ვინ მოკლა ქართული პოლიტიკის უალტერნატივო ლიდერი და რა ინფორმაციებს ფლობდა თავად გია ჭანტურია? – ბევრი კითხვა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება. თუმცა ეს რომ იყო რუსული სპეცოპერაცია, ამას საქმეში არსებული ბევრი დეტალიც მოწმობს, მათ შორის ჭანტურიას მეგობრებისა და თანაპარტიელების მიერ მოყოლილი ფაქტები.
ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ჭანტურიას მოღვაწეობის წლებში მისი თანაშემწე და ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატის (აედ) ლიდერი იყო, ჩვენთან საუბარში იმ პერიოდის მოვლენების მნიშვნელოვან დეტალებს იხსენებს.
„ეს იყო პრიმაკოვის კაბინეტში დაგეგმილი მკვლელობა. თავად მოყვა გიამ ერთხელ: მივიღე ინფორმაცია, პრიმაკოვის კაბინეტში შენი მკვლელობა გადაწყდაო… მოგვიანებით ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზეც განაცხადა.
ერთ დღესაც (მე მაშინ გიას თანაშემწე ვიყავი) გია მეძახის და თითით მანიშნა, არ მელაპარაკა, მხოლოდ პატარა ყვითელი ფურცელი მიჩვენა და მითხრა რომ წამეკითხა, ზედ ეწერა, რომ იგეგმებოდა მისი მკვლელობა, ასევე ეწერა კონკრეტული პიროვნებები თუ ვინ უპირებდა მოკვლას, ცხადია მათ შორის იყო ერთ-ერთი მინისტრი, ძალოვანი უწყების მაღალჩნოსნები და მაშინდელი გავლენიანი ფიგურა… ამის შემდეგ, გვქონდა დავალება, რომ შეგვეტყობინებინა ინკოგნიტო წყაროს სახელით, და ეს ფურცელი უნდა დაგვეხია. მაშინ იყო სულ რამოდენიმე სააგენტო და თუ არ ვცედები ერთერთი იყო „იფრინდა“. ჩვენ შევატყობინეთ სააგენტოებს, ეს იყო პრევენცია. მაშინ შევთავზე, რომ ჩვენ რამდენიმე ახალგაზრდას გავყვებოდით ხოლმე თან, რაზეც ასეთი პასუხი გამცა: თუ სპეცსამსახურები გადაწყვეტენ, კაცის დაცული კაცი არ გაიშვასო და გაეცინა… ეს ხდებოდა მოკვლამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტია, ეს საუკუნის პოლიტიკური ტეროტირი შედგა… 3 დეკემბერს რუსულმა სპეც სამსახურებმა, მაშინდელი ქართველი ძალოვანი მინისტრების მხარდაჭერით, ქართულ უწყებებში ჩანერგილი აგენტების უშუალო მონაწილეობით, ხელისუფლების შეგნებული დუმილის ფონზე მოკლეს გიორგი ჭანტურია!
თან ნუ გვავიწყდება, ეს ის ვითარებაა, როცა გია ჭანტურია ედუარდ შევარდნაძეს პირდაპირ სთხოვს იმპერატიულად, რომ გადააყენოს ძალოვანი სტრუქტურის მინისტრები, რომლებსაც რუსეთის უშიშროებასთან კავშირში ამხელდა. მაშინ ედუარდ შევარდნაძემ იგორ გიორგიაძეს ღიად მიმართა ერთ-ერთი თათბირზე – რა ხდება, ჭანტურია შენს გადაყენებას მთხოვსო… ერთი სიტყვით, ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკის ისტორია, რომელმაც მაშინ დიდწილად განსაზღვრა ქვეყნის ბედი, შეიძლება ითქვას, რომ მრავალი წლით გადაიწია საქართველოს დასავლეთის მიმართულებით განვითარებამ. ეს იყო შიშველი ხელებით ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებული საქართველოსთვის. ასეთი ბრძოლები საბოლოო ჯამში ქვეყნის და ერის საუკეთესო ნაწილის გამარჯვებით სრულდება, მაგრამ ამ ბრძოლაში მსხვერპლს იღებენ ის ადამიანები, რომლებიც საბოლოდ, თავად ქმნიან ქვეყნის ყველაზე ღირებულ ისტორიას“
წყარო – ნიუპოსტი
კომენტარები