“ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე, სხვა გაიდლაინებთან ერთად, დევს ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის გაიდლაინიც. გამომდინარე იქიდან, რომ უპირატესობას პირველწყაროებს ვანიჭებ ხოლმე, ამ გაიდლაინს არ გავცნობივარ აქამდე. ძალიან ბევრ საინტერესო და უცნაურ რეკომენდაციებს წავაწყდი მინდა გითხრათ. მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები:
– არ არის მოცემული ჰოსპიტალიზაციის კრიტერიუმები, არსებული გაიდლაინის მიხედვით შეგიძლიათ დააწვინოთ ყველა, ვისაც მოისურვებთ. აქედან გამომდინარე, აღარ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი გვაქვს 30-35%, ნაცვლად იმისა რომ იყოს 5-10%, მაქსიმუმ 15%.
– საავადმყოფოდან გაწერის კრიტერიუმები იდენტურია იზოლაციის შეწყვეტის კრიტერიუმებისა (10 დღე + 3 დღე უსიცხოდ), არადა პაციენტის ჰოსპიტალიზაცია უნდა შეწყდეს მაშინვე, როგორც კი ვითარება კლინიკიურად გაუმჯობესდება და ჟანგბადის საჭიროება აღარ იქნება – მხოლოდ ასე შევძლებთ საავადმყოფოების განტვირთვას. ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია დღეს!
– სტეროიდებით მკურნალობის რეკომენდაციები ურთიერთგამომრიცხავია, ერთის მხრივ ნათქვამია რომ თითქოს ჯანმო არ უწევს რეკომენდაციას სტეროიდების გამოყენებას და თითქოს სტეროიდები არ ამცირებდეს კოვიდის დროს სიკვდილიანობას, თუმცა შემდეგ მაინც მოცემულია რეკომენდაცია მათი გამოყენების სასარგებლოდ. აქ ცალსახად უნდა ვთქვათ, რომ სტეროიდები არის ერთადერთი ჯგუფი მედიკამენტებისა, რომელთა ეფექტი ცალსახად დადასტურებულია სიკვდილიანობის შემცირების კუთხით და არავითარი ორი აზრი, მისი გამოყენების შესახებ არ არსებობს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცალსახად უწევს რეკომენდაციას სტეროიდების დანიშვნას ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში. ასევე არ არის არანაირი რეკომენდაციები მოცემული, თუ რა ვითარებაში აუცილებლად უნდა დაინიშნოს და რა ვითარებაში არ არის რეკომენდირებული მისი დანიშვნა (ეს კრიტერიუმები ძალიან მკაცრი და ცალსახაა). ამის გამო ხდება, რომ მასიურად ენიშნებათ არაჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს დექსამეტაზონი, რაც ზიანის მომტანია მხოლოდ.
– მოწოდებულია ბევრი სხვადასხვა მკურნალობის მეთოდი, რომელთაგან უმრავლესობის შესახებ არსებობს ან მხოლოდ ნეგატიური კვლევების შედეგები, ან საერთოდ არ არსებობს არანაირი სარწმუნო კვლევები. მაგალითად:
– ტოცილიზუმაბი – უკვე ოთხი, მაღალი ხარისხის რენდომიზირებული კვლევა ჩატარდა, რომელთაც არანაირი დადებითი შედეგი არ აჩვენეს. არც ერთ რენდომიზირებულ კვლევაში პოზიტიური რეზულტატი არ იქნა ნანახი.
– რემდესევირი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ თავის გაიდლაინში ჩაწერა, რომ რემდესევირი არ უნდა იქნას გამოყენებული არც ერთი ტიპის კოვიდინფიცირებულ პაციენტთა ჯგუფში
– ჰიდროქსიქლოროქინი – ჩვენი გაიდლაინის მიხედვით კვლავ განიხილება გამოყენებად პრეპარატად, კლინიკური კვლევის ფარგლების მიღმაც კი! მაშინ როდესაც ჰიდროქსიქლოროქინის სრული უეფექტობა დიდი ხანია მრავალი კვლევით არის დადასტურებული, იგი ამოღებულია ყველა სერიოზული გაიდლაინიდან და პრაქტიკულად კვლევებიც კი შეწყდა, სადაც ჰიდროქსიქლოროქინს შეისწავლიდნენ. ამასთანავე, ჰიდროქსიქლოროქინს აღმოაჩნდა კოვიდპაციენტებში სისცოცხლისთვის საშიში პოტენციური გვერდითი ეფექტები.
– ლოპინავირი/რიტონავირი – რამოდენიმე რენდომიზირებულ კვლევაში არ აღმოაჩნდა არანაირი ეფექტი
– პლაზმაფერეზის და ე.წ. „სისხლის გაწმენდის“ პროცედურები – არანაირი ოდნავ მაინც საიმედო კვლევის შედეგები არ არსებობს, არცერთ საერთაშორისო გაიდლაინში მსგავსი პროცედურები განხილვის თემაც არ არის. შეგახსენებთ რომ ეს პროცედურები საკმაო რისკებთან არის დაკავშირებული.
– ფავიპირავირი – მაღალი ხარისხის კვლევები არ არსებობს, იხმარება კოვიდის საწინააღმდეგოდ ჩინეთში და რუსეთში.
აქ შევჩერდები, რადგან სია გრძელია, სულ უფრო და უფრო დაუსაბუთებელი რეკომენდაციებით. მე ყველას მოგიწოდებთ, რომ პირველწყაროები იკითხოთ, თორემ ამ დოკუმენტით შორს ვერ წახვალთ და პაციენტები დაზარალდებიან.”
კომენტარები