20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ,- ასე ეხმაურება ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ჟურნალისტებთან საუბრისას.
„ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, 20 ათასს გარდაცვლილს ჩვენ არ მივიღებთ. ეს რიცხვი ჩვენ არც ერთ დათვლაში არ მიგვიღია. თქვენ იცით, რომ მთავრობა თანამშრომლობს ყველა პროფესიონალთან და ექსპერტთან. დღეს ჩანიშნულია დამატებითი შეხვედრები ექსპერტებთან. შესაბამისად, ჩვენ მათთან ერთად გადავწყვეტთ იმ შემდეგ ღონისძიებებს, რომელიც იქნება საჭირო,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულმბეგოვმა, გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა: „საქართველო უდაოდ პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც ჯოგური იმუნიტეტის მიღწევის შემდეგ „დაასრულებს” პანდემიას. შედეგად, 15 დან 20 ათასამდე გარდაცვლილ ჩვენს თანამოქალაქეს მივიღებთ!“.
“ეს რიცხვი ჩვენ არც ერთ დათვლაში არ მიგვიღია.” – ამბობს მინისტრი, თუმცა, იქვე არ აკონკრეტებს, რა რიცხვი მიიღო, აბა, რამდენ მსხვერპლს ელოდება. ბიძინა კულუმბეგოვმა თქვა, რომ 20 000-მდე გარდაცვლილს მივიღებთ, თუმცა, იგივე წერილში დასვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი კითხვა:
-“რას ველოდებით? გაგვეცით ამაზე პასუხი”- მინისტრმა მის კითხვას საჯაროდ არც ამჯერად უპასუხა!
და მაინც რას ველოდებით? ვის ველოდებით, მინისტრო?
გვითხარით, რა რიცხვი მიიღეთ, რომ გადაითვალეთ, რამდენს ელოდებით მსხვერპლს მუშაობის ამ პრინციპით, არ ვართ ღირსნი, ვიცოდეთ, რა გველოდება? რა გველოდება, იმის მერე, რაც ზაფხულში საწოლფონდის გაზრდის ნაცვლად, ცხელების ცენტრები და პოლიკლინიკები გააუქმეთ! რა გველოდება, იმის მერე, რაც ექიმების გადამზადება დააგვიანეთ, საველე ჰოსპიტალები არ მოაწყვეთ, რა გველოდება, მაშინ, როცა მტკიცედ თქვით, რომ არჩევნებს ჩაატარებდით რეგულაციების სრული დაცვით და ეს არ იმოქმედებდა ეპიდემიურ სიტუაციაზე? გვითხარით, რა გველოდება იმ პირობებში, როცა რაიონებში სკოლები დისტანციურ რეჟიმზე არ გადაგყავთ, როცა ჩვენ დისტანციურად მუშაობას გვირჩევთ და თქვენ სამინისტროში სსიპ-ები არ გადაიყვანეთ დისტანციურ რეჟიმზე?
თქვენგან განსხვავებით, ბიძინა კულუმბეგოვმა ახსნა, რატომ ფიქრობს, რომ ამ შედეგამდე მივალთ, თქვენ კი მხოლოდ უარჰყავით და არც ერთი განმარტება გააკეთეთ!
კომენტარები