„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა:
“რა თქმა უნდა, დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი პოზიცია იყო უცვლელი, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ვხედავთ ახალი არჩევნების ჩატარებაში, პროცესი გაგრძელდება. ნუ გვექნება მოლოდინი, რომ ერთი ან თუნდაც ორი შეხვედრით რამე გადაწყდება, ეს არის უმძიმესი თემა, ქვეყანა არის პოლიტიკურ კრიზისში, განსხვავებები არის უზარმაზარი. ჩვენი, როგორც პასუხისმგებლიანი ძალების ამოცანა არის ის, რომ თან და თან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცადოთ კომპრომისის გამოძებნას, ოღონდ, ბუნებრივია, ამ კომპრომისის გამოძებნის პროცესში ჩვენი პოზიცია არის მყარი, რომ ის, რაც არის ქვეყნისთვის ცუდი და უკანონო, ვერ შედგება კომპრომისი იმის ხარჯზე, მაგრამ ვფიქრობ, კომპრომისის სივრცე არსებობს და თუ იქნება პასუხისმგებლიანი მიდგომა, საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, მხარეები მოვახერხებთ შეთანხმებისკენ წასვლას.
პროცესი და შეთანხმება გულისხმობს შეთანხმებას იმაზე, რაც პირველ ეტაპზე მიუღებელი და მიუღწევადია. არ გამოვრიცხავ, რომ შეთანხმება ვერ შედგეს, ამისი მაღალი ალბათობა არსებობს, რადგან ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და მტკიცეა, რომ ახალი არჩევნების გარეშე ქვეყანაში კონსოლიდაცია ვერ მოხდება. თუ მმართველი გუნდიც ბოლომდე იქნება იმ პოზიციაზე, რომ მათი აზრით ამ კრიზისში დარჩენა სჯობს, ერთპარტიული პარლამენტი, გახლეჩილი საზოგადოება სჯობს, ვიდრე ახალი და სამართლიანი არჩევნები, ბუნებრივია, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ შეთანხმება ვერ შედგება, მაგრამ წინასწარ არ მინდა საუბარი, მით უმეტეს პესიმისტური პროგნოზების გაკეთება, დღეს ჩვენ შევხვდით, გავცვალეთ არგუმენტები და შევთანხმდით, რომ კარს არ ვხურავთ, პროცესი გრძელდება, ვნახოთ, საითკენ მიგვიყვანს ეს პროცესი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩიც.
კომენტარები