რამდენიმე დღის წინ, მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ, სატელევიზიო ეთერში, საერთო დუხჭირ მდგომარეობაზე ისაუბრა. მომღერალმა აღნიშნა, რომ ბევრია მის მდგომარეობაში:
“წამალი საჭიროა, მეც მჭირდება და დედაჩემსაც. იმ დღეს აფთიაქში შევედი და თავი საშინლად დათრგუნულად ვიგრძენი. როცა დამისახელეს თანხა, ათიდან ექვსი აბი მოვაჭრევინე, რადგან ათს ვერ ვიყიდდი და ასე ვიანგარიშე დანარჩენი წამლებიც” – თქვა მომღერალმა.
როგორც თამრიკო ჭოხონელიძე “პრაიმტაიმს” უყვება, ამ სატელევიზიო ეთერის შემდეგ, მას შეეხმიანენ ემიგრანტები და ფულადი დახმარების გაწევა შესთავაზეს.
თამრიკო ჭოხონელიძე: – ამის არც მერიდება და არც საწუწუნოდ ვამბობ. ჩემი მდგომარეობის შესახებ იმიტომ ვყვები, რომ იმ ხალხს, ვინც მართლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და უჭირს, არ ეგონობოთ, რომ ჩვენ, ვინც ტელევიზიით ვჩანვართ, დალხენილ მდგომარეობაში ვართ. ჩვენც ისევე ვართ, როგორც თითქმის ყველა ჩვენს ქვეყანაში. ეს ჩემი პრინციპია, ვიცხოვრო ისე, როგორც რიგითი მოქალაქე. აქ საერთოდ არ არის მოსატანი ის, რაც აქამდე მიკეთებია.
აფთიაქში პირველად კი არ მოხდა ის, რაც მოვყევი. ეს რეალურად ასე ხდება ხოლმე. ამაზე საუბარი ჩემთვის სათაკილო არ არის. წამალო კატასტროფულად ძვირია. წელებზე ფეხი უნდა დაიდგას ადამიანმა, რომ სხვისი საჩანჩალო არ იყოს და წამლებით არეგულიროს ჯანმრთელობა.
მე ოპერაციები გავიკეთე და მედიკამენტოზურად ჩემი მკურნალობა, ისევ გრძელდება. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საკითხი მოვაგვარო და როგორღაც გავუძღვე.
როგორც კი ტელევიზიით მოვყევი ეს ამბავი, მაშინვე გამომეხმაურნენ ემიგრანტები (მარიამს დაეკონტაქტნენ) და ფულადი დახმარება შემომთავაზეს. უდიდესი მადლობა მინდა მათ ვუთხრა ყველას. არანაირი დახმარების მიღებაზე არ დავთანხმებულვარ და მხოლოდ მადლობა მიიღეს ჩემგან. თუმცა მათ საქციელზე გული ამიჩუყდა და ემოციებისგან ცრემლები წამომივიდა. თვითონ გასაჭირში ცხოვრობენ და ჩემი დახმარების სურვილი გამოთქვეს. საოცარი ხალხია…”
კომენტარები