„ალიას“ ესაუბრება, არჩილ მარშანია, ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
– სოციალურ ქსელში წერდით, რომ ხშირად გიკავშირდებიან კოვიდინფიცირებულები და მეტწილად თქვენი რჩევა შემოიფარგლება იმით, რომ არ მიიღონ ის მედიკამენტები, რომლებიც აქვთ დანიშნული – დავკონკრეტდები, გულისხმობდით, პაციენტებს, რომლებსაც აქვთ კოვიდის მსუბუქი ფორმა, ან ასიმპტომური და მკურნალობენ სახლში.რა მედიკამენტებზეა საუბარი?
– ორი ვარიანტია, ან არასწორადაა მედიკამენტი დანიშნული, ან თვითნებურადაა მიღებული. არის მედიკამენტი, რომელიც პირიქით, გააფუჭებს საქმეს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კოვიდის საწინააღმდეგოდ, ასეთია ანტიბიოტიკი და დექსამეტაზონი. რატომ ვეუბნები ადამიანებს, რომ არ მიიღონ ანტიბიოტიკი. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის მედიკამენტი, რომელიც მუშაობს ბაქტერიის საწინააღმდეგოდ და არა ვირუსის საწინააღმდეგოდ – ეს არის ძირითადი პრინციპი. ასევე, ანტიბიოტიკი, როდესაც მაშინ ვნიშნავთ, როცა არ არის საჭირო, იწვევს ანტიბიოტიკურ რეზისტენტობას, ანუ, ბაქტერიები ხდებიან ამ ანტიბიოტიკის მიმართ გამძლე. წარმოიდგინეთ, კოვიდ 19-ზე მსუბუქ და ასიმპტომური მიმდინარეობისას თუკი დავნიშნავთ ანტიბიოტიკს, ეს ნიშნავს 2 რამეს: – 1. ტყუილად ვნიშნავთ და 2. თუ გართულდა კოვიდ19 და შემდეგ ნამდვილად დასჭირდა ანტიბიოტიკი, უფრო მძიმედ წავა პროცესი, ბაქტერიები იქნებიან რეზისტენტულები, ასე ვთქვათ, უკვე ნავარჯიშებნი. ანტიბიოტიკი ინიშნება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც გვაქვს კოვიდ19-ის პნევმონია, რომელიც კიდევ გართულდება ბაქტერიული ინფექციით. ინიშნება სამკურნალოდ პნევმონიისგან, რომელიც გამოწვეულია ბაქტერიებით, ან კოვიდიც იწვევს პნევმონიას, მაგრამ კოვიდი არის ვირუსული პნევმონია და ამ ვირუსულ პნევმონიას თუ კიდე დაემატება ბაქტერიული პნევმონია, აი, მაშინაა საჭირო ანტიბიოტიკი. მოსახლეობას ამის ცოდნა არ ევალება, მოსახლეობამ უნდა იცოდეს ერთი – თუკი პაციენტი არის ასიმპტომური ან მსუბუქი, მას ანტიბიოტიკი არ სჭირდება, პირიქით, საქმეს აფუჭებს.
– დექსამეტაზონი?
– დექსამეტაზონს რაც შეეხება, პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ იგი არის კორტიკო-სტეროიდი, ანუ, ჰორმონია. დექსამეტაზონია ეფექტურია კოვიდის წინააღმდეგ სამკურნალოდ, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ, კრიტიკულ ან მძიმე პაციენტში, რომელიც არის საავადმყოფოში. ნაადრევად მისი დალევა, პირიქით, კოვიდ19-ის ინფექციას ახანგრძლივებს და აუარესებს. კატეგორიულად მიუღებელია დეტქსამეტაზონის მიღება თვითნებურად, ის გაურთულებს მდგომარეობას.
– ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კოვიდ19-ის დროს არის თრომბოემბოლური გართულებები, არაერთი ადამიანი დაიღუპა უკვე ამ მიზეზით და ბევრი კითხულობს, როგორ აარიდოს ამ გართულებას თავი – არსებობს თუ არა რამე პრევენციული ღონისძიება? საუბრობენ ლიმონზე, მაგალითად… ეს მითია თუ რეალობა?
