მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს ოპოზიცია აქციის, პიკეტირების ან სხვა მსგავსი ზომით პროტესტის გამოხატვას არ განიხილავს. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა. „ლელოს“ ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ შეხვედრა ტექნიკური ხასიათისაა.
უდუმაშვილის თქმით, სხდომის პარალელურად გაიმართება დიდი ოპოზიციური შეხვედრა, სადაც გააფორმებენ დეკლარაციას, ასევე ყველა დეპუტატი, რომელიც ცესკო-ს მონაცემებით პარლამენტში შედის, მანდატების დატოვების შესახებ განცხადებას დაწერს.
„მათ შორის, დასალაგებელია ლოჯისტიკური და საორგანიზაციო დეტალები და ამ ყველაფერს ყველა პარტია ერთად გავივლით“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
„ლელოს“ ოფისში შეხვედრა დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ პარტიებმა გადაწყვიტეს, რომ პარლამენტის პირველი სხდომის დროს მეტეხის ეზოში შეიკრიბებიან.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, ოპოზიციური პარტიები მეტეხის ეკლესიის ეზოში შეიკრიბებიან, სადაც პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას ხელმოწერით დაადასტურებენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:
„თარიღი არ ვიცით, რადგან არ ვიცით, როდის ჩატარდება პირველი სხდომა. ადრეც გვქონდა ეს ვარიანტი, მთლიანი ოპოზიციური ფლანგის მეტეხის ეკლესიის ეზოში შეკრება, როგორც ბარიერ გადალახულის, ასევე იმ პარტიების, ვისაც არ გადაალახინეს ბარიერი და ერთობლივი ხელმოწერა იქნება არშესვლასთან დაკავშირებით.
გვაქვს მოლოდინი ჩვენ, პარტნიორებსაც და მოსახლეობასაც, რომ მესამე რაუნდი შედგება, თუმცა ეს უკვე დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე“, მოვა მესამე რაუნდზე საერთოდ, თუ არ მოვა, მიღებული აქვს გადაწყვეტილება თუ არა“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
კომენტარები