ვახტანგ კალოიანი, „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ambebi.ge -სთან საუბარში აღნიშნავს, რომ სიტუაცია ცალსახად გაქცეულია, სამედიცინო სისტემა მთლად ვერ არის მზად გამოწვევისთვის და რაოდენობის კონტროლი მხოლოდ შემზღუდავი ღონისძიებების მომატებით არის შესაძლებელი:
“ეს არის შიდა მასიური გავრცელება და ამ ყველაფრის თავიდან აცილება იყო შეუძლებელი, ადრე თუ გვიან, გავრცელება გვექნებოდა. მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ხელისუფლების მიმართ, მისი პირდაპირ დადანაშაულება იმაში, თუ რატომ გვაქვს ამხელა ციფრები, ჩემი აზრით, მთლად სამართლიანი არ იქნება. ამ მოსალოდნელ რაოდენობაზე დიდი ხნის წინ ვაფრთხილებდით ყველას და ხელისუფლების ბრალი იმაში მდგომარეობს, რომ მთელი სიმძაფრე და რაოდენობა ვერ ჰქონდა პროგნოზირებული და მეორე ტალღას სისტემა მოუმზადებელი დახვდა (ეს გიორგი გახარიამაც აღიარა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე). მათ უზარმაზარი დრო და რესურსი ჰქონდათ და ჩემი აზრით, სერიოზულად არ აღიქვეს, რასთან გვქონდა საქმე.
ჩვენ როცა მოსალოდნელ საფრთხეზე ვლაპარაკობდით, სულ იმას ამბობდნენ – არ იქნება ამდენი, ნუ პანიკობთ, ვირუსი მკვლელი არ არის. კარის ექიმები გამოდიოდნენ ფრაზებით – ვირუსმა გადაირა, ყველაფერი კარგად არის, ვირუსმა სიმძაფრე დაკარგა და ა.შ. ჩემი აზრით, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, მომზადებული რომ არ დახვდა ამას, თორემ იმას ხომ ვერ დავაბრალებთ, ვირუსი რატომ გავრცელდა? – ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა, ამას თავიდან ვერ აიცილებდი და იმის საშუალება, რომ ზომიერად გაავრცელო და მასიურად – არა, ეს რთული შესასრულებელია. სიტუაცია ცალსახად გაექცათ და რაოდენობის კონტროლი შესაძლებელია მხოლოდ შემზღუდავი ღონისძიებების მომატებით.
ეს გადაწყვეტილება ადრეც უნდა ყოფილიყო მიღებული და გარკვეული შეზღუდვების დაწესება ახლაც აუცილებელია, ოღონდ, ამას უნდა ჰქონდეს ძალიან ტარგეტირებული ხასიათი – არ შეიძლება ეს იყოს მასიური, მაგრამ გარკვეული მობილობის დაგდება აუცილებელია იმიტომ, რომ სამწუხაროდ, სამედიცინო სისტემა მთლად ვერ არის მზად გამოწვევისთვის. ელემენტარული რაღაცეები არ არის წესრიგში – ცხელი ხაზს ვერ უკავშირდებიან, სასწრაფო ვერ მიდის ადგილამდე და სხვა, უზარმაზარი პრობლემებია…
ძალიან რთულია ამ კრიზისის მართვა და ჩემი აზრით, ახლა რაღაცა შემზღუდავი ღონისძიება უნდა გაიზარდოს, ცოტა რომ ამოისუნთქოს სისტემამ. ახლა მაინც გაატარონ რაღაცა სახის ღონისძიებები, რომ ოდნავ შერბილდეს სიტუაცია. სხვადასხვა კომპეტენტური ორგანიზაციები ითვლიან ამას და, სავარაუდოდ, პიკი დეკემბრის მეორე ნახევარში იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, იქნება თუ არა გარკვეული შეზღუდვები. ასეთი მცირერიცხოვანი ერისთვის ეს რაოდენობა კატასტროფაა, დღეში 40 კაცის გარდაცვალება საშინელებაა.
პასუხისმგებლობა, ცალსახად, ორმხრივია – როგორც ხელისუფლების, ისე – ოპოზიციის. თვითონ არჩევნების ჩატარებაც გარკვეულ რისკებთან იყო დაკავშირებული და ამის პროგნოზირება უნდა მომხდარიყო.
