„ალიას“ ესაუბრება ჟურნალისტი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, ბონდო მძინარაშვილი:
– რამდენიმე თვის წინ თქვენ გახდით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი – მეურვე. რა ცვილებები შეიტანეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაში?
– მე მხოლოდ მეხუთე თვეა საზოგადოებრივ მაუწყებელში ვარ და როდესაც მივედი, მაუწყებლის პრიორიტეტები უკვე განსაზღვრული იყო. ბოლო სამ წელიწადში იმდენად განვითარდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, როგორც გადაცემების, ასევე ტექნიკური უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ჯერჯერობით იქ მკვეთრი და რადიკალური ცვლილებების საჭიროება არ არსებობს. მაყურებელი საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველთვის ეყოლება, რადგან იგი ქმნის პროდუქტს ყველასთვის. მარტივი შედარება რომ მოვიყვანოთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი არის მულტიფუნქციური რესტორანი – ჩვენ ვამზადებთ, როგორც ხინკალს და ქაბაბს, ასევე, ბლომანჟესაც, შოკმანჟესაც და ა.შ. ყველაფერს ვამზადებთ. როცა ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ რაღაც გადაცემას არა ჰყავს ამდენი ათასი მაყურებელი, ეს არ არის საზოგადოებრივი მაუწყებლის საზომი, რადგან ამ ქვეყანაში შოკმანჟეს და ბლომანჟეს მომხარებელიც არ არის იმდენი, რამდენიც, უბრალოდ, პურის მომხმარებელი.
– და პურის – ანუ პოლიტიკური გადაცემის შემთხვევაში როცა არ გყავს ათიათასობით მაყურებელი?
– და ვინ თქვა, რომ მხოლოდ პოლიტიკური გადაცემაა პური? საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უმნიშვნელოვანესია პროცესების მიუკერძოებლად გაშუქება, მაგრამ, ამავდროულად უდიდესი მისია აქვს საგანმანათლებლო და შემეცნებითი თვალსაზრისით. ჩვენ უნდა შევაფასოთ, როგორც გადაცემის ხარისხი, ასევე მისი მომხმარებელიც. საზოგადოებაში მოთხოვნა არის აგრესიაზე, რაც სხვა ტელეეთერებიდან იღვრება! აგრესიული დღის წესრიგს საზოგადოებრივი მაუწყებელი მაყურებელს ვერ შესთავაზებს. მისი მიზანი არის საზოგადოების სწორად ინფორმირება.
რაც შეეხება ინიციატივებს, სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს კონსტრუქციული თანამშრომლობის კარგი გამოცდილება გვაქვს. ბოლო სხდომაზე მქონდა წინადადება, კულტურის სამინისტროსთან ერთად გავაკეთოთ ასეთი პროექტი – ყველამ ვიცით, რომ ჰონორარებზე მომუშავე რეჟისორებს და მსახიობებს ძალიან უჭირთ, ხელი შევუწყოთ მათ და თეატრებშივე გადავიღოთ სპექტაკლი. ეს არ იქნება სატელევიზიო სპექტაკლები, ისინი ითამაშებენ თეატრის სცენაზე ჩვეულებრივად, დარბაზში არ იქნება მაყურებელი, მაგრამ იხილავს ტელემაყურებელი, კულტურის სამინისტრომ კი გადაუხადოს მათ ჰონორარი. ამ გზით თეატრალური ცხოვრება არ გაჩერდება. ამ ადამიანებს გარდა მატერიალურისა, მორალური მხარდაჭერაც სჭირდებათ. ეს კოვიდი არსად წასვლას აპირებს, ასე ჩაკეტილები ხომ არ ვიქნებით და გამოკეტილი ხომ არ იქნება თეატრები, გასაგებია, რომ მაყურებელი ვერ დაესწრება დარბაზში, მაგრამ ეს მაყურებელი ამ სპექტალებს ნახავს ტელეეკრანებზე. პირველი არხის მენეჯმენტიც სერიოზულად მუშაობს ამ მიმართულებით. მით უფრო, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან საქმიანი ურთიერთობის შედეგს ყველა ხედავს – ეს არის „ტელესკოლა“, რომელიც საგანმანათლებლო პროცესს სერიოზულად შეეხიდა და მომავალშიც სერიოზულ წვლილს შეიტანს ახალგაზრდების თვალსაწიერის გაფართოებაში.
თამო კეშელავა, ალია
კომენტარები