ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა. ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა:
„გრიგოლ ვაშაძე არანაირ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა, ეს ინფორმაცია არის ტყუილი. შესაძლოა, მას პრივატული შეხვედრები ჰქონდა სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებთან, მე ამას არ გამოვრიცხავ მისი სტატუსიდან, თანამდებობიდან და ყოფილი პროფესიიდან გამომდინარე. ოპოზიციის სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გრიგოლ ვაშაძე არ აწარმოებდა.
მე ვსაუბრობ ოპოზიციის საერთო სახელით, საუბრობდა თუ არა გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით ვინმესთან, ეს ამ პარტიის სხვა წევრებმა უნდა თქვან. გრიგოლ ვაშაძე არ საუბრობდა ოპოზიციის სახელით და ვერ ისაუბრებდა, რადგან ეს მანდატი აქამდე არ ჰქონია და ამ ინტერვიუს შემდეგ ვეჭვობ, საერთოდ ჰქონდეს.
პატივს ვცემ ყველანაირ განსხვავებულ აზრს. მომეჩვენა, რომ ბატონი გრიგოლი ადამიანურად არის ნაწყენი და ვთვლი, რომ ახლა არც ერთი ადამიანის გარიყვის და დამუნათების დრო არ არის. ეს პროცესი მიმდინარეობს საერთო ოპოზიციური ქოლგის ქვეშ და გადაწყვეტილებაც შესაბამისი ფორმატით მიიღება. აქედან გამომდინარე, ვერ ვხედავ იმის საფრთხეს, რომ ოპოზიციის ერთობას რაიმე თვალსაზრისით პრობლემა შეექმნას“
„ჩემი განცხადების გაკეთების ბოლო ჩახმახი ის იყო, რომ თითქმის მომზადებული დიალოგი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ჩართულობით ჩაიშალა. ყოველდღე და თან არაერთხელ, მე პირადად ვიყავი კომუნიკატორი ოპოზიციიდან, საელჩოებთან ამ საკითხებზე. არ მაქვს ნებართვა, ეს დიპლომატიური წარმომადგენლები დავასახელო, მაგრამ მათ საქართველოზე გული, ჩვენზე არანაკლებად შესტკივათ”, – აცხადებს გრიგოლ ვაშაძე „რუსთავი2“-თან.
კომენტარები