აუდიტის სამსახურის ანგარიშის თაობაზე დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრო დამატებით განმარტებებს აკეთებს.
„რეალური სურათი, რომელიც უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს არის შემდეგი: პანდემიის პირობებში, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების მიზნით, მიმდინარე წელს ცვლილებები შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, რის შედეგადაც 600 მლნ ლარით შემცირდა ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და შემცირდა იმგვარი პროგრამების დაფინანსება, რომელთა ათვისებაც დაწესებული შეზღუდვების გამო აღარ განხორციელდა და აღნიშნული თანხები მაქსიმალურად მიიმართა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიების დასაფინანსებლად, როგორც სოციალური ისე ჯანდაცვის მიმართულებით.
რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ 2020 წლის სექტემბრიდან საქართველოში, ისევე როგორც ევროპის და მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, COVID-19-ის პანდემიის გავრცელება და ინფიცირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, აღნიშნული ტენდენცია კვლავ გაგრძელდა და დღესაც, ბიუჯეტის ხარჯვა მაქსიმალური შეზღუდვებით მიმდინარეობს იმისათვის, რომ არსებული ეკონომიები ერთი მხრივ, მოხმარდეს ანტიკრიზისული პაკეტებით განსაზღვრულ ღონისძიებებს, მეორე მხრივ, მიმდინარე წლის ბოლომდე შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი.
აღნიშნული გადაწყვეტილება განაპირობებს, სახელმწიფოს ხელთ არსებული ყველა მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, მიიმართოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისა და მოსახლეობის სოციალური და ჯანდაცვითი ღონისძიებების მხარდაჭერისკენ“, – აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
კომენტარები