სამწუხაროდ, არ მოხდა და შესაბამისმა ორგანოებმა ამის გაკეთება ვერ შეძლეს. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ორივეს ეკისრება – ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც იმ თვალსაზრისით, რომ ყველა სახის მასიური შეკრება ისევე, როგორც ამ შეკრების ცივი წყლით დაშლა, არის ძალიან ცუდი და სახიფათო. რასაკვირველია, მოსალოდნელია, რომ ამან ინფიცირებულთა რიცხვი გაზარდოს. გამოსავლად ის მიმაჩნია, რომ სისტემური ცვლილებებია სწრაფად გასატარებელი, თვითონ მართვის პრინციპებია შესაცვლელი:
1. უნდა მოხდეს ყველა ალტერნატიული აზრის გათვალისწინება და ვითარების რეალური შეფასება, არა – სირაქლემას პოზაში ყოფნა.
2. უნდა მოხდეს სწორი კომუნიკაცია საზოგადოებასთან.
3. უნდა მოხდეს სამედიცინო სისტემის ძალიან მნიშვნელოვანი გადამზადება, სტანდარტიზაცია, იყოს მუდმივი წრთვნა, მუდმივი ზრუნვა აღჭურვაზე (ჩვენ ისე შევხვდით ამ ეტაპს, რომ სამედიცინო დაწესებულებებს დღესაც არ აქვს გარკვეული აღჭურვილობა. შესაბამისად, ეს ხიფათის ქვეშ აყენებს მოქალაქეებს).
მართალია, თავის დროზე აჭარის დაკეტვა შეამცირებდა რისკებს, თუმცა სრული ჩაკეტვა გადაავადებდა იმ პრობლემას, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე. ჩვენ თუ შესაბამის ნაბიჯებს არ გადავდგამთ, ჩავკეტავთ, მერე გავხსნით და ისევ იმავე პრობლემის წინაშე დავდგებით. ამიტომ სრული ჩაკეტვა გამოსავალი არ არის, თუმცა მობილობის შემცირება აუცილებელია.
სამედიცინო სისტემა ვახსენე და, მან მაშინ დაუშვა შეცდომა, როცა თავის დროზე ჰოსპიტალური საწოლები არ იყო მობილიზებული, არ იყო გაწერილი გეგმა, არ იყო სპეციალისტების მობილიზაციის გეგმა, არც სტანდარტიზებული პროკლინიკური პროცესი, არ იყო კლინიკები აღჭურვილი, შესაბამისად, თუნდაც დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფილი…
5000 სამედიცინო პერსონალი გვყავს ინფიცირებული, 120 ადამიანი მარტო გუშინწინ დაინფიცირდა და ეს არის როგორც აღჭურვის, ისე წვრთნის ბრალი. ამ 8 თვის განმავლობაში სამედიცინო სისტემა რომ მომზადებულიყო, ჩვენ ამ გარდაუვალ ზრდას მომზადებული დავხვდებოდით. ძალიან სერიოზული პრობლემები იყო აღსრულებაში – გადაწყვეტილებების მიღება იყო არასისტემური და არასრულყოფილი და მერე უკვე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებაც არ იყო კარგი. იმავე ნიღბების ტარება – ახლა რომ ასე აქტიურად და აგრესიულად ითხოვენ და სამართლიანადაც ნიღბის ტარებას, რატომ არ შეიძლებოდა იმავეს გაკეთება სექტემბერში? იმავე ბათუმში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი წინააღმდეგი იყო მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის და არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, აჭარის მთავრობამ გახსნა საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმ მოტივით, რომ მოქალაქეებს დახმარებოდა, ამ დროს მობილობა გაიზარდა, რამაც გაზარდა რაოდენობა მოუმზადებელი საწოლების ფონზე. შესაბამისად, გადაწყვეტილებებიც არ ვარგოდა და მერე მისი აღსრულება კიდევ უფრო ცუდი და მძიმე იყო. შედეგიც სახეზეა… ერთი სიტყვით, ვითარება ძალიან რთულია, ძალიან.”
კომენტარები