– თრომბოემბოლური გართულებები ახასიათებს კოვიდ19-ს, ოღონდ, ახასიათებს როგორც წესი რისკის ჯგუფებში. აქაც თვითნებურად იწყებენ ასპირინის დალევას, რომლის მიღებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ექიმის გარეშე. ანტითრომბული მკურნალობა კოვიდ19-ისთვის უნდა დაინიშნოს ექიმის მიერ, რომელიც შეაფასებს რისკ-ფაქტორებს სისხლის ანალიზით და მერე დანიშნავს – აუცილებელი არ არის, ასპირინი დაინიშნოს, სხვა მედიკამენტები ინიშნება მეტწილად. ამიტომაც, ასპირინის დალევითაც, პირიქით შეიძლება გავაფუჭოთ საქმეს. რაც შეეხება ლიმონს, ჩვენ უნდა განვასხვაოთ სასარგებლო სამკურნალოსგან, ლიმონი, თაფლი არის სასარგებლო პროდუქტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ დაგვიცავს. პრევენცია იგივე თრომბოემბოლიის გართულებების, სუნთქვის გართულების იქნება შემდეგი რეჟიმის დაცვა: სახლში მყოფი ინფიცირებულებისთვის – ვრჩებით სახლში, ვიღებთ ადეკვატური რაოდენობის სითხეს, დღის განმავლობაში ვართ ადეკვატური დატვირთვით, ფიზიკური აქტივობით დაკავებული, ისე, რომ არ გადავიღალოთ. თუკი მოიმატებს სიცხე, მაგალითად 38,5-აცდება – ვსვამთ სიცხის დამწევს, იბუპროფენს, ან პარაცეტამოლს. ტემპერატურა მაღალი ითვლება მაშინ, თუ გვაქვს 38.5 ან მეტი. თუმცა, თუკი გაქვთ სიცხე 38 და ეს სიცხე გიქმნით დისკომფორტს, მაშინ დალიეთ სიცხის დამწევი, თუ არ გიქმნით 38,5-მდე სიცხე დისკომფორტს, მაშინ არ არის აუცილებელი დამწევის დალევა. უნდა იკვებოთ სწორად – მეტი ბოსტნეული, ხილი, ჯანსაღი საკვები და ოთახი გავანიავოთ ხშირად. ეს არის ჩვენი პრევენცია გინდ თრომბოემბოლიის და გინდ სხვა გართულებების წინააღმდეგ. რაც შეხება ლიმონს, თაფლს, ამ დროს ლიმონიანი ჩაიც კარგია, თუკი ახველებს ადამიანს, იცით, ალბათ, მშრალი ხველა ახასიათებს კოვიდ19-ს, თაფლიც კარგია, დააამებს ყელს – უბრალოდ, ზედმეტი როლი არ უნდა მივანიჭოთ ამ პროდუქტებს და ზედმეტი იმედები არ უნდა დავამყაროთ.
– ადამიანებისთვის, ვისაც არ აქვს კოვიდინფექცია, რა პრევენციული გზები არსებობს?
– მედიკამენტოზური პრევენცია არ გვჭირდება. სითხეების ადეკვატური მიღება, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაზე დიდი პრევენციაა ხელების ხშირი დაბანა, სადეზინფექციო ხსნარის გამოყენება, როცა დაბანა არ შეგვიძლია, ნიღბის გამოყენება ისე, რომ ცხვირიც იფარებოდეს და მაქსიმალურად იყოს სახეზე მორგებული, დისტანცირება და ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება.
– ნიღაბი რამდენ ხანში უნდა ვიცვალოთ? რამდენიმე ვერსია არსებობს მანდაც.
– ნიღაბზე ბევრი მოსაზრება არსებობს, კი, მაგრამ ერთი ამოსავალი წერტილიდან ამოვიდეთ – დღეს გვაქვს მწვავე ეპიდაფეთქება, ნიღბის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ის ქმნის ბარიერს და წვეთოვანად გავრცელებას აფერხებს. ჩვენ თუ ინტენსიურად ვხმარობთ ნიღაბს, იდეალურ შემთხვევაში სჯობს, რომ 2-3 საათში ერთხელ გამოვიცვალოთ, ნესტიანდება შემდეგ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მკაცრად დაწესებული საზღვარია და საათი უნდა დავინიშნოთ. ვინც ასე ინტენსიურად არ ხმარობს, შეიძლება 4 საათში ერთხელაც გამოვცვალოთ და 5 საათში ერთხელაც. თუკი უფრო იშვიათად გამოვცვლით, შესაძლოა, საკუთარი თავის დაცვის ეფექტურობა შემცირდეს, მაგრამ ჩვენგან გავრცელების რისკი იქნება ნაკლები. სამედიცინო ნიღაბს ავიფარებთ, ნაჭრისას, თუ შარფს მოვიხვევთ, დღეს მაგის ფუფუნება არ გვაქვს, იმაზე ვიმსჯელოთ, ნიღაბი ასეთი უნდა იყოს და ამდენ საათში ვცვალოთ, მთავარია, რაღაც მაინც ავიფაროთ, მართლა ცუდად არის საქმე, უნდა შევამციროთ გავრცელება. რომ შევაჯამოთ, 2-3 საათში შეცვლა იდეალურია, მაგრამ, სულ რომ არ გვეკეთოს, მაგას სჯობს რომ 4-5 საათი ზედიზედ გვეკეთოს.
– რამე სიახლე თუ არის სამედიცინო სფეროში კოვიდინფექციაზე?
– ახალი და კარგი ამბავი ის არის, რომ ვაქცინის გამოცდა დადებითად მიმდინარეობს, კარგი შედეგები აქვთ ამერიკულ და დიდი ბრიტანეთის კომპანიებს, ბოლო ეტაპზე არიან გამოცდის და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ მოკლე ხანში გვექნება ვაქცინა. ცუდი ის არის, რომ რომც იყოს 1 თვეში ვაქცინა, მერე დისტრიბუციის და მომარაგების პრობლემის გამო გაიწელება დროში, მაგრამ სხვა გზა არ არის.
– მითები კოვიდ19-ზე, რაც უკვე დადასტურებულად ვიცით, რომ მითი გამოდგა, ბევრია?
– კი, საკმაოდ ბევრია, მაგალითად, ნივრის ჭამა რომ გვიცავს – არასწორია, ამანათები, ხილ-ბოსტნეული რისკის ძალიან, ძალიან დაბალ ჯგუფში გადის და შესაბამისად, მათი სპირტში და საპონში გარეცხვა არ არის საჭირო, ჩვეულებრივად, ჰიგიენური წესის დაცვით უნდა გავრეცხოთ. ბეცეჟე – იყო მითი, სტატისტიკური კორელაცია. სტატისტიკის შეჯამებისას, კორელაცია, ანუ 2 ნიშნულის დამთხვევა, ხშირია. ამიტომაც უნდა ამას შემდეგ კვლევა. ბეცეჟე-ს ეფექტურობა არ დადასტურდა. დისკუსიები იყო, აი, რუსეთში არ არის გავრცელებული და აი, საქართველოშიც გვშველის, მაგრამ კი ხედავთ, როგორც გვშველის! იგივე მოხდა იბუპროფენზე – რამდენიმე ადამიანი, რომელიც იბუპროფენს იღებდა, გახდა ცუდად და იფიქრეს, რომ იბუპროფენის ბრალია, იგივე იყო კაპტოპრილზეც. როცა კორელაციას აღმოაჩენ და კითხვის ნიშანია, ის მერე უნდა დადასტურდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ინფორმაცია ისე ვრცელდებოდა, თითქოს დადასტურებული ფაქტი იყო. ეს მედიკამენტები უსაფრთხოა, ეს უკვე დადასტურდა. ერთ-ერთი მითია ისიც, რომ ნიღაბი არ გვიცავს – მნიშვნელოვანია, რა დოზა ვირუსს მივიღებთ, თუ დიდ დოზა ვირუსს მივიღებთ, უფრო მეტი გართულებით მიმდინარეობს ვირუსი, მცირე დოზით, უფრო მსუბუქად. შესაბამისად, ნიღაბი, თუნდაც 5 საათით ნაკეთები ნიღაბი სჯობს გვეკეთოს, ვიდრე საერთოდ არ გვეკეთოს.
