მწერალი, გიორგი კეკელიძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“დღეს ტვ-ში ვიქნები, აქა და აქ, ამ საათზე – მივწერე ტელეფონზე.
აქანა რაფერ ვუყურო? – უჩველოდ სწრაფად მომწერა. აქამდე პასუხს არ მიბრუნებდა ხოლმე და თუ კი, ძალიან ნელა კრეფდა ასოებს. ეგრე მოიტანა სასტიკმა ცხოვრებამ, რომ სულ ამ ტელევიზორში ვარ. მამაჩემმა კიდევ, იმ დროიდან, კანტი-კუნტად რომ ვჩნდებოდი, დამავალა, გამეგებინებინა და შემოგვრჩა ეს ჩვევა. ისედაც, ბავშვობიდან მოყოლობული, სადაც რამე დაიბეჭდებოდა ჩემზე, ყველაფერს ინახავდა და მერე წუხდა, ახლებს რომ ვერ ვუგროვებდი.
დავურეკე.
-სად ხარ? უკვე ახვედი სოფელში?
შუა ზაფხულია. თხილის აღების დრო.
-რაის სოფელში კაცო, იქინე ვარ მე.
-სა იქინე?
-ზეით
ვახ – დავიბენი. სად ზევით?
– ხო მოვკტი, მე კაცო
– მითხრა სიცილით.
მაშინ მივხვდი, სიზმარში ვიყავი. არ ვიცი რატომ ეს, მაგრამ ვკითხე:
-ძაან გეტკინა?
-აფერი არ გამიგია ბოლოს. თავიდან კი მტკიოდა და მორიგე ექიმი მევიდა. მარა, იცი, რაფერაა?. არავინ არ მოგატყუოს, სიკტილის წინ არავის არ ჯერა, რომე კტება. არც არავის. ან რაფერ უნდა დეიჯერო, რომ კტები ცოცხალმა ადამიანმა? ხოდა, მეგონა, რომე ვიძინებდი და არც მითქვია, იგი, მოფიქრებული რომ მქონდა სიკტილის წინ ვიტყვი, ბაღანე მანახეთ მეთქი.
უდროოდ გამეღვიძა. მინდოდა კიდევ მეკითხა რაღაც. ერთი კი არა, ბევრი რამ მეკითხა, მაგრამ ძილს რას გაუგებ. მაგრამ, მთავარია, რომ არ ეტკინა. ეს არის მთავარი. სიზმარი იყო? მერე რა. სიზმარიც სიმართლეა. ყველაფერი სიმართლეა რასაც ვხედავთ და ან გვინდა, რომ ვხედავდეთ. მამაჩემს არ ეტკინა. მამაჩემი ცოცხალია. ზევითაა. უბრალოდ, მამაჩემს ტელევიზორი არ აქვს.
#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze“
კომენტარები