ჟურნალისტი, თამო კეშელავა, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩემი მეგობრის დედა ჯანდაცვის სამინისტრომ მოკლა…
მართალია, ოფიციალურ დოკუმენტში ჩაუწერეს, კოვიდმა მოკლაო, მაგრამ… მოგიყვებით და თავად განსაჯეთ:
სიცხიანს ოჯახის ექიმი არ მიეკარა… არც ერთმა კლინიკამ არ მიიღო, ჯერ ტესტის პასუხიო, ვერც ფილტვზე გადაიღო, არც ექიმმა გასინჯა.
ტესტის ჩასატარებლად რომ მივიდა 530-ე იყო რიგში, ფეხზე დგომა უჭირდა უკვე, წავიდა და კერძოდ ჩაიტარა ანალიზი, იძულებული გახდა ფული გადაეხადა.
ანალიზის პასუხი მეორე დღეს მოვიდა – დაუდასტურდა კოვიდი!
ოჯახის ექიმმა, კოვიდპაციენტთან ვერ მივალო, სასწრაფომ ვერ მოვალო, კლინიკამ ადგილი არა მაქვსო…
სასწრაფო მაშინ მივიდა, როცა წაიქცა და შვილებს ხელში აკვდებოდა… თუმცა, მაგ დროსაც კი, ხალხის “ჩარევა” გახდა საჭირო…
გადაიყვანეს, მერე გამოჩნდა ადგილი…
სირცხვილია, ხალხო, ადგილების შენახვა და დაჯავშნა, სირცხვილია…
მე მაშინ გავიგე, როცა გადაიყვანეს, კლინიკის ექიმს დავურეკე, მკითხა, რამდენი დღე იყო ცუდად, რომ მოვუყევი, მითხრა, ეგ ვერ გადარჩება – დაგვიანებულიაო…
-ვინ დააგვიანა-თქო, ვკითხე…
-რა ვქნათ, შვილო, აქ ცოდვის დუღილიაო…
არც ერთი ქრონიკული დაავადების მატარებელი არ იყო, ფილტვის ანთება გართულდა და გართულდა იმიტომ, რომ ადამიანი არ აღმოჩნდა, ვინც დაადგენდა რომ ფილტვის ანთება ჰქონდა და მკურნალობას დაუნიშნავდა, სახლში მაინც…
რა პროტოკოლი, ხალხო…
ჯანდაცვის მინისტრზე როგორ თქვი, რომ დასაჭერიაო, მითხრეს დღეს და გუშინაც… დასაჭერია, კი, რამდენი თვე ჰქონდა თან მარაგში! დაიწყოს, აბა, პროკურატურამ საქმის ძიება და ვნახოთ, თუ არ არის დასაჭერი, მოითხოვეთ, რომ დაიწყოს საქმის ძიება პროკურატურამ და ვნახოთ! ამას, ყველაზე კორუმპირებული პროკურატურაც კი ვერ გაამართლებს…
მაგრამ…
ექიმები? ექიმები, რომლებიც ღამეებს ათენებთ, შრომობთ, ექიმები, რატომ ხართ ჩუმად? მოითხოვეთ ლაზარეთების გახსნა, სადაც მსუბუქ პაციენტებს მიხედავენ და იმას დააკვირდებიან, რომელიმე ხომ არ მძიმდება, მოითხოვეთ, თქვენ ყველაზე მეტად იცით სიმართლე, სიჩუმე დანაშაულია. მხოლოდ ხალხისთვის გადაბრალება იმისი, რაც ხდება – დანაშაულია. ხალხის ბრალი არ არის, რომ როცა უნდათ ქალაქი ჩაკეტილია და როცა უნდათ ღია, როცა უნდათ კურორტი და პარკი გახსნილია და როცა უნდათ დაკეტილი, ხალხის ბრალი არაა, რომ შეკრება ხან აკრძალულია და ხან ნებადართული, არაა ხალხის ბრალი, არა!
არც ის ფული უჭამია ხალხს, რომელიც კოვიდ ფონდში ჩაირიცხა, არც უჭამია და როგორც ახლა ვხედავთ, ვერც სამკურნალოდ გამოიყენებს!
ცინიზმს არ ჰქონია საზღვარი!
ამდენი ადამიანი წერს, ოჯახის ექიმს ვერ ვუკავშირდები და სასწრაფო არ მოდისო და ზემოდან გვპასუხობენ, იმიტო ხართ ავად, რომ ექიმს არ იძახებთ და მალავთ ავადმყოფობასო!
ვინც არ მალავს, იმათ მიხედეთ?! ვინ მალავს, უამრავი ადამიანი წერს, მდგომარეობა დამიმძიმდა და ექიმს ვერ ვუკავშირდებიო…
გოგო რომ იხვეწებოდა, ერთი მშობელი გადამირჩინეთო, იმ გოგოს ვერც ერთი მშობელი ვერ მოხვდა დროულად რეანიმაციაში! როგორ გგონიათ, მალავდა და თან ღიად გთხოვდათ დახმარებას? არ სჯეროდა და იმიტო დაეღუპა დედაც და მამაც? მისი ბრალია?
დღეს დაკრძალეს ჩემი მეგობრის დედა, რომელიც ჯანდაცვის სისტემამ მოგვიკლა!”
კომენტარები