– კოვიდ19, როგორც ჩანს, საგნებზე დიდხანს არ ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას, რადგან მეტწილად მაინც შეფრქევით გადადების შემთხვევები ფიქსირდება, ასეა?
– ადამიანის ორგანიზმის გარეთ დიდხანს ვერ ძლებს, კი, თუმცა, მაინც ძლებს რაღაც დროით, სწორედ ამიტომაა ხელების ხშირი დაბანა საჭირო. ზამთარი და გრილი ამინდი რატომ არის ცუდი ჩვენთვის და ვირუსისთვის მომგებიანი – როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ვახველებთ, ვმღერით, ვყვირით, თვალით უხილავი წვეთები გამოიყოფა და ზამთარში ის უფრო გვიან შრება, ვიდრე ზაფხულში, ამიტომ, ზამთარში კიდევ უფრო მეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ.
– რეინფიცირების შემთხვევებზე თებერვალშივე იყო საუბარი, თუმცა, შემდეგ ითქვა, რომ სინამდვილეში, მათ მეორედ კი არ დაემართათ ვირუსი, არამედ, უბრალოდ, არ იყვნენ ბოლომდე გამოჯანმრთელებულნი. რას ამბობს ახალი კვლევები, გვაქვს რეინფიცირების შემთხვევები, თუ გვქონდეს იმუნიტეტის იმედი?
– იყო შემთხვევები, ცოტა ადრე, ჩათვალეს, რომ იყო რეინფექცია, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ ტესტი აფიქსირებდა ცხვირ-ხახის ნაცხში ვირუსის ნარჩენებს, გადამდები აღარ იყო, მაგრამ დადებითი ფიქსირდებოდა. ამიტომაც არის, რომ დღეს გამოჯანმრთელების დასადგენად, მსუბუქ და ასიმპტომურ პაციენტებში პისიარ ტესტირებას აღარ ვაკეთებთ, რადგან შეიძლება ვირუსის ნარჩენები დიდხანს დარჩეს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პაციენტი ისევ ინფიცირებულია, ან გადამდები. რაც შეეხება რეინფიცირებას, დაფიქსირდა ნამდვილი რეინფიცირების შემთხვევები, მაგრამ მილიონობით ქეისებში სულ არის ერთეულობით შემთხვევები, რაც არაფერს ნიშნავს. ჩვენ ვიცით, რომ კოვიდ19-ის ინფექციის შემდეგ იმუნიტეტი ნამდვილად რჩება, მაგრამ არ ვიცით, რამდენი ხანი რჩება, ამიტომაც, კოვიდ19-ის ინფექციის გადატანის შემდეგ, რეკომენდაციებს და თავდაცვის საშუალებებს ისევ ვითვალისწინებთ, როგორც ამას ვირუსის გადატანამდე ვაკეთებდით. საუკეთესო მოლოდინი, ხაზს ვუსვამ, მოლოდინი და არა დადასტურებული ფაქტი, არის ის, რომ ერთი წელი მაინც რჩება იმუნიტეტი და ძალიან დიდი იმედი აქვთ, რომ 2-3 წელი იქნებ დარჩეს ანტისხეულები და იმუნიტეტი – მაგრამ, ეს არის ჯერ ვარაუდი და არ არის დადასტურებული, რამდენი ხანი რჩება იმუნიტეტი, ამიტომ კოვიდ19-ის გადატანის შემდეგაც ვართ ძალიან ფრთხილად, და ვიცავთ იგივე რეკომენდაციებს და წესებს, რასაც მანამდე.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები