უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, ბიუჯეტი კი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. ბაღდათის ბიუჯეტიდან ორჯერ მეტი იხარჯება რელიგიურ, კულტურულ და სპორტულ აქტივობებზე, ვიდრე გაჭირვებულთა სოციალურ უზრუნველყოფაზე“,- ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს.
„ბაღდათის მუნიციპალიტეტში 21,700 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი საშუალოდ 10 მილიონი ლარია. ბაღდათში სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით 1,777 ადამიანი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, საიდანაც
201 ბავშვია (17 წლამდე ასაკის).
ბაღდათის მუნიციპალიტეტი ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავს მუნიციპალიტეტში კულტურული და სპორტული ღონისძიებების, აგრეთვე რელიგიის დაფინანსებისთვის. ამ ხარჯებმა 2013-2019 წლებში 7,130,210 ლარი შეადგინა, საიდანაც 243,500 ლარი ეპარქიის დაფინანსება დაჯდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ სუბსიდიები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეკლესიის მიმართ, არ შედის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად საპატრიარქოსთვის გადაცემულ 25 მილიონ ლარში.
შედარებისთვის ბაღდათის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფისთვის – რაშიც იგულისხმება ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის სხვადასხვა შეღავათების მინიჭება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, უფასო სასადილოებით უზრუნველყოფა და ა.შ. – მუნიციპალიტეტი ორჯერ ნაკლებს ხარჯავს, ვიდრე სპორტის, რელიგიის და კულტურის დაფინანსებისთვის. კერძოდ: 2013-2015 წლებში აღნიშნულმა ხარჯმა 3,343,800 ლარი შეადგინა“, – აღნიშნულია არასამთავრობოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები